skip to content
ახალი ამბები

სუსი: ირანის მოქალაქის დაკვეთით საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა იგეგმებოდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 15 ნოემბერს განაცხადა, რომ ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები დააკავეს, ასევე გამოავლინეს სავარაუდო დანაშაულის ორგანიზატორები, მათ შორის, მკვლელობის სავარაუდო დამკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა პირები.

სუსის ცნობით, სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე კონსპირაციული ტელეფონები ამოიღეს, „რომლებშიც აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები“.

სუსის განმარტებით, გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მიზნით საქართველოში ამავე ჯგუფში ჩართული პაკისტანის მოქალაქე გამოგზავნა, რომელიც საქართველოში მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა, სადაც მას ნაქირავები ბინა დაახვედრეს და კონსპირაციული კავშირის საშუალებები გადასცეს.

გარდა ამისა, სუს-ის განცხადებით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა მისთვის იარაღის ფარულად გადასაცემად საქმეში საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფიც ჩართო.

ამასთან, კვალის დასაფარად ჯგუფის წევრები პაკისტანის მოქალაქეს პირისპირ არ ხვდებოდნენ და მას იარაღსა და საბრძოლო მასალას ქალაქში მოწყობილი სამალავების გამოყენებით აწვდიდნენ, „რა დროსაც ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია უცხოეთიდან ხორციელდებოდა“.

საგამოძიებო უწყებისვე განმარტებით, საქართველოში ჩამოსული პაკისტანის მოქალაქე „მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს“ – მკვლელობის ობიექტს უთვალთვალებდა და მისი გადაადგილების მარშრუტს ფარულად სწავლობდა. გარდა ამისა, იგი „მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და თანხებს“.

დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აგრძელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button