ძველი ამბები

რესპუბლიკის სენატის პირველი სხდომა გაიმართა

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 24 ოქტომბერი, N240

საქართველოს სენატის გახსნა

ისტორიული დღე

გუშინ საქართველოს დედაქალაქმა ჩუმი, მაგრამ მრავალმნიშვნელოვანი და უდიდესი ერთი ისტორიული დღე კიდევ იხილა.

აღსრულდა დიდი ხნის ზრახვა; აღსრულდა თავისუფლებისათვის ბრძოლაში დამაშვრალ საქართველოს დემოკრატიის მისწრაფება:

მისი ტანჯვა-წამებით დაწყებული და გადატანილი ბრძოლა თავისუფალ ცხოვრების დასამყარებლათ დემოკრატიამ გუშინ ბრწყინვალეთ დააგვირგვინა.

დემოკრატიულ სასამართლოს სწორკანონიერების დამცველ ორგანოს შექმნის მისწრაფებამ ხორცი შეისხა.

გუშინ ეს აშკარად გამოსჭვიოდა იმ დარბაისლურ სიჩუმეში, რომელიც მომენტის სიდიადის შეგნებას და დემოკრატიულ ფართე წრეების, მისი წარმომადგენლების სახით, სენატის გახსნის ფაქტით კმაყოფილებას მოასწავებდა.

სენატის გახსნა

სამოსამართლო დაწესებულებათა შენობაში (დღევანდელი უზენაესი სასამართლოს შენობა – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) მოხდა საქართველოს სენატის საზეიმო გახსნა 23 ოქტომბერს, 1919 წ.

სენატის მაგიდის უკან კედელთან მოთავსდენ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი გეგეჭკორი, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგები ალექსანდრე ლომთათიძე და ექვთიმე თაყაიშვილი, მინისტრის ამხანაგები, ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი, ქალაქთა კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ ელიავა და სხვა.

დარბაზში მარჯვენა მხარეს მოთავსდა ნაფუც-ვექილთა კოოპერაცია, მარცხნით პრესის წარმომადგენელნი, შესავლის ორივე მხარეს დაწესებულებათა წარმომადგენელნი და გარეშე პირნი.

სენატის მდივანი კითხულობს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონის მუხლს სენატის შემადგენლობის შესახებ.

სენატის თავმჯდომარის დავით ხელთუფლიშვილის სიტყვა

საქართველოს სასამართლოს გვირგვინი ედგება სენატის გახსნით, რომლის შექმნა შეუძლებელი იყო რევოლუციის დროს. ძალა უფლების დემოკრატიის ხელში გადასვლის შემდეგ მყარდება ახალი უფლებრივი წესწყობილება, რომელიც ახალ პრინციპებზე და განახლებულ კანონებზე მყარდება. დადგა დრო კანონიერების დაცვისა მართველობის ყოველ დარგში. სენატი დაიცავს არსებულ წესწყობილებას, წინააღმდეგ იქნება არა კანონიერ მოქმედებისა და მისი მოქმედება შეთანხმებული იქნება უმაღლეს მართველობასთან. მივესალმები დამფუძნებელ კრებას, მთავრობას, სახალხო გვარდიას და ლაშქარს, რომელიც იცავს ხალხს და დემოკრატიულ პრინციპების განხორციელებას, ქალაქთა და ერობათა კავშირებს, რომელთა მიერ ძალთა შეკავშირებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, სასამართლო უწყებას და მის სათავეში მდგარ პალატას, რომელნიც სამაგალითოთ მოქმედებდენ და სამაგალითოთ იცავდენ სასამართლოს ღირსებას, და ნაფიც ვექილთა კორპორაციას, რომლის დახმარებასაც დიდ მნიშვნელობას ვაძლევთ. იმედი გვაქვს, რომ ყველა დაწესებულება დახმარებით შეგვხვდება.

აღქმის მიცემა

სენატის თავმჯდომარე შემდეგ კითხულობს აღქმის (ფიცის) ფურცელს, რომელსაც სიტყვა სიტყვით იმეორებენ სენატის ყველა წევრები,

ალექსანდრე ლომთათიძის სიტყვა

ბატონო სენატორებო! დამფუძნებელი კრების სახელით ნებას ვაძლევ ჩემს თავს მხურვალე სალამი გიძღვნათ. ჩვენმა დემოკრატიამ, თავისუფალ საქართველომ ერთი ისტორიული ნაბიჯი გადასდგა. ამ საშინელ ნგრევა-ქაოსის დროს პატარა დემოკრატია გვირგვინს ადგამს თავის სასამართლოს. ამ  უკანასკნელ 4-5 წლის განმავლობაში სხვა საშინელებებთან ერთათ კაცობრიობას მოევლინა ერთათ საშინელებაც: ზნეობრივი გადაგვარება, რომელიც ასეთ ხანაში ხალხს მუდამ მოევლინება. მართალია ჩვენი დემოკრატია წინ წაწეულია, ის იბრძვის ამის თავიდან ასაცილებლათ, მაგრამ ამ ბრძოლად დეფექტი ქონდა: სასამართლო დღევანდლამდის შესაფერათ არ იდგა თავის სიმაღლეზე. იმედს გამოვსთქვამ, რომ დღეიდან სასამართლო შესძლებს ხალხის ინტერესების გზაზე შედგომას; დამფუძნებელი კრების ნდობით აღჭურვილი და ხალხის დიდი უმეტესი ნაწილს ნდობით მოსული პირველი სენატი თავის სიმაღლეზე იდგება და მისი მუშაობა გააჯანსაღებს სამართლის სფეროში ხალხის ცხოვრებას.

ევგენი გეგეჭკორის სიტყვა

მიიღეთ სალამი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისაგან. ბატონო სენატორებო! ჩვენი ხალხი ამ აუტანე პირობებში განაგრძობს თავის აღმშენებლობით მუშაობა-შემოქმედებას.  რევოლუციის ერთგულმა ყველა ძველი დაწესებულება დაამსხვრია, ძველი აპარატი დაინგრა და რევოლუციის ცეცხლმა ამოსწვა ნაიდაგი, სადაც ძველი წესწყობილების საშინელი ბოროტება იყო, ამ ნიადაგზე დღეს ახალი დემოკრატიული სახელმწიფო უნდა აშენდეს. ესეთია მიზანი ჩვენი ხალხის და ვერავითარი ტლანქი უხეში ძალა ვერ შესძლებს ამის შეჩერებას. ამის უტყუარი საბუთია სენატის მოვლინება, რომელმაც ახალი მტკიცე უფლებრივი ნორმები უნდა დაამყაროს. გახსოვთ, სწორეთ აქ 5 წლის წინათ რუსეთის რეაქციის ბურჯის მიერ იყო თქმული ისტორიული სიტყვები: „აქ რუსეთის ნაწილში“ რუსული სამართალი უნდა იყოს. დღეს საქართველოს მთავრობა, მე, იუსტიციის მინისტრი ვაცხადებ, რომ ჩვენი დემოკრატიის სურვილია, იქნეს რესპუბლიკის ხალხოსნური სენატი, რომელიც, ღრმათ მწამს, შესძლებს მალამო სცხოს იმ წყლულებს, რომელიც მოუვლინა ხალხს ძველმა წესწყობილებამ, და ხალხს მისცემს იმას, რაც მას სჭირია. ხოლო თუ ეს მოხდება, ხალხი შეიყვარებს სასამართლოს რაც ჩვენთვის საჭიროა. ამ იმედით მთავრობა მოგესალმებათ და ფიქრობს, რომ თქვენ ხალხს და ხალხი თქვენ დაგიახლოვდებათ.

ეს. მაჩაბლის სიტყვა

სამხედრო სასამართლოს სახელით მივესალმები საქართველოს სენატს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ დღეს. სამხედრო სასამართლოსათვის სენატს შემდეგი მნიშვნელობა აქვს: ხშირათ, მიუხედავად ნაფიც მსაჯულთა კორპორაციის არსებობისა, სამხედრო სასამართლო იძულებული იყო ძველი კანონით ეხელმძღვანელა. ეხლა გვწამს ხალხის ზნე-ჩვეულება უფრო დაუახლოდვება სასამართლოს. სალამი!

დამფუძნებელი კრების წევრის, ნაფიცი ვექილის სერგი ჯაფარიძის სიტყვა

ნაფიც ვექილთა სახელით მივესალმები სენატს, რომლის შექმნასაც მოუთმენლათ მოელოდა ყველა, ვისაც შეგნებული აქვს სასამართლოს მნიშვნელობა. დაინგრა ძველი სასამართლო რომელიც ხალხს სძულდა. ეხლა თქვენი მოვალეობა ფრიად ძნელია: თქვენ სასამართლო უნდა დააყენოთ იმ სიმაღლეზე, რომელზედაც იგი ჯერ არ ყოფილა. იმედი გვაქვს, რომ ხალხის ნდობით აღჭურვილი სენატი სწორ გზაზე დააყენებს სასამართლოს. სენატმა უნდა შექმნას ახალი სასამართლო, ეს ის სენატი კი არ არის, რომელსაც მეფე ან მინისტრი ნიშნავდა, არამედ ხალხის მიერ არჩეული და მაშასადამე შესძლებს კიდეც ამას.

სენატის პირველი სხდომის დახურვა

სენატის თავმჯდომარე მადლობას უძღვნის მისალმებათათვის და აცხადებს, რომ სენატი იმუშავებს და იდგება თავის სიმაღლეზე.

12 საათსა და 55 წუთზე სენატის პირველი სხდომა იხურება.

Related Articles

Back to top button