skip to content
ახალი ამბები

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეს სიძულვილით მოტივირებული ძალადობისა და მასობრივი თავდასხმის ორგანიზებაში ედება ბრალი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 წლის საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჩხიკვიშვილი, ცნობილი მეტსახელებით “მეთაური ყასაბი” და “მიშკა” დაკავებულია და ბრალი წარედგინება სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ორგანიზებასა და მასობრივი ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვაში. ჩხიკვიშვილი სავარაუდოდ “მანიაკი მკვლელის კულტის” ლიდერია; აღნიშნული წარმოადგენს საერთაშორისო ნეონაცისტურ ექსტრემისტულ დაჯგუფებას, რომელიც მისდევს ნეონაცისტურ იდეოლოგიას და “მხარს უჭერს ძალადობას და ძალადობრივ აქტებს რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემის და სხვა იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც “არასასურველებად” მიიჩნევიან,” ამბობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი.

ჩხიკვიშვილი ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. იგი 6 ივლისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში დააკავეს. ბრალდებებს შორის, რომლებიც მას ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში წარედგინა, არის სიძულვილის ხელშეწყობა, ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, და მუქარისშემცველი კომუნიკაციის დამყარება.

აშშ-ს პროკურატურის განცხადებით, ჩხიკვიშვილი ქირაობდა სხვებს ხანძრების გასაჩენად და აფეთქებების მოსაწყობად. მას დაგეგმილი ჰქონდა თავდასხმის მოწყობა ახალი წლის ღამეს. მისი გეგმის თანახმად, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი ბრუკლინში მცხოვრებ რასობრივ უმცირესობებსა და ებრაელ ბავშვებს მოწამლულ კანფეტებს დაურიგებდა. “ჩხიკვიშვილს განზრახული ჰქონდა, რომ მისი თავდასხმა “ბრეივიკზე ფართომასშტაბიანი” ყოფილიყო. საუბარია ანდერს ბერინგ ბრეივიკზე, ნორვეგიულ ნეონაცისტზე, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში მოწყობილი აფეთქებისა და ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად 77 ადამიანი მოკლა,” აღნიშნულია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

ბრალდებაში მიმოხილულია ჩხიკვიშვილის საქმიანობა. მათ შორის საუბარია 2021 წელს მის მიერ გავრცელებულ მანიფესტზე, სადაც წახალისებულია მასობრივი ძალადობა და გაწერილია თავდასხმების მოწყობის გეგმები.

2022 წლის ივლისიდან ჩხიკვიშვილი სავარაუდოდ სხვებს მოუწოდებდა სიძულვილით მოტივირებული და სხვა ტიპის ძალადობის ჩადენისაკენ. ამისათვის იგი ძირითადად დაშიფრული მობილური შეტყობინებების პლატფორმებს იყენებდა. ამას იგი “მანიაკი მკვლელის კულტის” სახელით აკეთებდა. მისი გეგმები, მათ შორის მიმდინარე წლის ახალ წლის დღესასწაულზე მოწამლული კანფეტებით მასობრივი თავდასხმის შესახებ, აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის (FBI)-ის ფარულმა აგენტმა გამოააშკარავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button