skip to content
ახალი ამბები

ჩორჩანა-წნელისის მოვლენებზე ერგნეთის შეხვედრა „არსებითი პროგრესის“ გარეშე დასრულდა

12 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთთან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩორჩანა-წნელისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ პოზიციები დღევანდელ შეხვედრაზე უცვლელი დარჩა მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ცხინვალის მონაწილეებისგან „უფრო მეტად კონსტრუქციულ პოზიციას“ ელოდა.

„კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ის შეთავაზებები, რომლებიც აუცილებლად შეუწყობს ხელს ადგილზე სიტუაციის ნორმალიზებას. სამწუხაროდ, ჩვენი პოზიციები კვლავ არ დაემთხვა ერთმანეთს“, – განაცხადა ანთაძემ და აღნიშნა, რომ იმ ქართული საპოლიციო საგუშაგოს დემონტაჟი, რომელიც ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში დაძაბულობის მიზეზი გახდა, არ მოხდება.

აგვისტოს მეორე ნახევარში, საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მიმდებარედ საპოლიციო საგუშაგო მოაწყო. ცხინვალმა პროტესტის ნიშნად, 29 აგვისტოს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დატოვა და ქართული საგუშაგოს მოხსნა მოითხოვა.

უარის მიღების შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა თავიანთი საგუშაგო სოფელ წნელისში მოაწყვეს, შემდეგ კი, დამატებითი საგუშაგოების მოწყობა და უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩორჩანასა და წაღვლის მახლობლად – განაგრძეს.

სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით, ცხინვალის, მოსკოვის და თბილისის წარმომადგენლებმა აგვისტოს ბოლოდან ექვსი ტექნიკური შეხვედრა გამართეს, თუმცა მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ მიაღწიეს.

გარდა ამისა, 4 სექტემბრიდან მოყოლებული, ცხინვალს ჩაკეტილი აქვს სინაგურის (საჩხერის მუნიციპალიტეტი) და ოძისის (ახალგორის მუნიციპალიტეტი) გამშვები პუნქტები, რომელიც ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს.

ანთაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეებმა ჩორჩანა-წნელისის კრიზისთან დაკავშირებული სხვა მოვლენებიც განიხილეს. კერძოდ, მას მხედველობაში ჰქონდა გამშვები პუნქტების დახურვა, რომელიც რეგიონს დანარჩენ საქართველოს უკავშირებს. ანთაძემ აღნიშნა, რომ მონაწილეებმა თბილისიდან გამშვები პუნქტების დაუყონებლივ გახსნა მოითხოვეს, მაგრამ, მისი თქმით, „სამწუხაროდ“ ცხინვალი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

„ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს, რათა მოხდეს ე.წ. გადასასვლელების ფუნქციონირების აღდგენა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდოს თავისუფალი გადაადგილება და ასევე მიეცეთ საშუალება, რომ დაიკმაყოფილონ ყოველდღიური ცხოვრებისეული საჭიროებები“, – განაცხადა ანთაძემ და აღნიშნა, რომ „ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და დაუშვებელია ამ საკითხის დაკავშირება ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ ინსინუაციებთან“.

ანთაძემ ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე მან საქართველოს იმ ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიკითხა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მახლობლად „უკანონოდ დააკავეს“. ანთაძის თქმით, მას უთხრეს, რომ ისინი კარგად არიან და გარკვეული „პროცედურების“ შემდეგ გაათავისუფლებენ. თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე აკავებენ.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ „მისიამ თავისი 24-საათიანი პატრულირების საფუძველზე მოვლენების მიმოხილვა წარადგინა“. „არანაირი არსებითი პროგრესი. თუმცა, მონაწილეებმა მზადყოფნა გამოხატეს, რომ განაგრძონ დისკუსიები დაძაბულობის შემდგომი დე-ესკალაციის თაობაზე“, – წერს მისიის ხელმძღვანელი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button