10 წელიწადში საქართველომ პიზას ინდექსში, რომელიც საშუალო სკოლის მოსწავლეების მოსწრებას და, ამდენად, განათლების ხარისხს ზომავს, ერთით ზედა საფეხურზე რომ აინაცვლოს, განათლებაში ერთობლივი ეროვნული შემოსავლის 5% და ბიუჯეტის 14% მაინც უნდა ჩავდოთ. ამასთან, ამ ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი დაწყებით და საშუალო განათლებაზე წავიდეს. ოღონდ რეალური შედეგის – განათლებული და კონკურენტუნარიანი საზოგადოების – მიღწევას, მხოლოდ ფულის ხარჯვა არ ეყოფა, დემოკრატიული კონსენსუსით შექმნილი კომპეტენტური მთავრობაა საჭირო.
ზურაბ ჭიაბერაშვილი – ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
პიზას 2018 წლის ინდექსის სამივე კატეგორიაში – ესენია წაკითხულის გააზრება, მათემატიკა, მეცნიერება – საქართველო უმდაბლეს, პირველ საფეხურზეა. მიზეზებს შორის ეს მთავარია: მსოფლიო ბანკის 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსწავლე სკოლაში ფორმალურად 12.9 წელს ატარებს, მაგრამ ეს ხარისხიანი განათლების 8.3 წლის ექვივალენტია მხოლოდ.[1]
პიზას ინდექსის სამივე კატეგორიაში მეორე საფეხურზე არიან და საქართველოზე მნიშვნელოვნად უკეთესი მაჩვნებლები აქვთ მოლდოვას, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, უკრაინას, რუსეთს – ჩვენი რეგიონის ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებთან კონკურენციაში შესვლა გვიწევს საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურადაც და კოლექტიურადაც. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსიც ამბობს, რომ 2019 წლისთვის საქართველო ჩამორჩება მსოფლიოს და, მათ შორის, ჩვენივე რეგიონის სხვა ქვეყნებს სამუშაო ძალის უნარებით (125-ე ადგილი 141 ქვეყნიდან), პერსონალის წვრთნის ხარისხით (123-ე ადგილი) და პროფესიული გადამზადების ხარისხით (135-ე ადგილი).[2]
ამ ვითარების შეცვლა პიზას ინდექსის „სარდაფიდან“ამოძრომით უნდა დავიწყოთ და ყველაზე რეალისტური ინდექსში მეორე საფეხურზე ასვლაა – იქ, სადაც ჩვენი რეგიონის ქვეყნების ნაწილია. ამ ეტაპზე ესტონეთთან შეჭიდება, რომელიც არათუ მესამე საფეხურზეა, არამედ ლიდერის პოზიციებს იკავებს და ძველ დემოკრატიებსაც უსწრებს, აზრს მოკლებულია. თუმცა მნიშვნელოვანია ესტონეთის გამოცდილებიდან რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება.
უმაღლეს განათლებასთან შედარებით, ესტონეთში გაცილებით მაღალი იყო საბაზო და საშუალო განათლების დაფინანსება, განსაკუთრებით 2000-იანი წლებიდან მოყოლებული. მხოლოდ 2015-დან გაუთანაბრდა სამივე მაჩვენებელი ერთმანეთს (იხ. გრაფიკი 1). ანუ ესტონეთმა დიდი ინვესტიცია ჩადო სკოლაში. პიზას ინდექსებში ლიდერობა ამ ინვესტიციის შედეგიცაა.
ოღონდ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ განათლებაში ინვესტირებისას ესტონეთის მიზანი ინდექსებში რამდენიმე საფეხურით ზემოთ ასვლა იყო. ეს არც ჩვენი მიზანი უნდა იყოს. ინდექსებში კარგი მაჩვენებელი იმ წარმატებას უნდა ასახავდეს, რასაც ქვეყანა და მისი მოქალაქეები მიაღწევენ და საკუთარ თავზე იგრძნობენ.
მაგალითისთვის: 2006-2010 წლებში ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში საქართველოს დიდი ნაბიჯებით დაწინაურება განხორციელებული რეფორმების ასახვა იყო; დღეს საქართველო ინდექსში პოზიციებს ინარჩუნებს, მაგრამ „რეფორმების ჩემპიონი“ აღარაა და არც მისი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
ესტონეთისა და საქართველოს მიერ განათლებაზე დახარჯულ თანხებს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ ესტონეთი სტაბილურად თავისი ეკონომიკის 5%-ს აბანდებდა განათლებაში, საქართველო კი – 4%-საც არა (იმას თავი დავანებოთ, რომ პროცენტული თანაფარდობის პირობებში ეს თანხები განსხვავებული იქნებოდა ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე). სამთავრობო დანახარჯებში ესტონეთში განათლებას საშუალოდ 14% ეკავა, საქართველოს – 11%.
სიტყვა „დანახარჯი“ განათლებას არც უხდება და სწორედ ამიტომ ზემოთ სიტყვა „ინვესტიცია“ დავწერე. განათლებაში საჯარო ფინანსების ინვესტირების მიზანი უნდა იყოს:
- გავაცნობიეროთ, რომ თავად საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობაა ღირებულება და რომ ამ პროცესში მონაწილეობა გვაძლევს გასასვლელს დემოკრატიულ საზოგადოებად ქცევისათვის საჭირო სხვა ღირებულებებთან;
- ვიყოთ განათლებული მოქალაქეების საზოგადოება, რომლის წევრებს ესმით არა მხოლოდ საკუთარი ინდივიდუალური, არამედ საზოგადოებრივი ინტერესიც და საკუთარი ინდივიდუალური ინტერესის დასაკმაყოფილებლადაც მოქმედებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და საზოგადოების სხვა წევრებთან სოლიდარულად;
- რაც შეიძლება მეტი ადამიანი აღიჭურვოს იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც მას საკუთრი თავის რეალიზაციაში, საკუთრი იდეების განხორციელებაში დაეხმარება.ამ პროცესში ისინი არ აწყდებოდნენ ფინანსურ და გეოგრაფიულ ბარიერებთან დაკავშირებულ უთანასწორობას;
- განათლება თავად იყოს ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი. მას ვუყურებდეთ, არა როგორც ეკონომიკის სხვა სექტორიებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის შექმნის წყაროს, არამედ ეკონომიკის წარმატებულ, მაღალპროდუქტულ სეგმენტს, რომელშიც ადამიანებს თავადაც მოუნდებათ დასაქმება და ინვესტირება.
სწორედ განათლება უფართოვებს ინდივიდს თვითრეალიზაციისთვის არეალს და სწორედ განათლება ზრდის კოლექტიურ ადამიანურ კაპიტალს. კვალიფიციური ადამიანური რესურსის დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა (ფინანსებზე ხელმისაწვდომობასთან ერთად) იმისათვის, რომ ადამიანებმა ერთობლივი ძალისხმევით იდეების წარმატებული რეალიზაცია შეძლონ.
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომისა თუ გლობალური პანდემიების პირობებში განათლებული მოქალაქე თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საყრდენია: ადამიანს, რომელსაც სჯერა მეცნიერული აზრის და სანდო ინფორმაციის მოძიებისა და გადამუშავების უნარი აქვს, ძნელად შეიყვანს შეცდომაში ოკუპანტი სახელმწიფოს იდეოლოგიაზე აგებული პროპაგანდა.
საგანმანათლებლო პროცესმა რომ ასეთი შედეგები მოგვცეს, ფული მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია. მეორე გრაფიკი გვიჩვენებს, რომ ერთ მოსწავლეზე დახარჯული თანხით ესტონეთი, პოლონეთი და სამხრეთ კორეა მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დიდ ბრიტანეთსა და შვედეთს, მაგრამ პიზას ინდექსებში მათი მოსწავლეები ტოლს არ უდებენ ბრიტანელ და შვედ მოსწავლეებს. უსაფრთხოების (თუ საფრთხის) იმ გარემოში, რაშიც ესტონელებს, პოლონელებსა თუ სამხრეთკორეელებს უწევთ ცხოვრება, განათლებული მოქალაქეები თავდაცვისუნარიანობის მყარ საფუძველს ქმნიან.
რა დევს ფინანსებს მიღმა?
მთავრობამ, ვინც არ უნდა იყოს სათავეში, უნდა გააცნობიეროს, რომ ცენტრალიზებული ადმინისტრირებით შედეგს ვერ მივაღწევთ. მან უნდა შექმნას ჩარჩო, რომლის ფარგლებში განათლების მიღების ყველა გზა – ფორმალური სისტემა (სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი), არაფორმალური, თუმცა ორგანიზებულ გარემო (ტრენინგები, ბანაკები, კონფერენციები) და სოციალიზაციის პროცესი (თანაცხოვრება, თვითგანათლება) – ადამიანს გაიყვანს საჭირო უნარებზე, ცოდნასა და კომპეტენციებზე.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ განათლების ფორმალური სისტემა გახდეს ადვილად ადაპტირებადი საქართველოს რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ სახესხვაობებისა და გლობალურ მსოფლიოში მომხდარი ძვრების მიმართ. ამისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს დეცენტრალიზაციას: ადმინისტრაციულს, ფინანსურს, ასევე საკუთრების ფორმების მიხედვით. ბუნებრივია, თუ გვინდა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ამაში მონაწილეობა მიიღონ და სისტემის ადაპტირების უნარი გაზარდონ, თავად მმართველობის დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს.
ყველაფერს, რაც ჩამოვთვალეთ – განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდასა და სტრუქტურულ რეფორმას, ამ სფეროსა და, ზოგადად, მმართველობის დეცენტრალიზაციას ნორმალური, დემოკრატიული პროცესი სჭირდება, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე კომპეტენტურ მთავრობას წარმოშობს და, შეხედულებათა განსხვავებების მიუხედავად, ბაზისური ღირებულებებისა და ინტერესების გარშემო საზოგადოებაში კონსენსუსს აყალიბებს. განათლება ასეთი კონსენსუსის საგანი უნდა გახდეს, თუ გვინდა, რომ ამ ცვალებად და კონკურენტულ სამყაროში ადგილი შევინარჩუნოთ.
2020 წელს საქართველოს მოსახლეობა 3.8 მლნ იყო. გაეროს პროგნოზით 2050 წელს 3.4 მლნ იქნება, 2100-ში – 2.4 მლნ. ბუნებრივი მატების შემცირებას გაზრდილი ემიგრაცია ემატება, რომლის მიზეზი, თავის მხრივ, სიღარიბე და უპერსპექტივობის განცდაა. რადგან საკუთარი თავის რეალიზაციის ასპარეზი ნაკლებია, შესაძლებლობა კი – შეზღუდული, საქართველოს მოქალაქეები სხვაგან ეძებენ მომავალს. ეს კი კიდევ უფრო აქვეითებს ქვეყნის ადამიანურ კაპიტალს, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვეყნის განვითარებისა და მის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევისათვის საკვანძოა.
ამ ვითარების კოლექტიურმა გააზრებამ ცვლილებებისკენ უნდა გვიბიძგოს. ჩვენი ყველაზე ღრმა პრობლემა კი სწორედ იმაშია, რომ ამ ვითარების კოლექტიურ გააზრებასაც განათლების გარკვეული დონე სჭირდება. იმედია, ეს რესურსი საქართველოს აქვს.
[1] იხ. https://www.worldbank.org/en/publication/human-capital
[2] იხ. https://galtandtaggart.com/upload/reports/14673.pdf
This post is also available in: English (ინგლისური)