ახალი ამბები

პროტესტის დასკვნითი – 93-ე დღე პარლამენტთან

Tags

20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენებიდან ზუსტად სამი თვის თავზე, აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა დღეს პარლამენტის წინ, საპროტესტო ფორმატი კვლავ შეცვალეს და ყოველდღიური გადაცემის ნაცვლად, ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს. საპროტესტო აქციაში რიგით მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ერთად, პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც შეკრებილებს სიტყვითაც მიმართეს.

თავდაპირველად ტრიბუნა აქციის ორგანიზატორებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიკავეს, რომლებმაც განვლილი სამთვიანი პერიოდი და ხელისუფლების საპასუხო ქმედებები შეაფასეს. ამის შემდეგ ტრიბუნა პოლიტიკოსებს დაუთმეს.

პოლიტიკოსები აქციაზე

შეკრებილებს სიტყვით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მიმართა და მათ ის ერთიანი გამარჯვებები და დამარცხებები შეახსენა, რომელიც სამი თვის განმავლობაში ერთად „იწვნიეს“ და „იზეიმეს“.

„დღეიდან [ჩვენი] მოთხოვნა იქნება ერთადერთი – რუსული ორლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა ქვეყანაში, ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა ქვეყანაში და ამ ქვეყნის დაბრუნება მათთვის, ვისაც ის ყოველთვის ეკუთვნოდა და ეკუთვნის – ეს არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ომს გვიცხადებს ივანიშვილის რეჟიმი რომელმაც გადაწყვიტა, რომ მტერი არის ოპოზიცია, ეს ახალგაზრდები და მტერი არის ის, ვისაც თავისუფალ ქვეყანაში სურს ცხოვრება. ივანიშვილი მაშინ მიიღებს ამ ომში პასუხს და არც ერთ ომში, რომელიც ხელისუფლებამ გამოუცხადა საკუთარ ხალხს, არც ერთ ხელისუფლებას არასდროს გაუმარჯვია. ვერ გაიმარჯვებს ვერც ივანიშვილი“, – მიმართა შეკრებილებს სალომე სამადაშვილმა.

სიტყვით ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარიაც გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ე.წ. გავრილოვის ღამეს საზოგადოებამ „ღირსების“, სამი თვის განმავლობაში კი – „გამძლეობის“ ტესტი ჩააბარა.

„შეუძლებელია ჩვენ დავიღალოთ ჩვენი ქვეყნი სამსახურში იმიტომ, რომ ჩვენ ყველას გვაერთიანებს იდეა, რომ ჩვენ გვინდა სხვანაირი ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა ისეთი, ქვეყანა, რომელსაც არ აინტერესებს ადამიანი. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც დგას ადამიანის ფასეულობაზე და ეს ადამიანი არ არის მონა, ბელადი, ოლიგარქი, ფულის ტომარა, მბრძანებელი. ეს ადამიანი არის თავისუფალი ადამიანი და თავისუფალ ადამიანზე უნდა იდგეს საქართველო“, – მიმართ მან შეკრებილებს და იქვე დასძინა, რომ „თავისუფლება არ არის ძალადობის უფლება, ჩაგვრა, სხვების მიტაცების და თვალების დათხრის უფლება“ და რომ ამ უფლებას ივანიშვილს არ მისცემენ.

აქციაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. შენების მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს „ეპოქალური ცვლილებების არჩევნები“ უწოდა და თქვა, რომ დროა, პარტიები გაყვნენ ხალხის დაკვეთას და არა პირიქით. „სისტემა უნდა დაინგრეს იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფო უნდა გათავისუფლდეს ვინმე ინდივიდის ან პოლიტიკური პარტიის ტყვეობისგან, სახელმწიფო ეკუთვნის ხალხს“, – აღნიშნა მანვე.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით კი, ბიძინა ივანიშვილმა „სიტყვა ოცნება აქცია საშინელებად“ და „ეს დანაშაულია“, რადგან ამ სიტყვას „მოვლა-პატრონობა სჭირდება“.

„მიუხედავად ამისა, მე მაქვს ოცნება, რომ 2020 წლის არჩევნებზე, არჩევნების დღეს თითოეულ უბანთან იქნებით თქვენ 1 000-ჯერ მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილხართ. ეს იქნება მეცხრე ტალღა, რომელიც გადალეწავს ამ ხელისუფლებას, ეს იქნება კანონიერი ძალის დემონსტრირება“, – აღნიშნა მანვე.

საპროტესტო აქციაზე ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძეც იმყოფებოდა, რომელმაც შეკრებლებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო და მისთვის ეს მომენტი სწორედ 20 ივნისს დადგა, როდესაც საზოგადოების „თავისუფლებას, ღირსებას, დამოუკიდებლობას ლაფის დასხმა მოუნდომეს“.

„მე გამოვედი, იმიტომ, რომ თავისუფლების გარეშე არც ქვეყანა ვარგა და არც ადამიანი. გამოვედი იმიტომ, რომ თქვენთან ერთად დავდოთ მომავალი განვითარების ის პერსპექტივა, რომელიც სამწუხაროდ არასდროს დადებულა… ეს ქვეყანა ან შეძლებს ძალიან მოკლე დროში მობილიზებას, პროგრამის დადებას და ძალიან სწრაფ ცვლილებებს, ან ჩვენ დავდგებით ძალიან დიდი პრობლემების წინაშე“, – განაცხადა მან.

სამოქალაქო კამპანიის მანიფესტი

პოლიტიკოსების შემდეგ ტრიბუნა კვლავ აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა დაიკავეს და საზოგადეობას მომავალი ერთი წლის სამოქმედო გეგმა გააცნეს.

„ჩვენ ჩავრთეთ წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე დაასრულებს. ჩვენ – მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია მშვიდობიანად დავასრულოთ მტერთან კოლაბორაციაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა“, – განაცხადეს მათ.

სირცხვილიას ორგანიზატორების მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შემდეგ აქტივობებს აანონსებენ:

  • „შეიქმნება და გაძლიერდება აქტივისტთა მობილური ჯგუფები, რომლებიც ივანიშვილის მსახურებს მოსვენებას არ მისცემენ;
  • იურიდიულ მხარდაჭერას გაუწევენ გავრილოვის ღამეს დაკავებულებსა და დაზარალებულებს;
  • შეიქმნება სწრაფი რეაგირების იურიდიულ ჯგუფი, რომელიც ოპერატიულ კონსლტაციას გაუწევს მოძრაობის წევრებს და ყველა ადამიანს, ვინც რეპრესირებულია სახელმწიფოს მიერ;
  • შეიქმნება ახალი მედიაპლატფორმები, რომლებიც  ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიას დაამარცხებს;
  • ერთგვარი ელფების არმიით, ივანიშვილის ტროლებს დაამარცხებენ;
  • დაიწყება ფართომასშტაბიან კამპანიას იმისთვის, რათა მოსახლეობის კრიტიკულმა უმრავლესობამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი“.

„ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილს საერთაშორისო არენაზე და საქართველოში, ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს საქართველოში და ჩვენ არასოდეს დავანებებთ ჩვენს ქვეყანას ერთის ნებას და ჩვენ არასდროს დავნებდებით“, – განაცხადეს მათვე.

ამის შემდეგ მათ ბიძინა ივანიშვილს სიმბოლურად წითელი ბარათი უჩვენეს და ღია „ბრძოლა“ გამოუცხადეს. ამით ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ მიმდინარე სამთვიანი უწყვეტი აქციები ოფიციალურად დაასრულეს და მოქმედების ახალი ეტაპი დაიწყეს.

ამბის წინაისტორია

პარლამენტის წინ პროტესტი საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის ფარგლებში, რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და 20 ივნისს მის პარლამენტში სტუმრობას მოჰყვა, სადაც მან პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა და დამსწრეებს იქიდან მიმართა.

აღნიშნულს საპარლამენტო ოპოზიციის მყისიერი პროტესტი მოჰყვა. შესვენების დროს, მათ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს და განაცხადეს, რომ იქ რუს დეპუტატს არ მიუშვებდნენ. სხდომა საერთოდ ჩაიშალა. მალევე, საზოგადოებისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე, მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დელეგაციას საქართველო დატოვება მოსთხოვეს.

იმავე დღეს, საღამოს 7 საათიდან პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. შეკრებილები რუსულ ოკუპაციასა და საქართველოს ხელისუფლების კოლაბორაციონიზმს აპროტესტებდნენ და პარლმენტში განვითარებული მოვლენების გამო ხელისუფლებისგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ.

პარლამენტის წინ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტში შესვლა სცადა, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით – რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეს.

ოფიციალური მონაცემებით, აქციის დაშლისას, 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი. აქციის მონაწილეების ნაწილმა მძიმე დაზიანებები მიიღო, რამდენიმე მათგანმა კი, ნასროლის რეზინის ტყვიის გამო თვალი დაკარგა.

სამართალდამცველების მხრიდან აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლას უკვე 21 ივნისიდან საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები 20-21 ივნისს აქციის დარბევაზე შს მინისტრისგან პასუხისმგებლობის აღებას და მისი თანამდებობიდან გადადგომას, ასევე 2020 წლის საპარლამეტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვდნენ.

ირაკლი კობახიძის გადადგომის შესახებ აქციის მონაწილეების მოთხოვნა 20 ივნისის აქციის დარბევიდან მეორე დღეს შესრულდა. პარლამენტის თავმჯდომარემ პოსტი 21 ივნისს დატოვა. მალევე, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნაც დაკმაყოფილდა. საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, 24 ივნისს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ე.წ. „ნულოვანი ბარიერით“ ჩატარდებოდა.

შეუსრულებელი დარჩა აქციის მონაწილეების მესამე თხოვნა – გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომა. ამ მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე აქციები ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა. ქართულმა ოცნებამ საზოგადოების თითქმის სამთვიანი პროტესტის საპასუხოდ, გიორგი გახარია დააწინაურა და იგი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა.

20-21 ივნისის მოვლენების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button