“Cherchez la femme”
ბრიუსელში დიპლომატები ჭორაობენ – ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, არ არის გამორიცხული, ყველა უმაღლესი ევროპული თანამდებობა ქალებმა ჩაიბარონო. საუბარია ოთხ უმაღლეს თანამდებობაზე – ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებზე, ასევე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელზე. არც თუ დაბალი ალბათობით, თანამდებობებს შეინარჩუნებენ ევროკომისიის პრეზიდენტი, გერმანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, მალტელი რობერტა მეცოლა. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე, შარლ მიშელის შემცვლელად აქტიურად განიხილება დანიის პრემიერი, მეტე ფრედერიკსენი, ხოლო ჯოზეფ ბორელის სავარძელზე თურმე თვალი უჭირავს ესტონეთის პრემიერს, კაია კალასს. ბრიუსელში ამბობენ – ყველა უმაღლეს თანამდებობაზე ქალების გამწესება ჩვენი კავშირის ღირებულებების შესაფერისი იქნებაო. თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია – წინ ევროპარლამენტის არჩევნებია და ძალთა განაწილების საბოლოო სურათიც მას შემდეგ დაიხატება.
ევროპის შუააზიური ფიქრები
ევროპარლამენტმა, თავისი რეზოლუციით, ევროკომისიას სთხოვა ყურადღება მიაქციოს შუა აზიის ქვეყნებთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოვებას. დეპუტატები ამბობენ, ეს საშური ნაბიჯი იქნებაო, რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებისა და ჩინეთის მზარდი გავლენის პირობებში. მთავარ მიზნად გი რუსეთის გვერდის ავლით სავაჭრო და ენერგეტიკული დერეფნების ამოქმედებას სახავენ. პარლამენტის თქმით, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო აგრესიით შუა აზიაშიც ბევრი დააფრთხო ახლა კარგი დროა იქ გავლენის გასაზრდელად.
ნისლიანი გარანტიები
წლეულს საზღვარგარეთ პირველი საქმიანი გასვლა ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა კიივში განახორციელა. მებრძოლ დედაქალაქში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, მან უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერა ხელი, რის თანახმადაც დიდი ბრიტანეთი რუსეთის განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინას უმალ სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალით უნდა ამოუდგეს მხარში, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიაროს და სამხედრო რჩევებით დაეხმაროს. ამ შეთანხმებას, “უსაფრთხოების გარანტიებამდე” მართალია ბევრი აკლია, მაგრამ სამხედრო ანალიტოსების თქმით მაინც მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პრემიერმა სუნაკმა უკრაინას მიმდინარე წლის განმავლობაში 2.5 მილიარდი გორვანქა სტერლინგის ოდენობის სამხედრო დახმარების დაპირებაც ჩაუტანა, რაც გასული წლისას 200 მილიონი გირვანქით აღემატება.
სამეფო ოჯახის შერყეული ჯანმრთელობა
ბაკინგემის სასახლემ საგანგებოდ გამოაცხადა – გადიდებული პროსტატის გამო, მეფე ჩარლზის რამდენიმე დღით საავადმყოფოში მოთავსება მოგვიწევსო. მეფე ჩარლზს თურმე სულაც არ უყოყმანია საკუთარი დიაგნოზის გასაჯაროებაზე, პირიქით, განაცხადა, ასაკოვანმა მამაკაცებმა უნდა მომბაძონ და დროულად მიმართონ ექიმსო. მომდევნო ორი კვირით ჰოსპიტალშია უელსის პრინცესაც, რომელსაც მუცლის ღრუში ოპერაცია გაუკეთეს. ლონდონის პრესა წერს, რომ შვილების სკოლაში წაყვანა ტახტის მემკვიდრემ გადაიბარა.
ატალის ახალი კაბინეტი
ფრანგთა ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმა, გაბრიელ ატალმა, ემანუელ მაკრონთან შეთანხმებით, “გაკრეჭილი” მინისტრთა კაბინეტი წარმოადგინა. ახალ მინისტრთა კაბინეტში პორტფელები შეინარჩუნეს მძიმეწონიანმა, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრებმა. მთავარი სიურპრიზი კულტურის მინისტრად დაინიშნა რაშიდა დატი, ნიკოლა სარკოზის კაბინეტის ერთერთი გამოჩენილი ფიგურის დასმა გახლდათ. “რესპუბლიკელებისგან” დატის გადაბირების საქმე თავად პრეზიდენტმა მაკრონმა გაახაზირა თურმე და განრისხებულმა მემარჯვენეებმა წამსვე გარიცხეს დატი პარტიიდან. ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კატრინ კოლონა სტეფან სეჟურნემ შეცვალა, რომელიც აქამდე, ევროპარლამენტში ლიბერალური განწყობების ევროპულ პარტია “განახლებას” ედგა სათავეში. ამასთან, შეიკვეცა რამდენიმე სამინისტრო – ენერგეტიკის სფერო ფინანსთა სამინისტროს დაემატა, სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა, ასევე გაერთიანდა შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროები. საფრანგეთში ხუმრობენ, კაბინეტში სარკოზისდროინდელი იმდენი მინისტრი დაბრუნდა, შეგვიძლია სარკოზის მეოთხე კაბინეტი დავარქვათო. ხუმრობა იქით იყოს და, გასაკვირი სულაც არაა – ემანუელ მაკრონმა პარტია მარჯვნივ მკვეთრად გადახარა, რადგან სწორედ ამ ფლანგიდან ემუქრება მთავარი მეტოქე – ჩვენთვის კარგად ნაცნობი მარინე ლე პენი.
ფრანგი მეკავშირე კიივში
საფრაგნეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, სტეფან სეჟურნეს თავისი კაბინეტი არ ჰქონდა გვარიანად შეთვალიერებული, რომ მხარდაჭერის ნიშნად, კიივს ესტუმრა. მრავალი კრიზისის ფონზე, უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩებაო – უთქვამს კიივში ჩასულ ფრანგ დიპლომატს. უკრაინელმა მასპინძლებმა სტეფან სეჟურნეს ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა გააცნეს და სამხედრო საჭიროებებზეც უამბეს. ფრანგმა დიპლომატმა იქვე პირობა დადო, რომ საფრანგეთი, თავისი წამყვანი სამხედრო კომპანიების მეშვეობით, ერთობლივ, ფრანგულ-უკრაინულ სამხედრო წარმოებას წამოიწყებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დრონების ერთობლივ წარმოებას და არტილერიას. ფრანგულმა “ცეზარებმა” უკრაინაში თავი კარგად გააჩვენეს და მსოფლიო ბაზარზე კარგი მაზანდაც დაედოთ. პარიზი კიივს წელს 70 ახალ ასეთ სისტემას შეჰპირდა. სამხედრო საქმეების გარდა, ფრანგთა მინისტრის სტუმრობისას, დიდი ყურადღება დაეთმო უკრაინის ევროინტეგრაციის თემასაც. გასაგებია, რომ კიივი ფრიად ჩქარობს ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების დროულ დამტკიცებასა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.
ბალტების “ჩრდილოეთის კედელი”
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას თადარიგიანი თავდაცვის მინისტრები რუსეთისა და ბელარუსის საზღვრების გასწვრივ “თავდაცვითი ხაზის” აგებაზე შეთანხმდნენ. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვითმა ნაგებობებმა რუსეთის შესაძლო შემოტევა უნდა შეაკავოს და თავდასხმის შემთხვევაში, რუსულ სამხედრო მანქანას სერიოზული დაბრკოლება შეუქმნას. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ დაგვანახა, რომ ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, საზღვარზე თავდაცვითი ნაგებობების არსებობაც ფრიად მნიშვნელოვანიაო – უთქვამს ესტონეთის თავდაცვის მინისტრს, ჰანო პევკურს. გეგმაზომიერი და მოწესრიგებული ესტონეთი თურმე თავის აღმოსავლეთ საზღვარზე 600-მდე ბუნკერის აშენებას გეგმავს. საზღვრების გამაგრების გარდა, რუსეთით შეღონებული ბალტიის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები “HIMARS”-ის რექტიული ზალპური საცეცხლე სისტემების ერთობლივ გამოყენებაზეც შეთანხმებულან.
“თქვენ მოჰკალით ძერა?“
აზოვის ზღვის თავზე, უკრაინამ რუსეთს დიდი ზიანი აწვნია და კოსმოსური ძალების A-50-ის ტიპის სტრატეგიული მზვერავი თვითმფრინავი ჩამოუგდო. A-50 შორი მანძილის რადიოლოკაციური მოქმედების, სტრატეგიული მზვერავი საჰაერო ხომალდია, რომელიც მოწინააღმდეგის რაკეტების, თვითმფრინავებისა და სახმელეთო სამიზნეების აღმოსაჩენად გამოიყენება. ეს გვიანი საბჭოთა პერიოდის რუსული ჩიტი საჰაერო მართვის ცენტრადაც მშვენივრად გამოდგება და მისი ღირებულება დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარია. როგორც ცნობილია, გუშინ ღამემდე, რუსეთის კოსმოსური ძალების შემადგენლობაში სულ 8 ერთეული A-50 ტიპის საჰაერო ხომალდი იყო. A-50-ის გარდა, დაზიანდა და ავარიული დაშვება ითხოვა Ил-22М11-ის ტიპის რუსულმა საჰაერო-სამეთაურო ხომალდმაც, რომელიც ასევე იშვიათი და ღირებული, რადიოელექტრონული კონტროლის თვითმფრინავია. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი მთავარი პილოტი დაიღუპა. ჯერჯერობით, უცნობია თუ რა ხერხით მოახერხა უკრაინამ ამ ორი რუსული საჰაერო ხომალდის განეიტრალება.