საქსტატი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის (საქსტატი) მიერ 1 დეკემბერს 2022/2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყანაში სულ 2 302 სკოლა იყო, მათგან 2 086 საჯარო, ხოლო 216 კერძო.
წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.
მოსწავლეთა მონაცემები
საქსტატის ცნობით, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისში 633 300 მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე 1.4%-ით მეტია. მათგან 89.9% საჯარო სკოლებში ირიცხება, 10.1% კი – კერძოში. ამასთან, მოსწავლეთა 48.1% გოგოა, 51.9% კი – ბიჭი.
რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.4%) თბილისში სწავლობს.
საქსტატის ცნობით, 2022/2023 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (ისინი სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 172 217 მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.3%-ით ნაკლებია.
მასწავლებელთა მონაცემები
საქსტატის ინფორმაციით, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სულ 62 296 პედაგოგი იყო დასაქმებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1%0-ით ნაკლებია.
ამავე მონაცემებით, მასწავლებელთა დიდი უმრავლესობა – 87.4% ქალია, 12.6% კი – მამაკაცი.
2021/2022 სასწავლო წელი
2022 წელს საშუალო სკოლა 45 423 მოსწავლემ დაასრულა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.3%-ით აღემატება. დაწყებითი განათლება 60 235 მოსწავლემ მიიღო. ეს მაჩვენებელი წინა წლის მონაცემზე 26.5%-ით მეტია. საბაზო განათლება მიიღო 45 008 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.4%-ით ნაკლებია.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა 8 846-მა მოსწავლემ შეწყვიტა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 25.5%-ით მეტია. სწავლაშეწყვეტილ მოსწავლეთაგან 42.6% გოგოა, 57.4% კი – ბიჭი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)