ახალი ამბები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული პოლიციელების გათავისუფლებას პროტესტი მოჰყვა

Tags

20-21 ივნისის აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ბრალდებით დაკავებული სამივე სამართალდამცველის გათავისუფლებას სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ.

2 ოქტომბერს სამოქალაქო მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წევრები გლდანის ციხესთან შეიკრიბნენ, სადაც 20 ივნისის აქციის დაკავებული მონაწილეები არიან მოთავსებულები, „შერჩევითი სამართალი“ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება მოითხოვეს.

მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიგა მაქარაშვილმა „სამარცხვინო“ უწოდა საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც სასამართლო დარბაზიდან 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბოლო სამართალდამცველიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მანვე დაკავებული აქციის რამდენიმე მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც ისაუბრა და დასძინა: „ეს არის პირდაპირი მესიჯი ბიძინა ივანიშვილისგან, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს სამართალი და სამართალს ადგენს ის. ამაში ბატონი ივანიშვილი ცდება და ძალიან მალე საზოგადოება შერჩევით სამართალსაც ეტყვის უარს, იმიტომ, რომ შერჩევითი სამართალი არის ის, რაც ასეთი ტემპით გვაშორებს ევროპისგან“.

დღევანდელ აქციაზე ერთ-ერთი დაკავებულის ბესიკ თამლიანის დედა რუსუდან თამლიანიც იმყოფებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი შვილი „ივანიშვილი-გახარიას პირადი პატიმარია“. „ამათ [სამართალდამცველებმა] თვალები დათხარეს, ესენი არ ისჯებიან და ჩემი შვილი ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯება“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

 საპატიმროში მყოფი 20-21 ივნისის აქციის რამდენიმე მონაწილის მდგომარეობა რომ მძიმეა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც არ უარუყვია. „ერთ-ერთ მათგანს აქვს ჯანმრთელობის საკმაოდ სერიოზული, ცუდი მდგომარეობა. მე ვერ დავარქმევდი ამ მდგომარეობას საგანგაშოს, მაგრამ მდგომარეობა არ არის სახარბიელო“, – აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ მას სისტემის შესაძლებლობის ფარგლებში ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება.

გათავისუფლებული სამართალდამცველების საქმის შესწავლას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გეგმავს და საქმის მასალების გაცნობის თხოვნით პროკურატურას მიმართავს. მისი შეფასებით, საინტერესო იქნება იმ დოკუმენტების ნახვა, რაც დაკავებული სამართალდამცველების გათავისუფლების საფუძველი გახდა.

„დღეს გვაქვს ჩვენ მოცემულობა, როდესაც ყველა სამართალდამცველი არის თავისუფალი, თუმცა პატიმრობაში რჩებიან აქციის მონაწილე პირები, ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე არის შემაშფოთებელი. მნიშვნელოვანია, რომ გავეცნოთ საქმის მასალებს, ხომ არ ჰქონდა ადგილი არათანაბარ მიდგომას… უფრო ლოგიკური იქნებოდა პატიმრობის გამოყენება სამართალდამცველთა მიმართ, იმიტომ, რომ აქ უფრო მეტი არის გამოძიებაზე ზემოქმედების რისკი“, – განაცხადა მან.

20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს სამართალდამცველების მხრიდან აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება 24 ივნისს დაიწყო.

20-21 ივნისის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ბრალდებით, ჯამში სულ სამი სამართალდამცველი იყო დაკავებული. ორი მათგანი საგამოძიებო უწყებამ 15 და 16 ივლისს დააკავა, მესამე კი – 28 აგვისტოს.

ორი მათგანი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ ადრევე გაათავისუფლა. მესამე კი – კვლავ პატიმრობაში რჩებოდა. თუმცა, 27 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით, მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაკავებული სამართალდამცველი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი. აქციის ორმა მონაწილემ კი – მხედველობა დაკარგა.

პარალელურად, პროკურატურაში, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმის“ გამოძიებაც მიმდინარეობს.

აღნიშნულ საქმეზე, ამ დრომდე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში სულ 19 პირია მიცემული. მათ შორის, ოპოზიციური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი და ერთიანი ნაცინალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია. მათგან ნიკა მელია და აქციის ერთ-ერთი მონაწილე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები. 17 მათგანი კი, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.

20-21 ივნისის მოვლენების შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button