skip to content
ახალი ამბები

გახარია და ალიევი გარეჯის მონასტრის ეკლესიების გახსნაზე შეთანხმდნენ

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის 11 ოქტომბრიდან გაიხსნება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აზერბაიჯანში 9 ოქტომბერს განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას, განაცხადა.

გიორგი გახარიამ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო პრობლემას „პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართულ მოლაპარაკებაზე „გვერდს ვერ აუვლიდნენ“ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი.

ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დავით გარეჯის მონასტრის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გახარიას ოფიციალური წერილით მიმართა და ტურისტების, მომლოცველებისა და სასულიერო პირებისათვის უდაბნოსა და ჩიჩხიტურის ეკლესიების გახსნაში  დახმარება სთხოვა.

„ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს. და რა თქმა უნდა, მე სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებს და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ჰყოფს, არამედ, აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველზე, ამ ფუნდამენტზე ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, „ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ისტორიული მემკვიდრეობის და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით“.

პრემიერმა საზოგადოებასაც მიმართა და აღნიშნა, რომ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, მოქალაქეებს მართებთ „პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში“.

დავით გარეჯთან დაკავშირებით აზერბაიჯანში გამართული მოლაპარაკებების შესახებ კომენტარი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც გააკეთა. მან ქართული სამღვდელოებისთვის სამონასტრო კომპლექსში შემავალ ეკლესიებზე წვდომის აღდგენას „მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგი“ უწოდა და დასძინა, რომ აღნიშნული დაბრკოლებების მოხსნის პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა სახელმწიფო საზღვრის სადემილიტაციო კომისიის ფარგლებში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთობლივად მივაღწევთ იმას, რომ საკითხი მოგვარდეს ორივე მხარისთვის მისაღებ ფორმებში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესებიდან გამომდინარე“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button