ძველი ამბები

მილიციამ და გვარდიამ გურიაში სპეცოპერაციის შედეგად გემის მძარცველები დააკავა

Tags

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 19 ოქტომბერი, N236

გემის გამცარცველების დაჭერა

საქართველოს დეპეშათა სააგენტო.

ოზურგეთი. ოქტომბრის 17.

16 ოქტომბერს ნოვოროსიიდან მომავალ გემის „მარიას“ გამცარცველები ფელუკით მოადგნენ სუფსას და გადმოვიდნენ ნაპირზე. პირველი ცნობა ამის შესახებ მიიღო სუფსის რაიონის მილიციის უფროსმა მეგრელიშვილმა, რომელიც მილიციონერებისა და გვარდიელების თანხლებით დაედევნა ყაჩაღებს. ამის შესახებ ცნობა წავიდა მთელი რკინის გზის ლიანდაგზე. ყოველი მხრიდან იქნენ გამოწვეულნი ძალები. ამოძრავდა მილიცია და გვარდია. დიდი სიფხიზლე  და მხნეობა გამოიჩინა ხალხმა. სუფსის, მიქელ გაბრიელის და ჩოჩხათის თემთა ხელმძღვანელები შეიარაღებული ძალებით დაედევნენ ყაჩაღებს. ყაჩაღები შეამწყვდიეს ღამის 11 საათზე სამსონ გორდელაძის სახლში სოფელ სამხთოში. ყაჩაღებმა ორჯერ მოინდომეს გაქცევა, მაგრამ ორივეჯერ იქნენ სასტიკი სროლით უკან უკან გაბრუნებული. მილიციის უფროსმა მეგრელიშვილმა გამოიწვია ჯავშნიანი მატარებლიდან ერთი ტყვიისმფრქვეველი, რომელიც მოვიდა დანიშნულების ადგილას გამთენიას.

ღამის 12 საათზე ოზურგეთის გვარდიას და მაზრის მილიციას მიუვიდა ცნობა გემის გაცარცვისა. მილიცია, კომისარი ღლონტის მეთაურობით, დაუყონებლივ გაეშურა ჩოხატაურში გადასაჭრელათ. გათენებისას გაეშურენ აღნიშნულ ალაგას დასახმარებლად ოზურგეთიდან გვარდიის რაზმი და ადგილობრივი ჯარის ნაწილი პოლკოვნიკ აბაშიძის რაზმიდან, მაგრამ ამათ მისვლამდე ყაჩაღები დაატყვევეს. გათენებამდის ნახევარი საათის ადრე ყაჩაღების ბინას მიუშვირეს ტყვიისმფრქვეველი და წაუყენეს ყაჩაღებს ულტიმატუმი. მესამე ულტიმატუმზე ყაჩაღები დანებდნენ უბრძოლველად. მათმა მეთაურმა, ლადი მანწკავამ, ჩააბარა იარაღები და ყაჩაღები თითო თითოთ ჩვენს რაზმს. სულ დატყვევებულ იქნა 22 კაცი, მათ შორის მარშანიშვილი, მოისწრაფიშვილი, ნიკოლაიშვილი, გუჯაბიძე და სხვები.  აუარებელი ფულები ნიკოლოზისა და კერენსკისა. ჩემოდნებში და ტომრებში ფული დაუთვლელია. გაბაწრული ყაჩაღები წამოიყვანეს ოზურგეთში. ხვარბეთში მათ მოუსწრო ოზურგეთიდან გასულმა ერობის გამგეობის თავმჯდომარემ სიო ჭანტურიშვილმა და ქალაქის თავმა გიორგი მურვანიძემ, რომელთა ხელმძღვანელობით ყაჩაღები და ფულები ჩაიტანეს ოზურგეთში. ოპერაციაში მონაწილე შეიარაღებულ ხალხს საღამოს გაუმართეს ბანკეტი ადგილობრივ კლუბში. ეს იშვიათი გარემოება იწვევს იშვიათ აღფრთოვანებას ხალხში.

ამავე დღეს მაზრის კომისარმა ღლონტმა ჩამოიყვანა ხიდის-თავიდან დატყვევებული ბოლშევიკი ვარდენ კალანდაძე, რომელიც მოათავსეს ადგილობრივ ციხეში.

Related Articles

Back to top button