Placeholder canvas
ახალი ამბები

TI-მ ევროპარლამენტარებს საქართველოში „დემოკრატიის ხარისხის შემცირების“ თაობაზე აცნობა

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ევროპარლამენტის წევრებს წერილობით მიმართა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, „უკანასკნელ წლებში ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება“.

ეკა გიგაურის წერილს წინ მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება უძღოდა, რომელიც 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი საპარლამენტო ოპოზიციის 44-ვე დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა ცვლილებების მომხრე უმრავლესობის მხოლოდ 57 დეპუტატი აღმოჩნდა, რაც საკმარისი არ იყო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ჯამში 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

15 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ეკა გიგაურმა განმარტა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები „აშკარად ძირს უთხრის ქვეყნის სვლას უფრო პლურალისტული და წარმომადგენლობითი დემოკრატიის მშენებლობისაკენ და საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ სახელმწიფოს მიტაცების მორიგი ნიშანია“.

„კერძოდ, საყოველთაო მოლოდინის საპირისპიროდ, მმართველმა საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა საარჩევნო სისტემის დაპირებულ ცვლილებაზე, რომელიც არსებული მანკიერი შერეული სისტემიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ეს დაპირება ამ ზაფხულს ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების მასობრივი პროტესტის მონაპოვარი იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

გიგაურის შეფასებით, მმართველმა პარტიამ ერთგვარი სპექტაკლი დადგა, თითქოს მაჟორიტარი დეპუტატების დიდი ნაწილი, რომლებიც თავადვე იყვნენ ამ ცვლილებების ინიციატორები, მმართველ პარტიას „აუჯანყდნენ“. „ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ სინამდვილეში ეს იმთავითვე დადგმული წარმოდგენა იყო, რომლის უკან მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას“, – აღნიშნა მანვე.

„მოვლენების დინამიკა ყოველ წუთს იცვლება და ახალ ძალას იძენს. მოსალოდნელია, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებმა პოლიტიკურ კრიზისამდეც კი მიგვიყვანოს, რის შედეგადაც უკვე გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ეს კი მნიშვნელოვან სირთულეებს შეუქმნის ოპოზიციურ პარტიებს, ასეთ მოკლე დროში პარტიული საქმიანობისა და რესურსების მობილიზების კუთხით“, – აცხადებს გიგაური.

„არ შეიქმნათ ილუზია და არ მოტყუვდეთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებით, რომ პარლამენტის მიერ ცვლილებებზე უარის თქმა შიდაპარტიული დემოკრატიის დემონსტრირება იყო“, – მიმართა მან ევროპარლამენტარებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button