skip to content
რესპუბლიკის ამბები

რესპუბლიკის მთავრობა კრიმინალთან საბრძოლველად გადამწყვეტ ზომებს მიმართავს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 26 ნოემბერი, N267

ანარქიასთან და დეზერტირობასთან ბრძოლა

მიმდინარე წლის 11-სა და 12 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობითა და მინისტრის ამხანაგის პარმენ ჭიჭინაძის, რესპუბლიკის ადმინისტრაციის ინსპექტორის ს. გეგელაშვილის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის დირექტორის იას. აფაქიძის, სენატის პროკურორის ან. გელაზარაშვილის, სამოსამართლო პალატის პროკურორის ტატიშვილის, სახაზინო პალატის უფროსის, ჭიათურისა და ლეჩხუმის გადასახადთა ინსპექტორების, გენერალური შტაბის უფროსის, ერობათა ცენტრალური ბიუროს წევრების გრიგოლ ლორთქიფანიძის და ისიდორე სტურუას, რესპუბლიკის ყველა მაზრის კომისრისა და მილიციის უფროსის, გარდა ოზურგეთის მაზრის კომისრისა, და ტფილისისა და ფოთის ქალაქების მილიციის უფროსების თანდასწრებით შინაგან საქმეთა სამინისტროში შესდგა თათბირი ანარქიასთანა და დეზერტირობასთან ბრძოლის ზომათა მისაღებად და დადგინდა:

ყაჩაღობასთან ბრძოლა

  1. დაუყონებლივ ეცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ ყაჩაღთა სია,  რაიცა გადაეცეს ყველა სამაზრო კომისრებს, მათ სიაში შემდეგის დაგვარად იქნეს აწერილი შესაპყრობ პირთა გარეგნობა.  2. ყაჩაღები და მათი მფარველნი, ან წამქეზებელნი, როცა მათ წინააღმდეგ საკმაო საბუთი არ მოიპოვება პასუხისგებაში მისაცემათ, გადასახლებული იქნენ მაზრიდან, ან რესპუბლიკის საზღვრებიდან. 3. საზოგადოებრივი მყუდროების უზრუნველსაყოფათ მოხდეს ხალხის საყოველთაო განაირაღება, გარდა ჯარის და სახალხო გვარდიისა (პირველ მსოფლიო ომიდან დაბრუნებულ ქართველ მონაწილეთა უმრავლესობას ფრონტიდან წამოღებული იარაღი გააჩნდა, რაც დესტაბილიზაციისა და კრიმინალის საფრთხეს ამძაფრებდა – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა). 

სოფლად ჩამოერთვას თოფები:

  1. რუსული სამხაზიანი ნიმუშის 1891 წ.  2. ბერდანკები 4.2 ხაზიანი, 3. გერმანული მაუზერი,  4. ოსმალური მაუზერი, 5. ავსტრიული მაუზერი, 6. ამერიკული ვინჩესტერი, 7. ფრანგული ლებელი, ინგლისური და სხვა. საზოგადოთ ცეცხლმსროლელი ჭახრაკიანი თოფები, რომლებიც იხმარება როგორც ჩვენს ლაშქარში, აგრეთვე უცხოეთშიაც.

რევოლვერები:

  1. ნაგანი, 2. მაუზერი, 3. პარაბელიუმი, 4. კოლტი, 5. ბრაუნინგი დიდი კალიბრისა, 6. და ყველა მაუზერის ფიშტო. ხოლო ქალაქებში ჩამორთმეული იქნეს ყოველგვარი იარაღი. ჩამორთმეული იარაღი უნდა გაგზავნილ იქნას საარტილერიო საწყობში და ამ მიზნით ადგილობრივ გადაეცეს აღმრიცხავის უფროსს, რაც დაუყონებლივ უნდა ეცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიას.

მილიციის ორგანიზაცია

  1. ყოველგვარი ზომები იქნეს მიღებული მილიციის შემადგენლობის გასაწმენდათ არასაიმედო პირთაგან. 2. მოკლე ხანში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაარსდეს მცირე ვადიანი კურსები მილიციელთათვის. 3. მიღებული უნდა იქნენ მხოლოდ წერა-კითხვის მცოდნენი. 4. საერთო კანონით იქნეს მიღებული, რომ სათემო მილიციაში არ იქნენ მიღებული ადგილობრივი მცხოვრებნი. 5. თემის მილიცია პირდაპირ ემორჩილება რაიონის მილიციას, ხოლო ეს უკანასკნელი – მაზრის მილიციის უფროსს. მაზრის მილიციის უფროსის თანაშემწისა და რიონის უფროსის კანდიდატურას ადგენს მაზრის მილიციის უფროსი და ამტკიცებს მაზრის ერობის გამგეობა. 6. სისხლის სამართლისა და საზოგადოებრივი უზრუნველყოფის საქმეში ქალაქების მილიცია, გარდა ტფილისის ქუთაისის, ფოთისა და სოხუმის, ემორჩილება მაზრის მილიციის უფროსს. 7. კომისრებმა და საზოგადოთ მილიციის მოხელეებმა უსათუოდ უნდა იქონიონ სასჯელთა დებულებისა და სისხლის სამართლის წარმოების წიგნები, ან ვრცელი ინსტრუქცია.

ჯამაგირი მილიციის მოხელეთათვის

  1. თათბირი სასურველათ სცნობს დამყარდეს შემდეგი ჯამაგირი: მაზრის რევიზიის უმცროს მილიციელს 1 500 მანეთი. თემისას 1 200 მანეთი. ცხენოსანს დამატებით მიეცეს ფურაჟის ფულათ 500 მანეთი. თემის მილიციელს 1 400 მანეთი. თემის მილიციელები იქნებიან ფეხოსანი.  2. რაიონის მილიციის უფროსი 2 500 მანეთი ფურაჟით. 3. მაზრის მილიციის უფროსს 4 200 მანეთი ფურაჟით, მის თანაშემწეს 3 500 მანეთი.

ფორმა მილიციისათვის

  1. წინადადება მიეცეს ყველა მაზრის კომისარსა და მილიციის უფროსს ყოველივე კვლევა-ძიება დამნაშავითურთ 24 საათში გადაეცეს გამომძიებელს, ხოლო, როცა გამოძიებული უნდა იქნეს მძიმე დანაშაული, დასახელებულ ვადაში გამომძიებელს გადაეცეს ტუსაღი და მოკლე ოქმი; დამატებით საჭირო ცნობები კი, შეკრებილი მილიციის უფროსის მიერ, გაეგზავნოს გამომძიებელს უახლოეს ვადებში. 2. ოქმები შედგენილი უნდა იქნენ თანახმათ ტფილისის სამოსამართლო პალატის პროკურორის გელაზარაშილის მიერ შედგენილი ინსტრუქციისა, 3. საჭიროა გამომძიებელთა რიცხვი გამრავლებული იქნეს, 4. სასურველია საგანგებო სასამართლოს დადგენილების მე-5 მუხლი შეიცვალოს ისე, რომ ყოველი მძიმე დამნაშავე არ იქნეს განთავისუფლებული  სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.

გადასახადის აკრეფა

  1. გადასახადის აკრეფის საქმეში მიღებული იქნეს რადიკალური ზომები, რომ ახალწლამდის, ყოველ შემთხვევაში, არა უგვიანეს იანვრისა, აკრეფილი იქნას ყველა გადასახადი.

დეზერტირებისა და მორიგ გასაწვევ ახალგაზრდათა შეკრება

  1. დეზერტირები და ჯარში ახალ გასაწვევი ახალგაზრდობა ლაშქარში შეგროვილი იქნეს და გადაეცეს აღმრიცხვის უფროსს. წამქეზებელ მშობელ და დამფარველთა წინააღმდეგ მიღებული იქნეს რადიკალური ზომები, პასუხის გებაში მიცემით თანახმათ დეკრეტისა

მსგავსი/Related

Back to top button