skip to content
ახალი ამბები

პატრიარქისა და სინოდის „არაერთგზის შეურაცხყოფისთვის“ ჭყონდიდის მიტროპოლიტი გადააყენეს

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 31 ოქტომბერს თბილისის საპატრიარქო რეზიდენციაში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავმჯდომარეობდა, 42-მა მღვდელმთავარმა კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის „საჯაროდ, არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების“ გამო, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ეპარქიის მმართველობისგან გაათავისუფლა.

წმინდა სინოდის მიერ 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული სხდომის ოქმის მიხედვით, პეტრე ცაავას მღვდელმოქმედებაც აეკრძალა, ამასთან იგი წმინდა სინოდის წევროსგანაც გათავისუფლდა და მოსანანიებლად „მონასტერში იქნა გამწესებული“.

სინოდის განმარტებით, „კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო“, მღვდელმთავრებმა პეტრე ცაავას სინანულისკენ „ერთხმად მოუწოდეს“, თუმცა მან თავი დამნაშავედ არ ცნო და მონანიების თაობაზე სინოდის მოწოდებას არ დაეთანხმა. სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად ეპისკოპოსი გიორგი კაცია დაინიშნა.

პეტრე ცაავას პასუხი სინოდს

სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა თავად პეტრე ცაავამ, მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც მედიას პირველმა ამცნო და საქართველოს პატრიარქის მიერ მისი მღვდელმთავრობიდან „განყენების“ შესახებ გადაწყვეტილებას „უსამართლო“ უწოდა. მანვე ამის მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვინ ამხილა მან, პეტრე ცაავამ უპასუხა – „სინოდის თავმჯდომარე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“.

სინოდი პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს

სხდომის ოქმის მიხედვით, სინოდის წევრებმა ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზეც იმსჯელეს და „მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით, მისი პრეზიდენტთან მისი შეწყალების შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

გიორგი მამალაძეს, 2017 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა პატრიარქის მდივან- რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისთვის მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში სააპელაციო სასამართლომაც დატოვა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი ამტკიცებდა, რომ იგი ციხეში უდანაშაულოდ იჯდა. ისინი, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც საუბრობდნენ, რის გამოც პრეზიდენტთან მისი შეწყალების მოთხოვნაც რამდენჯერმე დააყენეს, თუმცა უშედეგოდ.

პრეზიდენტთან შეწყალების შუამდგომლობის დაყენების თხოვნით, დეკანოზის ოჯახმა საქართველოს საპატრიარქოსაც მიმართა. დეკანოზის ძმას ამ მოთხოვნით, რამდენიმე თვის განმავლობაში, პროტესტის ნიშნად ჯერ საპატრიარქოსტან და შემდეგ უკვე პარლამენტის შენობასთან კარავიც ჰქონდა გაშლილი. რამდენიმე დღის წინ კი, იგი ამბობდა, რომ თუკი სინოდი მისი ძმის შეწყალების შესახებ საკითხს არ განიხილავდა, იგი დეკანოზის წერილს გაასაჯაროებდა. მას წერილის შინაარსზე უსაუბრია.

სინოდმა მთავარეპისკოპოს იაკობს გაფრთხილება მისცა

სინოდის წევრებმა სხდომაზე მთავარეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზეც იმსჯელეს. სხდომის ოქმის მიხედვით, „არაკორექტული საჯარო გამოსვლის გამო“, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა „სინანული გამოხატა“.

„მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში, მიღებულ იქნას მკაცრი ზომები“, – ვკითხულობთ სინოდის განჩინებაში.

აწ უკვე ყოფილმა ქორეპისკოპოსმა იაკობმა, 26 ოქტომბერს „ტელეკომპანია პირველთან“ სატელეფონო საუბრის დროს თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი შს მინისტრი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაუკავშირდნენ და ილია II-ის გადაყენებისა და მის ნაცვლად, კათოლიკოს-პატრიარქად პატრიარქის თანამოსაყდრის შიო მუჯირის დანიშვნის საკითხის დახმარებას სთხოვდნენ. მანვე პატრიარქის მკვლელობის მცდელობის სურვილზეც მიუთითა, თუმცა ვისი მხრიდან იყო მსგავსი შეთავაზება მას არ დაუკონკრეტებია.

28 ოქტომბერს იაკობი საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქთან შესახვედრად მივიდა. შეხვედრიდან გამოსულმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ იგი ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სინოდზე ყოფილი ქორეპისკოპოსის მიერ პატრიარქის გადაყენებისა და მისი მკველელობის მცდელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე არ უმსჯელიათ. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ, სინოდის წევრებმა განაცხადეს.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button