skip to content
ახალი ამბები

TI საქართველო 2024 წელს მედიის მიმართ ძალადობის საგანგაშო ზრდას აფიქსირებს

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 30 დეკემბერს მედიის მიმართ ძალადობის შემთხვევებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეაგირებაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშმა 2024 წელი შეაფასა, როგორც საგანგაშო და ხაზი გაუსვა საქართველოში ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შემაშფოთებელ ზრდას. ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ მიმდინარე წელს ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმის 200-მდე შემთხვევა და მედიის დაშინებისა და გაჩუმების მცდელობა დაფიქსირდა. ეს თითქმის ხუთჯერ გაიზარდა 2023 წელთან შედარებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა ხუთ კატეგორიაში გამოავლინა, მათ შორის: ღია თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე; ჟურნალისტების უკანონო დაკავება და დაჯარიმება; მედიის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდო მუქარის, ზეწოლისა და დაშინების მცდელობები; პარლამენტის მიერ აკრედიტაციის წესის მედიის წინააღმდეგ გამოყენება; მართლმსაჯულების მედიის წინააღმდეგ გამოყენება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ძალადობას ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც პროევროპული საპროტესტო აქციებს აშუქებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საპროტესტო აქციების დროს მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა, მათ შორის იყო „მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა“.  ჟურნალისტებზე ძალადობდნენ არა მხოლოდ სამართალდამცავები, არამედ ე.წ. „ტიტუშკები“. ანგარიშში ხაზგასმულია მაკა ჩიხლაძეზე, გიორგი შეწირულზე და გურამ როგავაზე თავდასხმევის ყველაზე სერიოზული შემთხვევები.

ორგანიზაციის თქმით, „ჟურნალისტებისთვის მძიმე იყო მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეც, რა დროსაც, “მედიაჩეკერის” ცნობით, საქმიანობაში ხელი მედიის 70 წარმომადგენელს შეუშალეს“.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ნოემბრიდან მოყოლებული კომუნიკაციების კომისია ინარჩუნებს უარყოფით პოზიციას საქართველოს კრიტიკული მედია მაუწყებლების მიმართ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რა დროსაც „კომისიამ ქართული ოცნების საჩივრების საფუძველზე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელევიზიებს სამართალდარღვევის არაერთი სადავო ოქმი შეუდგინა“. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „მართალია, წინასაარჩევნო პერიოდში, კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი პროსამთავრობო მაუწყებლებსაც შეუდგინა, თუმცა, მთლიანობაში, ეს ვერ დააბალანსებს იმ გამოუსწორებელ ზიანს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით კრიტიკულ ტელევიზიებსა და ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს მიადგა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია წელსაც გამოითხოვა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც 9-ზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, 1 სისხლის სამართლის საქმეზე კი – გამოძიება შეწყვიტა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხიდან არ ჩანს, მივიდა თუ არა რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავე პირები“.

„მედიის მიმართ დანაშაულების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობა და არაეფექტიანი ფუნქციონირება სახელმწიფოს მიტაცების თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ერთი პარტიის გარშემო კონცენტრირებული ხელისუფლების სხვადასხვა შტო, მხოლოდ ამავე პარტიის ძალაუფლების გამყარების მიზნებს ემსახურება და აცდენილია მის მთავარ დანიშნულებას, რაც საზოგადოების ინტერესების მიუკერძოებელ მსახურებას ნიშნავს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button