skip to content
ევროპამთავარი თემა

ლეიბორისტთა შთამბეჭდავი გამარჯვება დიდ ბრიტანეთში

რა მოხდა?

ხუთშაბათს, 4 ივლისს დიდ ბრიტანეთში გამართულ საყოველთაო არჩევნებში 14 წლიანი პაუზის შემდეგ ლეიბორისტულმა პარტიამ ძალზედ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. დიდ ბრიტანეთს უკვე ახალი პრემიერი, ლეიბორისტი კირ სტარმერი მართავს.


გიორგი ბილანიშვილი, საგარეო პოლიტიკის მკვლევარი


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? 

დიდ ბრიტანეთი ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი როლი მომავალში კიდევ უფრო შეიძლება გაიზარდოს, რადგან გასულ ხუთშაბათს ბადენისა და ტრამპის საპრეზიდენტო დებატების შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენის წინასაარჩევნო პოზიციები შესუსტდა. ს

ულ რამდენიმე დღის წინ კი, პრესაში გაჟონა ინფორმაციამ უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველთა ჯგუფის პოზიციების თაობაზე, რომელიც ნამდვილად არ გამოიყურება დამაიმედებლად არც ევრო-ატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნებისთვის, არც ნატოსთვის და არც უკრაინისთვის.  

როგორია არჩვენების შედეგები?

არჩვენების პირველადი შედეგების თანახმად, ლეიბორისტებმა 412 მანდატი მოიპოვეს, რაც 211 მანდატით მეტია ვიდრე წინა პარლამენტში ქონდათ. ეს საუკეთესო მაჩვენებელია 1997 წლის შემდეგ, როდესაც ლეიბორისტებმა, ტონი ბლერის ლიდერობით, ასევე ძალზედ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

კონსერვატიულმა პარტიამ 121 მანდატიღა იკმარა, რაც მის წინა მაჩვენებელზე 251-ით ნაკლებია. ასეთი უკუსვლა პარტიას არსებობის 190 წლის განმავლობაში არ ახსოვს.  არჩევნებში მარცხი განიცადეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, მოქმედი კაბინეტის ცხრა წევრმა და სხვა ცნობილმა კონსერვატორებმა. 

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს  ლიბერალ-დემოკრატები კმაყოფილი არიან, 63 მანდატი დაიმატეს და აწ უკვე 71 დეპუტატი ეყოლებათ თემთა პალატაში. შოტლანდიის ნაციონალური პარტია – 9 მანდატი (-37), შინ ფეინი – 7 მანდატი (±0), დამოუკიდებელი კანდიდატები – 6 (+6), დემოკრატიული იუნიონისტთა პარტია – 5 (-3), რეფორმატორები – 4 (+4), მწვანეები – 4 (+3), უესლის პარტია – 4 (+2), სოციალ დემოკრატიული & ლეიბორისტული პარტია – 2 (±0), პარტია ალიანსი – 1 (±0), ოლსტერის იუნიონისტური პარტია – 1 (+1), ტრადიციული იუნიონისტური ხმა – 1 (+1)

https://www.bbc.com/news/election/2024/uk/results

ცოტა რამ დიდი ბრიტანეთის საარჩვენო სისტემასა და პარლამენტზე

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ორპალატიანია – თემთა (ქვედა) და ლორდთა (ზედა) პალატა. თემთა პალატის წევრი ხუთი წლით ირჩევა, 650 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად. გამარჯვებისთვის კანდიდატს მხოლოდ ხმების უბრალო უმრავლესობის მოპოვება ჭირდება. ეს სისტემა ხელს უწყობს ორი პარტიის – კონსერვატიული და ლეიბორისტული დომინირებას. ასე მაგალითად, 2019 წელს ლიბერალ დემოკრატებმა არჩვენებში მონაწილეთა ხმების 11.5% მიიღეს, მაგრამ პარალმენტში მათი წარმომადგენლობა მხოლოდ 2%-ს შეადგენდა.

კანონმდებლობით არჩვენები ნებისმერ სამუშაო დღეს შეიძლება დაინიშნოს, მაგრამ ხუთშაბათს არჩვენების გამართვა უკვე კარგა ხანია, რაც ერთგვარ ტრადიციად გადაიქცა. 1935 წლიდან მოყოლებული ყველა საყოველთაო არჩვენები ხუთშაბათს ჩატარდა.

რაც შეეხება ლორდთა პალატას, იგი 800-ზე მეტი წევრისგან შედგება, რომელებიც არჩევის ნაცვლად  სხვადასხვა წესის მიხედვით ინიშნებიან. მათ შორის, დამსახურების ან მემკვიდრეობითობის პრინციპით. დროთა განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის დემოკრატიზაციის პროცესის შედეგად, ლორდთა პალატამ თანდათანობით დაკარგა ის დიდი ძალაუფლება, რომელიც მას წარსულში გააჩნდა.   

რატომ დამარცხდნენ კონსერვატორები?

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას ბოლო წლებში ზიანი მიადგა მზარდი ინფლაციისა და მაღალი გადასახადების გამო. მართალია კონსერვატორები ამტკიცებდნენ, რომ ეს პრობლემები  კოვიდ პანდემიითა და  უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიით იყო გამოწვეული, მაგრამ ამომრჩევლისთვის ეს ნაკლებად დამაჯერებელი აღმოჩნდა. მით უფრო, რომ კონსერვატიული პარტია რეკორდულად ხანგრძლივი დროის – 14 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ძალაუფლებას. ამ ხნის მანძილზე მან ზედიზედ ოთხ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა აქამდე არცერთ პარტიას ხუთ არჩვენებში ზედიზედ არ გაუმარჯვია. ამ პერიოდში დიდ ბრიტანეთში ორი მნიშვნელოვანი რეფერენდუმი ჩატარდა – შოტლანდიის დამოუკიდებლობისა და ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის თაობაზე, რომელთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.   

კონსერვატორთა ბოლო პრემიერ მინისტრი, რიში სუნაკი, რომელმაც ეს თანამდებობა 2022 წლის ოქტომბერში დაიკავა, განსაკუთრებული პოპულარობით არ გამოირჩეოდა. მისი მოწონების რეიტინგი მხოლოდ 18% შეადგენდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია დიდი ბრიტანეთის ისტორიაში. თავისთავად, დაახლოებით ორწლიან პერიოდში სამი პრემიერის ყოლა დიდი ბირტანეთისთვის უჩვეულო მოვლენაა. არც სუნაკის წინამორბედი, ლიზ ტრასი გამოირჩეოდა პოპულარობით, მისი წინამორბედისგან, ბორის ჯონსონისგან განსხვავებით, რომელიც პოპულარულიც იყო და უკრაინის მტკიცე მხარდამჭერიც. მაგრამ, ამავე დროს, ჯონსონი არაერთ სკანდალში იყო გახვეული, რამაც საბოლოო ჯამში შეიწირა კიდეც მისი კარიერა.  

ვინ არის კირ სტარმერი

კირ სტარმერი აქტიურ პოლიტიკაში სულ რაღაც ცხრა წელია. იგი ლეიბორისტების ოჯახში დაიბადა და სახელიც კი ლეიბორისტული პარტიის პირველი ლიდერის კირ ჰარდის საპატივსაცემოდ დაარქვეს. ვიდრე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გახდებოდა, იგი უფრო რადიკალური მემარცხენე ხედვებით გამოირჩეოდა, მაგრამ შემდგომში უფრო ცენტრისკენ გადაიხარა.

შიდა პოლიტიკაში სტარმერისთვის გაცხადებულ პრიორიტეტს ეკონომიკური ზრდა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება წარმოადგენს. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სტარმერმა პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა, ხოლო ცოტა ხნის წინ კი განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მხოლოდ რუსეთია დამნაშავე. 2019 წელს მას სურდა, რომ ევროკავშირის წევრობის საკითხზე დიდ ბრიტანეთში ახალი რეფერენდუმი ჩაეტარებინა, მაგრამ ახლა მიიჩნევს, რომ „ბრექსიტის“ საკითხი საბოლოოდ არის გადაწყვეტილი.   

მსგავსი/Related

Back to top button