ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 12 თებერვალი

სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა

11 თებერვალს, ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც ალექსანდრე სტუბმა პეკა ჰაავისტო მცირე უპირატესობით დაამარცხა და პრეზიდენტობის გზას დაადგა. ხმების დათვლის შედეგად, გამოირკვა, რომ ფინეთის ყოფილ პრემიერს, სტუბს ამომრჩეველთა 51.6%-მა დაუჭირა მხარი. მის მეტოქეს, გასული წლის ივნისამდე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაავისტოს კი, ამომრჩეველთა ხმების 48% ერგო. სტუბი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია, მას ფინეთის პრემიერობის გარდა, საგარეო საქმეთა, ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრის პოსტებზეც უმსახურია. არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას საული ნიინისტოსგან გადაიბარებს და თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას პირველი მარტიდან შეუდგება. დამკვირვებლები ოხრავენ, ფინეთმა კიდევ ერთხელ შეარცხვინა ევროპის ბარე ორი ქვეყანა, ერთმანეთს ორი კომპეტენტური, ჭკუადამჯდარი პოლიტიკოსი ებრძოდა და ერმაც სამართლიან ბრძოლაში გამოავლინა გამარჯვებულიო.


უნგრეთის გადამდგარი პრეზიდენტი

მრავალათასიანი  დემონსტრაციების ფონზე, გადადგომა მოუწია უნგრეთის პრეზიდენტს, კატალინ ნოვაკს, რომელიც ვიქტორ ორბანის მოკავშირე გახლდათ და კონსერვატიული “ოჯახურ ღირებულებების” ქადაგება აუფეთქდა ხელში ნაღმივით. მიზეზად პრეზიდენტის მიერ პედოფილიის საქმეში გარეული პირის შეწყალება გახდა რომის პაპის ვიზიტის წინ, 2023 წელს. ნოვაკმა გადადგომისას ბიდიში მოიხადა, მძიმე შეცდომა დავუშვიო. პრემიერმა ორბანმა კი პირობა დადო, რომ კონსტიტუციით აკრძალავს უნგრეთში პედოფილიასთან დაკავშირებული პატიმრების შეწყალებას. ნოვაკი უნგრეთის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი იყო.


ფიდესის თავკერძობა

რადგან საუბარი უნგრეთზე ჩამოვარდა, ისიც უნდა ითქვას, რომ უნგრეთის მმართველი პარტია “ფიდესი“ არ გამოცხადდა ოპოზიციის მიერ მოწვეულ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომაზე, რომელზეც შვედეთის ნატო-ში გაწევრების ოქმი უნდა გამოეტანათ კენჭისყრაზე. რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ბოიკოტში “ფიდესს“ მხარი აუბა უმცროსმა პოლიტიკურმა პარტნიორმა, უნგრეთის ქრისტიან-დემოკრატიულმა სახალხო პარტიამაც. შედეგად, კვორუმი ვერ შედგა, შვედეთის თემა კენჭისყრაზე ვერ გავიდა და რიგგარეშე სხდომაც მალევე დაიხურა. ოპოზიციის დაკრულზე არ ვიცეკვებთ, საგაზაფხულო სესია, რომ დაიწყება შვედეთის ოქმს თავადაც მშვენივრად გამოვიტანთ კენჭისყრაზეო – ამბობენ ორბანის პარტიაში და შვედეთის პრემიერს ურჩევენ, ბუდაპეშტში გვეახლეო. ორბანის უნგრეთი ბოლო ბარიერია სტოკჰოლმის ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.


მეფის შერყეული ჯანმრთელობა

ცუდად დაეწყო წელი დიდი ბრიტანეთის ხელმწიფეს, ჩარლზ მესამეს, რომელსაც ჯერ იყო და იანვარში გადიდებული პროსტატა აღმოაჩნდა, შემდეგ კი, ყურადღებიანმა ექიმებმა სიმსივნეც უპოვნეს. მიუხედავად ამ ფრიად უსიამოვნო დიაგნოზისა, ჩარლზი მხნედ ყოფილა, მკურნალობის მიმართ იმედიანადაა განწყობილი და ერთი სული აქვს თავისი სამეფო მოვალეობების შესრულებას როდის დაუბრუნდებაო – ამბობენ ბაკინგემის სასახლეში. დასნეულებულ მეფეს საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობისგან მცირე ხნით თავშეკავება მაინც მოუწევს. სნეულების თაობაზე უფლისწულებს ჩარლზმა თავადვე აცნობა, ისინიც მამის სასთუმალთან შეიკრიბნენ და გამოჯანმრთელება უსურვეს.


ირლანდიის ჩრდილოეთი თუ ჩრდილოეთ ირლანდია?

ამასობაში, ისტორიული ცვლილებების მომსწრე გახდა ჩრდილოეთ ირლანდია, სადაც პირველად ისტორიაში, პირველი მინისტრის პოსტი ორივე ირლანდიის გაერთიანების მომხრე “Sinn Féin“-ის წარმომადგენელმა, ქალბატონმა მიშელ ო’ნილმა დაიკავა. ამ დანიშვნამ ჩრ. ირლანდიის ორწლიანი პოლიტიკური კრიზისიც დაასრულა. “პირველად ჩვენს ისტორიაში, პირველი მინისტრის თანამდებობა ნაციონალისტმა კანდიდატმა დაიკავა. ჩვენი მშობლების და ბებია-ბაბუების თაობა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ეს დღე დადგებოდაო” – უთქვამს მიშელ ო’ნილს სტორმონტში, ჩრ. ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. თუმცა, საქმე ასე მარტივადაც არ არის – ჩრ. ირლანდიის პირველი მინისტრის მოადგილის პოსტს მეფის ერთგული, იუნიონისტების პარტიის კანდიდატი, ემა ლიტლ-პენგელი დაიკავებს. ჩრდილოეთ ირლანდიაში პირველი მინისტრის მოადგილესაც საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები გააჩნია და ადგილობრივი მმართველობაც ისეა მოწყობილი, რომ პირველი მინისტრი და მისი მოადგილე ერთმანეთის გარეშე ვერაფერს გახდებიან. ზოგადად, ჩრ. ირლანდიის პირველი მინისტრის თანამდებობა ლონდონმა სამეფოს ამ ამბოხიანი მხარის შემოსამტკიცებლად შემოიღო, ამიტომ ორივე ირლანდიის გაერთიანების მომხრეთა წარმომადგენლის მიერ პირველი მინისტრის პოსტის დაკავება ძაან უცნაურად კი გამოიყურება.


“რკინის სარდლის” დასასრული?

გამართლდა მოარული ხმები და 8 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეირაღებული ძალების სარდალი, ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან დაითხოვა და მის მონაცვლედ სახმელეთო ძალების მეთაური, ოლეკსანდრ სირსკი დანიშნა. შეიცვალა სარდალის მოადგილეებიც. ზელენსკიმ ცვლილებები განახლებისა  და სამხედრო სულისკვეთების გაუმჯობესების სურვილით ახსნა. თავად ზალუჟნიმ თავისი გადაყენება მშვიდად მიიღო და Facebook-ზე დაწერა – მიდგომები და სტრატეგია შეიცვალა. 2022 წლის და 2024 წლის სამხედრო ამოცანები განსხვავებულია, ამიტომ ამ ცვლილებებსა და ახალ რეალობას უნდა მოვერგოთო. გმირის დამსახურებული ორდენის მიღებისას, ზალუჟნი და ზელენსკი ფრიად მეგობრულად გადაეხვივნენ ერთმანეთს. გენერალი სირსკი პროფესიონალი სამხედროა, რომელსაც არაერთ სამხედრო ოპერაციაში მიუღია აქტიური მონაწილეობა. კიივში ხმები დადის, რუსეთში სამხედრო განათლება მიღებული პირქუში სირსკი წინამორბედისგან განსხვავებით, ჯარში მაინცადამაინც დიდი ავტორიტეტით ვერ სარგებლობსო.  


გაფრთხილება დანიის სამეფოდან

დანიურ გაზეთ “Jyllands-Posten”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დანიის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლანდ პაულსენმა უახლოეს წლებში რუსეთის ნატო-ს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა არ გამორიცხა. “სრულიადაც არ არის გამორიცხული, რომ 3-5 წელიწადში რუსეთმა ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლი და ჩვენი სოლიდარობა გამოსცადოს. ჯერ კიდევ შარშან ჩვენ მსგავსი შეფასებებისგან თავს ვიკავებდით, მაგრამ ეხლა ახალი რეალობა  და სხვა ინფორმაციები მოგვდისო” – უთქვამს დანიის ფრთხილ და დაკვირვებულ თავდაცვის მინისტრს. კოპენჰაგენში ფიქრობენ, რომ რუსეთის მნიშვნელოვნად გაზრდილმა სამხედრო ხარჯებმა და საბრძოლო შეიარაღების წარმოებამ, ტვინგახურებულ კრემლს შესაძლოა ნატო-ს რომელიმე პატარა ქვეყანაზე თავდასხმისკენ უბიძგოს.  ახლო წარსულში, მსგავსი შინაარსის პროგნოზები და გაფრთხილებები გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, რუმინეთისა და ესტონეთის მხრიდანაც გაისმა. ამიტომ, ტროელს ლანდ პაულსენიც, სხვა ნატო-ელი კოლეგებივით თვლის, რომ ევროპის ქვეყნებმა სამხედრო ძალებსა და მრეწველობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ.  


რუსეთის პრეზიდენტობის დაწუნებული კანდიდატი

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე და ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მომხრე ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატობის მსურველ, ბორის ნადეჟდინს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. რუსეთის ხელისუფლებამ შეგროვებული ხელმოწერებს დასდო წუნი და ეს მოსდო უარის მიზეზად. ბუნებრივია, ყველასთვის უცნობი ნადეჟდინი პუტინისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ ის, რომ უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე და ნავალნის გულშემატკივარ კანდიდატს შესაძლოა თუნდაც ხმების 5-6% აეღო, კრემლისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა.

მსგავსი/Related

Back to top button