skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ნარკოტიკული დანაშაულის გამოგონილ ბრალდებებზე საუბრობენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები (სსო) „ქართულ ოცნებას“ სამოქალაქო პროტესტის ჩახშობასა და აქტივისტების დევნაში ადანაშაულებენ, რისთვისაც ისინი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის ბრალდებებს იგონებენ. სსო-ების თქმით, ხელისუფლების მიზანი არა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ „საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია, პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ შურისძიება, საზოგადოების დაშინება და, საბოლოო ჯამში, რეჟიმის არსებობის შენარჩუნებაა“.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს, როდესაც „ქართულ ოცნების“ მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევასა და დიდწილად ადმინსტრაციული ბრალდებით მომიტინგეების დაკავებებს მწვავე რეაგირება მოყვა – ოთხ აქტივისტს, გიორგი ახობაძეს, ნიკოლოზ კაციას, ანტონ ჩეჩინსა და თედო აბრამოვს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვისა და შეძენის ბრალი წარუდგინეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ეს ბრალდებები ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

10 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ამ საქმეებიდან სამში აშკარა საერთო მახასიათებლებზე მიუთითა და პროკურატურის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება. ეს საერთო მახასიათებლებია:

  1. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა „კონფიდენციალური წყაროს“ მიერ მოწოდებული ე.წ. „ოპერატიული ინფორმაცია“;
  2. ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს ორდერის გარეშე, მაგრამ ჩხრეკის კანონიერების ცნობა ფაქტის შემდეგ ხდებოდა;
  3. ჩვენებების მიცემა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და მასთან დაკავშირებული მოწმეების მიერ;
  4. ჩხრეკისას ნეიტრალური მოწმეების ან ვიდეოჩანაწერების არარსებობა; ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთ მოწმეებს პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს;
  5. სასამართლო კონტროლი ჩხრეკა-ამოღების პროცესზე უკიდურესად ფორმალურ და არაეფექტიან ხასიათს ატარებს, სასამართლოს განჩინება ჩხრეკა-ამოღების კანონიერად ცნობის თაობაზე გამოაქვს ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების უგულებელყოფით;
  6. წინასწარი პატიმრობა სათანადო დასაბუთების გარეშე იყო გამოყენებული, რაც ბრალდებულებს სამართლიანი დაცვის უფლებას ართმევდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა სანდრო ბარამიძემ ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქტივისტებისთვის ნარკოტიკების „ჩადების“ პრაქტიკა კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მან შვიდ საქმეზე მიუთით, რომლებშიც საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა წააგო მსგავსი ბრალდებით. ამის თვალსაჩინო მაგალითია, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, კობიაშვილის საქმე საქართველოს წინააღმდეგ, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კობიაშვილის საქმის განხილვა მთლიანობაში უსამართლოდ და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით ჩატარდა.

სამოქალაქო პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ საჯაროდ დაასახელა პირები, რომლებიც სავარაუდოდ პასუხისმგებელნი არიან აქტივისტების წინააღმდეგ საქმეების გაყალბებაში. სიაში შედიან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც, ლომჯარიას თქმით, პირდაპირ როლს ასრულებდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში. ამ თანამდებობის პირთა სია ასეთია: შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები – ლევან ტაბიძე, ალექსი კობერიძე, რევაზ ზირაქაშვილი, გიორგი ხარგელია, გიორგი გურეშიძე, გიორგი ლობჟანიძე, გრიგოლ კაჭკაჭაშვილი, პაატა მჭედლიშვილი, ლაშა თავაძე, ემილ კუპრავა, მირზა ჯაფარიძე, ლაშა ხარხელაური, გიორგი როსოფიძე, არჩილ ნაცვლიშვილი, ედგარ ოგანესიანი, გიორგი ჩიკვაიძე, ზურაბ რუსიშვილი; პროკურორები – შმაგი გობეჯიშვილი, ნუგზარ ჭიტაძე; მოსამართლეები – არსენ კალატოზიშვილი, სპარტაკ პავლიაშვილი, ლელა მარიდაშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, მზია გარშაულიშვილი, ნანა შამათავა.

ახობაძე, კაცია და ჩეჩინი პატიმრობაში რჩებიან და მათი საქმეები კვლავ განხილვის პროცესშია. უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ეს საქმეები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რეპრესიების ფართო ტენდენციის მაჩვენებელია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button