skip to content
რესპუბლიკის ამბები

ქუთაისში სახელმწიფო კონტროლის განყოფილება იხსნება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 1 ოქტომბერი, N220

სახელმწიფო კონტროლში

სახელმწიფო კონტროლის განყოფილება ქუთაისში იხსნება ოქტომბრის პირველ რიცხვებში. ამ განყოფილებას აქვს მინდობილი სახელმწიფო დაწესებულებათა ანგარიშის სრული რევიზია: წინასწარი, მერმეთი და ფაქტიური. ვერც ერთს ასიგნებას (სახელმწიფო ფულს) ქუთაისის ხაზინა ვერ გაანაღდებს, თუ მას არ ექნება კონტროლის გრიფი. აგრედვე მიღებული იქნება ზომები, რომ რაც შეიძლება ხშირად მოხდეს დაწესებულებათა რევიზია, მეტადრე იქ, სადაც დიდი ფასის ქონება ინახება და იხარჯება, ფულად თუ მასალად. მოსალოდნელია, რომ წინასწარი რევიზია პირველ ხანებში დაწესებულებათა უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგანაც პროვინციაში გადაეჩვიენ ანგარიშის წესიერად წარმოებას; რაიმე გაუგებრობის ასაცდენად საჭიროა ანგარიშვალდებული დაწესებულებები კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ჩადგნენ: ყოველი მოთხოვნილება უნდა ემყარებოდეს კანონიერ შტატზე ხარჯთაღრიცხვაზე,  სათანადო განკარგულებაზე და სხვა.  ვისაც არ აქვს რესპუბლიკის კანონთა კრებულის პირველი წიგნი, სადაც დაბეჭდილია სახელმწიფო კონტროლის დებულება და რევიზიის წესდება, მათ ვურჩევთ ან ეს კრებული შეიძინონ, ან გამოიწერონ სახელმწიფო კონტროლიდან ცალკე ბროშურათ დაბეჭდილი კანონი ამ კონტროლის შესახებ.

განყოფილებას სათავეში უდგია უფროსი რევიზორი ა. კ. ამირეჯიბი, რომელიც ქუთაისში ჩასვლისთანავე გამოაცხადებს ადგილობრივ პრესაში, რომ დღიდან დაიწყებს განყოფილება თავის მოქმედებას.

მსგავსი/Related

Back to top button