skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი: 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ივანიშვილის განმარტებით, სწორედ ქართული ოცნება იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატორი, თუმცა პარტიების „გაძლიერების“, „კრისტალიზაციისა“ და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის განისაზღვრა, რომ ამ სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი 2024 წლისთვის იქნებოდა.

„მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა. დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა ხელისუფლების მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებიც განმარტა და განაცხადა, რომ ამის უპირველესი მიზეზი საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობის „სურვილი და მზაობა“ იყო, „აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა“.

„ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა მანვე.

ივანიშვილის განმარტებით, შუალედურმა არჩევნებმა ყველა დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა“ და „თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს“, რაც შესაძლოა, ოცნების პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდეს მაგრამ „ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს“.

ივანიშვილისვე განმარტებით, ამ გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი, ის „მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევებია“, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას და რასთან გამკლავებასაც, „ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება“ სჭირდება.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთნ, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას“, განაცხადა ივანიშვილმა.

მანვე 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენების დროს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ ამას სამართლებრივი შედეგიც უნდა მოჰყვეს. „უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა“, – ხაზი გაუსვა ივანიშვილმა.

ამბის წინაისტორია

სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

საზოგადოების პროტესტი საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეის ფარგლებში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მის სტუმრობას მოჰყვა, სადაც მან პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა და დამსწრეებს იქიდან მიმართა.

აღნიშნულს საპარლამენტო ოპოზიციის მყისიერი პროტესტი მოჰყვა. შესვენების დროს, მათ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს და განაცხადეს, რომ იქ რუს დეპუტატს არ მიუშვებდნენ. შედეგად, სხდომა საერთოდ ჩაიშალა, რუსმა დეპუტატებმა კი საქართველო დატოვეს.

იმავე დღეს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, შეკრებილები რუსულ ოკუპაციასა და საქართველოს ხელისუფლების კოლაბორაციონიზმს აპროტესტებდნენ და პარლმენტში განვითარებული მოვლენების გამო ხელისუფლებისგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ.

პარლამენტთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტში შესვლა სცადა, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოდ, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეს.

აქციის დაშლის შედეგად 240 ადამიანის დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები და სამართალდამცველები. აქციის მონაწილეების ნაწილმა მძიმე დაზიანებები მიიღო, რამდენიმე მათგანმა კი ნასროლი რეზინის ტყვიის გამო თვალი დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის 305 ადამიანი დააკავეს. მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ნაწილი გათავისუფლდა, ნაწილის სასამართლო პროცესი კი ამ დრომდე არ გამართულა.

სამართალდამცველების მხრიდან აქციის ძალისმიერი მეთოდების დაშლას საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. უკვე 4 დღეა, რაც პარლამენტის წინ აქციები იმართება, სადაც შეკრებილები შს მინისტრის გადადგომას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა კი – სწორედ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხებოდა.

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. დეპუტატის მანდატზე უარი მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმაც დატოვა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და რუსულ ტუროპერატორებს საქართველოში ტურების გაუქმების რეკომენდაციით მიმართა.

ასევე ნახეთ:

24/06/2019 – პარლამენტის წინ აქციის მეოთხე დღე დასრულდა;

23/06/2019 – მმართველ გუნდში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს აფასებენ;

23/06/2019 – საქართველოში ჩამოსული რუსები პუტინის ბრძანებას უგულებელყოფენ;

23/06/2019 – შსს დემონსტარნტებს აფრთხილებს, აქციის ორგანიზატორები კი, პროვოკაციებზე საუბრობენ;

21/06/2019 – შსს: სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილეა დაკავებული;

21/06/2019 – პუტინი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას კრძალავს და ტურისტების გაყვანის დავალებას იძლევა;

21/06/2019 – საქართველოს პრეზიდენტმა 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა;

21/06/2019 – „ნუ გვესვრი!“ – ჟურნალისტების პროტესტი თბილისსა და რეგიონებში;

21/06/2019 – შსს: სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილეა დაკავებული;

21/06/2019 – არასამთავრობოები: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებაა;

21/06/2019 – ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს;

21/06/2019 – ჯანდაცვის სამინისტრო: საპროტესტო აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა;

20/06/2019 – პოლიციამ აქცია ცრემლსადენი აირითა და რეზინის ტყვიებით დაშალა;

20/06/2019 – არასამთავრობოები ხელისუფლებისგან პრორუსული ძალების „ფორსირებულ შეტევაზე“ დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ;

20/06/2019 – „სირცხვილია“ – ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტთან;

20/06/2019 – პარლამენტში რუსი დეპუტატის ქმედებას მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button