ახალი ამბები

ვენეციის კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, რეფორმის სტრატეგია „დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე“ განახორციელოს

ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მორიგ მოსაზრებაში მიესალმა ორგანულ კანონში 2023 წლის ივნისში, ასევე 2023 წლის სექტემბერში შეტანილ ზოგიერთ ცვლილებას, მაგრამ აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანი წინა რეკომენდაციები ჯერაც არ არის გათვალისწინებული“. კომისიამ მოუწოდა ხელისუფლებას „რეფორმების სტრატეგია დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე“ განახორციელოს.

კომისიამ 2023 წლის მარტის მოსაზრების ხუთი ძირითადი რეკომენდაციის შესრულება შეაფასა. კომისიის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმის შესახებ პირველი საკვანძო რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა არც 2023 წლის ივნისის ცვლილებებით და არც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებების პროექტით. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაკეთილსინდისიერების შესახებ არსებული ბრალდებების ეფექტურად მოგვარებას, მისი უფლებამოსილებების, ფუნქციების, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა და წევრთა არჩევის წესის გადახედვას“. მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ „კანონში შეტანილი მცირე ან ტექნიკური ცვლილებებით ეს რეკომენდაცია ვერ შესრულდება“, არამედ რეფორმის პროცესი უნდა იყოს საფუძვლიანი და ინკლუზიური, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

მეორე საკვანძო რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა გადაყვანის ან მივლინებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებდა, შესაბამის დებულებაში ცვლილების შეტანისა და ცვლილებების პროექტის მიღების მიუხედავად კვლავ შეუსრულებელი რჩება. მესამე რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვას ითვალისწინებდა, შესრულდა. მეოთხე რეკომენდაცია იყო მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევის გამო მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა და კომისიის შეფასებით, ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა (თუმცა, 2023 წლის სექტემბრის ცვლილებების პროექტში შეტანილი წინადადებების მიღების შემთხვევაში, ისინი შესრულებულად ჩაითვლებოდა); მეხუთე რეკომენდაცია ეხებოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის გაძლიერებას. კომისიის თქმით, ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა და მასში შემდგომი ცვლილება შეიძლება განხორციელდეს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეასრულოს უზენაესი სასამართლოს მიერ გასაჩივრების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები.

კომისიის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის ივნისის ცვლილება და 2023 წლის სექტემბრის ცვლილებების პროექტი არ ითვალისწინებს დარჩენილ რეკომენდაციებს, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატის ასაკობრივი კრიტერიუმების გამკაცრებას; ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს უზენაეს სასამართლოში წარდგენის პროცედურაში; კანდიდატების ე.წ. „გადანაწილების“ პროცედურაში კონკრეტული მოთხოვნების (მათ შორის, სპეციალიზაციის) დამატებას; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის შემცირებას.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული პირობების შესასრულებლად გარკვეულ ღონისძიებებს განახორციელებს. ამ ღონისძიებებს შორის მან საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დამატებითი ცვლილებების მიღება დაასახელა, რომლებიც, როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიას გადაეგზავნება განსახილველად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button