ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს

Tags

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ისაუბრა.

შეწყალება

ინტერვიუში, რომელიც პირველი არხის ეთერში გუშინ საღამოს გავიდა, პრეზიდენტმა ყურადღება შეწყალების საკითხზე გაამახვილა და თქვა, რომ საკითხის მიმართ ბევრი კითხვა მხოლოდ „ნიშნის მოგებით“ დაისვა. მისი თქმით, მთავარი ყურადღება იმაზე გამახვილდა, თუ რატომ არ ხსნიდა პრეზიდენტი, კონკრეტულად რა გარემოებათა გათვალისწინებით შეიწყალა მან მსჯავრდებულები, რაც მისივე შეფასებით არასწორია.

„ჩვენ მეორე სასამართლო არ უნდა გავმართოთ. ეს არც ოჯახებისთვის არის სწორი და არც მსჯავრდებულებისთვის. ასე რომ, აუცილებელი არის, რომ კონფიდენციალურობა იყოს შენარჩუნებული და, ბოლოს და ბოლოს, ეს არის დისკრეციული უფლება, რომელზეც ახსნა და განმარტება არ შეიძლება“, – განმარტა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „წინასწარ არასწორი იქნება, რომ რომელიმე საქმეზე გითხრათ ან კი, ან – არა. გავითვალისწინებ [საპატრიარქოს] შუამდგომლობას, როგორც ვითვალისწინებ სხვა შუამდგომლობებს და გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებ, იქნება ყველა გარემოების გათვალისწინებით მიღებული“.

დავით გარეჯი

სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხსაც შეეხო. პრეზიდენტმა თქვა, რომ „ყველა მოქმედება საგარეო მიმართულებით არის შეთანხმებული [ხელისუფლებასთან]“. მისივე განმარტებით, „პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი ტერიტორიულ მთლიანობაზე და მათ შორის, საზღვრებზე“.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტები, რომლებიც გვიწერია კონსტიტუციაში დამოკიდებული არის იმაზე, რომ ჩვენს სახელმწიფოს ჰქონდეს აღიარებული საზღვრები. ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს, როგორც პრობლემური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან“, – თქვა პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის შესახებ საკითხის მის მიერ წამოჭრა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა „ძალიან კარგად“ მიიღეს და შესაბამისმა კომისიებმა სამუშაოები განაახლეს. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და „არ არის საჭირო, რომ ეს იყოს გამოტანილი საჯარო სივრცეში და სანამ არ არის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგი, აუცილებელი არის, რომ ეს იყოს დაცული“.

კითხვაზე – „რას ელოდება იგი ამ პროცესისგან“ – პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „საზღვარს, რომელზედაც შევთანხმდებით“. „ის, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის და მომავლისთვის ეს არის აუცილებელი ეტაპი, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ ბოლომდე უნდა შევდგეთ, როგორც სახელმწიფო და ეს მოითხოვს, რომ ჩვენი საზღვრები იყოს ჯერ გარკვეული და შემდგომ დაცული, პირიქით ვერ იქნება“, – დასძინა მანვე.

პოლარიზებული გარემო

პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოზეც გაამახვილა და თქვა, რომ პოლარიზაცია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ „დღევანდელი მსოფლიოს დიდი სენია“, რაც მისივე შეფასებით, „დიდწილად დაკავშირებულია სოციალურ ქსელებთან“.

პრეზიდენტი პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისთვის საკუთარი პლატფორმის გამოყენებას სთავაზობს და ამბობს, რომ იგი მზად არის, რომ სტაბილურობისთვის თავისი როლი ითამაშოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიცია პრეზიდენტის მიერ გამართულ ღონისძიებებზე მისვლისგან მუდმივად თავს იკავებს. 

„ამიტომ გახდა ძნელი, რომ მე ვყოფილიყავი ინიციატორი იმ პროცესის, რომელიც დაწყებულ იქნა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ [ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგს გულისხმობს – რედაქციის შენიშვნა]… ვწუხვარ ამის შესახებ, იმიტომ, რომ, მგონი, ეს არის მაინც სადღაც გაგრძელება იმ ძველი ნეოკოლონიალური მიდგომების. ჯობია, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, ვიდრე ყველაფერში გვჭირდებოდეს უცხოელების ჩართვა და ჩართულობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ოკუპაცია და რუსეთთან დიალოგი

სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კარგად აჩვენებს, რომ რუსეთთან დიალოგის არსებული ტექნიკური ფორმატები „არაფრისმომცემია“ და რომ ისინი „შედეგიანი არ არის“. „ნათელი არის, რომ ბიუროკრატები ვერ იღებენ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რასაც ველოდებით“, – თქვა პრეზიდენტმა და ჟენევის ფორმატისათვის პოლიტიკური შინაარსის დაბრუნების ინიციატივით გამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ პარტნიორებთან უნდა იმუშაოს, რათა კონფლიქტებზე საუბრისას საქართველოც ყველგან იყოს მოხსენიებული.

„როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა მითხრა, რომ აპირებდა ნორმანდიის შეხვედრებს, არაერთხელ გავახსენე, რომ საჭირო იყო საქართველოს საკითხი და ოკუპირებული ტერიტორიები ნახსენები ყოფილიყო და პირველად ორმხრივ, ამილახვრის დიალოგის ფორმატში საფრანგეთმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებს იმ ტერმინებით, რომლებიც ადრე მისი ჩვევა არ იყო“, – თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე განმარტა, რომ თანამედროვე მსოფლიოში „ყველა ყველასთან საუბრობს და დიალოგშია“, ჩვენ კი „ერთგვარ იზოლაციაში“ ვართ და „არ ვსარგებლობთ ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტით“. „ჩვენ ან უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება ან უნდა ვიყოთ ისე, როგორც ვართ დღეს“.

ამ კონტექსტში მან ე.წ. „ნორმანდიის ფორმატი“ დაასახელა და თქვა, რომ თუ იქნება შესაძლებლობა, რომ „საქართველო თავის პარტნიორებთან ერთად დაელაპარაკება რუსეთს, კარგი იქნება“.

ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა საქართველო რუსეთის ფედერაციის მიერ 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრებას, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე მას „პირდაპირი“ პასუხი არ აქვს და ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

„თუ მთელი მსოფლიო იქ ჩავა უკრაინის ჩათვლით და ჩვენი ბევრი სხვა პარტნიორი იქ იქნება, ეს არის გასათვალისწინებელი. ასევე, გასათვალისწინებელია ჩვენი პირდაპირი ურთიერთობები და ასევე ის, თუ რა მდგომარეობაში იქნება ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დროისთვის და რა სიტუაცია იქნება საოკუპაციო ხაზზე“, – დასძინა პრეზიდენტმა.

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია“ და „ჩვენი პერსპექტივა არის ევროპა, ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე“.

„ამავე დროს, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენს ყველა მეზობელთან გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ამ ინტეგრაციის ალტერნატივა არ აქვს. ეს კონსტიტუციაში წერია და ეს არის ის, რაც ჩემთვის არის ყველაზე ღირებული“, – განმარტა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ბოლო დროს გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსაც შეეხო. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ კრიტიკა „გასაგები და საჭიროა“, თუმცა ბალანსის დაცვა აუცილებელია.

„მე ერთადერთ რამეს ვეუბნები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ თუ საზოგადოებაში შეიქმნა განცდა, რომ არადაბალანსებული არის კრიტიკა, ეს აისახება ნეგატიურად ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე“, – დასძინა ზურაბიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button