skip to content
ახალი ამბები

„ნუ გვესვრი!“ – ჟურნალისტების პროტესტი თბილისსა და რეგიონებში

მედიის წარმომადგენლებმა დღეს თბილისსა და რეგიონებში 20-21 ივნისის მოვლენების დროს სამართალდამცველების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეების რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი აირით დაშლისას 30-ზე მეტი ჟურნალიტის დაშავება გააპროტესტეს.

ლოზუნგით „ნუ გვესვრი!“, თბილისში ჟურნალისტები დღის 3 საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ და საზოგადოებას შს სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის სახელზე შედგენილი მიმართვა გააცნეს. აქციაზე იმ ჟურნალისტთა სიაც ამოიკითხეს, ვინც გასულ ღამეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სხვადასხვა ტრავმა მიიღო.

„მოვითხოვთ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, მათ შორის, მათ, ვისი იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში“, – აქციაზე გამოსვლისას განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა, გელა მთივლიშვილმა.

„მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებისა და ხელშეშლის ფაქტებზე“, – დასძინა მან.

მიმართვის ტექსტი, აქციაზე შეკრებილი ჟურნალისტების ხელმოწერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ჟურნალისტთა სოლიდარობის აქციები დღეს ბათუმში, ქუთაისსა და ოზურგეთშიც ჩატარდა.

20-21 ივნისის აქციისას დაშავებულ ჟურნალისტებს შორის Civil.ge-ის ფოტოკორესპონდენტი გურამ მურადოვი იყო, რომელსაც რეზინის ტყვიებით მიღებული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

ჟურნალისტების დაშავების ფაქტებს დღეს ასევე გამოეხმაურა „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელმაც მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულად – ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლად შეაფასა. კოალიციამ გამოძიების დაუყოვნებლივი დაწყება და დამნაშავეების გამოვლენა, აგრეთვე ჟურნალისტებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვა.

თბილისში აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტების დაშავების ფაქტებზე განცხადებები საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გაავრცელეს.

„ვწუხვარ გასულ ღამეს თბილისის საპროტესტო აქციის დროს მედიის მუშაკებზე თავდასხმისა და ძალადობის ყველა ფაქტის გამო, რაც პლურალიზმისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. მედიას უფლება აქვს აშუქებდეს საჯარო ღონისძიებებს, და სამართალდამცავები პატივს უნდა სცემდნენ ჟურნალისტთა უფლებას, თავიანთი მოვალეობა თავისუფლად და უსაფრთხოდ შეასრულონ“, – ნათქვამია მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის, არლემ დეზირის, განცხადებაში.

თბილისის მოვლენებზე კომენტარი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმაც გააკეთა და მოუწოდა მხარეებს „თავშეკავება გამოიჩინონ და უთანხმოება მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაწყვიტონ“. „მე ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოვლენების ირგვლივ ჩაატაროს დროული და ეფექტიანი გამოძიება, რათა პასუხი აგებინოს ძალადობაში მონაწილე პირებს და მკაფიო ინსტრუქციები მისცეს პოლიციელებს იმის თაობაზე, რომ საზოგადოებრივი წერიგის დაცვასთან დაკავშირებული ოპერაციები ადამიანის უფლებების სათანადო პატივისცემით განხორციელდეს“, – დასძინა მან. 


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button