Placeholder canvas
ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელია კვლავ თავისუფალი დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას მიმართ წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დეპუტატი გირაოს გადახდის პირობით გაათავისუფლა.

ამასთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ პროკურატურას ნიკა მელიას გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგის წარმოება დაავალა, რისთვისაც ოპოზიციურ დეპუტატს სპეციალურ სამაჯურს დაუმაგრებენ.

27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დეპუტატი, 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლა და მთელი რიგი აკრძალვები დაუწესა, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, ასევე – საქმეში წარდგენილ მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. გარდა ამისა, სასამართლომ მელიას საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების ჩაბარება დაავალა.

დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოსგან აღნიშნული შეზღუდვების მოხსნას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი აღკვეთის ღონისძიებად – კვლავ პატიმრობას, თუმცა დღეს სასამართლომ არც ერთი მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ნიკა მელიას, ბრალი 20-21 ივნისის თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი.

26 ივნისს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გენარალური პროკურორის წერილის საფუძველზე კანონმდებლებმა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს, რათა პროკურატურას მისი დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება მისცემოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button