skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოპოზიციური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს აღკვეთის ღონისძების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოქრუაშვილს ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად დღეს წაუყენა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძების მოთხოვნით სასამართლოს დღესვე მიმართა. დაცვის მხარე, ბრალდებულისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო და ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვების რეალური საფუძველი არ არსებობდა. ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ირაკლი ოქრუაშვილის პარალელურად, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამავე ბრალდებით დაკავებული კიდევ 6 პირის საქმე განიხილა. სასამართლომ ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე დააკავა. გამოძიება მას 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს, „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას“ ედავება.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ამ ბრალდებით, ამ დრომდე, პასუხისგებაში ჯამში სულ 19 პირია მიცემული, მათ შორის, დეპუტატი ნიკა მელია.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების პარალელურად, გამოძიება ამბოხის მცდელობის კვალიფიკაციითაც მიმდინარებს, თუმცა ამ ბრალდებით, სამართალდამცველ ორგანოებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button