ახალი ამბები

ივანიშვილი „იმედგაცრუებულია“ ქართული ოცნების საკონსტიტუციო ინიციატივის ჩავარდნის გამო

Tags

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „იმედგაცრულებულია“ პარლამენტში ქართული ოცნების საკონსტიტუციო ინიციატივის ჩავარდნის გამო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით, ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებდა.

ივანიშვილი, პარლამენტში დღეს ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების საკონსტიტუციო ინიციატივა „ძირითადად მაჟორიტარების წინააღმდეგობის გამო“ ჩავარდა და დასძენს, რომ „არავისთვის დასამალი არ არის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეა მაჟორიტარ დეპუტატებში არასდროს სარგებლობდა დიდი პოპულარობით“.

ამავდროულად, მმართველი პარტიის თავმჯდომარე განცხადების დიდ ნაწილს საპარლამენტო ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბარს უთმობს.

ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ ჯერ კიდევ 2017 წელს „აგრესიული ბოიკოტი“ გამოუცხადა ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც 2018 წელს ახალი კონსტიტუციის მიღებით და 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით დასრულდა.

მისივე თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა „სატელიტმა ორგანიზაციებმა“ „გაუთავებელი დესტრუქციით“, „ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობით“, „აგრესიული რიტორიკით“, „ცინიზმით“, „ქილიკითა და პირადი შეურაცხყოფით“ უპასუხეს მმართველი პარტიის წლევანდელ საკონსტიტუციო ინიციატივასაც, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას ითვალისწინებდა და რომლითაც თავად ივანიშვილი 2019 წლის ზაფხულში, „საზოგადოების ნაწილის სამართლიანი პროტესტის“ პასუხად გამოვიდა.

„საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ“, – წერს ივანიშვილი.

ის ასევე ადანაშაულებს ოპოზიციას იმაში, რომ მან „ყველაფერი გააკეთა“, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში მიღწეული „მყიფე კონსენსუსი“ დარღვეულიყო.

ივანიშვილი 12 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აცხადებს, რომ როდესაც სესიაზე კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა „პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა“, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ქართული ოცნების დეპუტატებს „პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს“. „როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება“, – აცხადებს იგი.

„მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ… რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა“, – წერს ივანიშვილი.

„ჩემს გუნდთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიქნები გარანტი, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი გახდება შეუქცევადი. 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამის წინაპირობა და თვალსაჩინო მაგალითი იქნება“, – ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე და იქვე აღნიშნავს, რომ „უნაკლო საარჩევნო სისტემები არ არსებობს“ და რომ „პანაცეა არა საარჩევნო სისტემა, არამედ დემოკრატიაა“, რომელმაც „უნდა უზრუნველყოს მთავარი – ხელისუფლების წყარო ხალხია და მისი ნება დაუბრკოლებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში“.

ორდღიანი ხმაურიანი განხილვების შემდეგ, პარლამენტმა, 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტი პირველი მოსმენით დღეს ჩააგდო.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისათვის 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიციის სრული შემადგენლობის მხარდაჭერა ჰქონდა (44 დეპუტატი). შესაბამისად, კანონპოექტის მისაღებად ქართულ ოცნებას ჯამში საკუთარი 104 დეპუტატიდან 69-ის ხმა სჭირდებოდა. თუმცა, საბოლოოდ, საკონსტიტუციო ცვლილებებს უმრავლესობის მხოლოდ 57 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

37-მა დეპუტატმა, რომელის სხდომას ესწრებოდა, კეჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ყველა მათგანი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

მმართველი პარტიის საკონსტიტუციო ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ, რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და თანამდებობიდან გადადგა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button