ძველი ამბები

ბრიტანული ოკუპაცია და ბათუმის ოლქის მომავალი

Tags

გაზ. საქართველო, 1919 წლის 3 ოქტომბერი, N213

ბათუმის საკითხი

ბატონ დავით ღამბაშიძეს (საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელს ლონდონში – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) გაზ. „ბორბას“-ს თანამშრომელთან საუბრის დროს შემდეგი განუცხადებია:

ბორბა – როგორია ამჟამად ბათუმის და ბათუმის ოლქის იურიდიული მდგომარეობა?

ღამბაშიძე – ამ მხრივ ძალაში რჩება ვერსალის საზავო კონფერენციის ძველი დადგენილება. როგორც ოლქი, ისე ქალაქი შედის იმ ზონაში, რომელიც დაჭერილია ბრიტანეთის სარდლობის შავი ზღვის ლაშქრის მიერ. სამხედრო ძალა უფლება ბრიტანეთის სამხედრო გუბერნატორის ხელშია. მასვე ექვემდებარება სამოქალაქო მმართველობა

ბორბა – როგორ უყურებს ბრიტანეთის სამხედრო გუბერნატორი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, რომელსაც ადგილობრივი მოხელეები ეწევიან?

ღამბაშიძე –  მე კატეგორიულად ვამტკიცებ, რომ ბრიტანეთის სარდლობას ეს პროპაგანდა არ მოსწონს. მე ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ასეთ პროპაგანდის წარმოებისათვის რამდენიმე მოხელე თანამდებობიდან იქნა გადაყენებული. ბრიტანეთის სარდლობამ არა ერთხელ განაცხადა უარი იმის შესახებ, რომ იგი არავითარ გავლენას არ მოახდენს მცხოვრებლებზე ამა თუ იმ ორიენტაციის მისაღებად.

ბორბა – როგორ უყურებს ბათუმის და მისი ოლქის მოწყობას საზავო კონფერენცია?

ღამბაშიძე – კონფერენციის გავლენიან მოღვაწეთაგან მიღებული ცნობებით მე შემიძლიან სრულის რწმენით განვაცხადო, რომ კონფერენციას მიუღებლად მიაჩნია ის მისაკუთრების სურვილები, რომელსაც იჩენენ ბათუმის ოლქის მიმართ მასთან გეოგრაფიულად არა უშუალო კავშირში მყოფი კუთხეები.

ბორბა – რა ხასიათისაა ის კომპანია, რომელსაც აწარმოებენ ამ ჟამად ბათუმის ოლქში მოხალისეთა ლაშქრის აგენტები?

ღამბაშიძე – ამ კამპანიას ორი მიზანი აქვს. მოხალისეთა აგენტები, უპირველეს ყოვლისა, აწვდიან გლეხთა ყრილობას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციას. თუ ყრილობა რეზოლუციას არ მიიღებს, მაშინ იგივე აგენტები ურჩევენ ყრილობას, რომ მიიღონ ისეთი რეზოლუცია სადაც ოსმალეთისადმი სიმპატიები არის გამოთქმული. ასეთი ოსმალოფილური რეზოლუცია ყრილობის მიერ მიღებულის შემდეგ იგზავნება პარიზს საზონოვთან. აქ რეზოლუციას გამოიყენებენ იმის დასამტკიცებლად რომ ვითომ ბათუმის ოლქი  ჯერ კიდევ ოსმალეთისკენ ისწრაფვის და ამიტომ როგორც ასეთი მეტად სახიფათო კუთხეა რუსეთის აღორძინებისათვის.

ბორბა – როგორ იქცევიან ასეთ ყრილობაზე დამსწრე ინგლისელი ოფიცრები?

ღამბაშიძე – მათი როლი სრულიად პასსიურია. უმაღლესი სარდლობის ბრძანების თანახმად უნდა დაკმაყოფილდნენ მხოლოდ პასსიურ კონტროლით, თვალყური უნდა ადევნონ, რომ ყრილობამ არ დაიწყოს მსჯელობა ისეთ საგნებზე რაც მათ მსჯელობის საგანს არ შეადგენს. თუ ზოგიერი ოფიცერი მონაწილეობას იღებს კამათსა და აგიტაციაში მოხალისეთა ლაშქრის სასარგებლოდ, ამით ის არღვევს სამსახურის დისციპლინას და დარწმუნებული უნდა ვიყვეთ, რომ უმაღლესი სარდლობა მათ ასეთ საქციელს არ მოიწონებს. ხშირად მოხალისეთა აგენტები სარგებლობენ იმ გარემოებით, რომ ინგლისელ ოფიცრებს რუსული არ ესმით და ტყუილათ იმოწმებენ თავიანთ აზრებში დამსწრე ოფიცრებს. ჩემის აზრით ბათუმის და მის ოლქის მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ მის შესახებ საჭირო იყოს განგაშის ატეხა.   

Related Articles

Back to top button