skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო აუდიტმა ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებაში კორუფციის შესაძლო ნიშნები გამოავლინა 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგად ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები, მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის ნაკლოვანებები, საბიუჯეტო სახსრების არასათანადო გამოყენებისა და სხვა ხარვეზები გამოვლინდა.

46-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც აუდიტმა აპრილში გამოაქვეყნა, ქუთაისის მუნიციპალური ბიუჯეტის განხორციელებას აფასებს, რომელიც მოიცავს საკრებულოს, მერიას და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.

30 აპრილს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ აუდიტის ანგარიშში ჩამოთვლილ ყველა შესაძლო დანაშაულს სათანადო პასუხი გაეცემა.

„თუ თქვენ მიერ ნახსენები ინფორმაცია სიმართლეა, ჯერ არ მინახავს, მაგრამ აუცილებლად მოვიკითხავ, არცერთი ასეთი ბრალდება, პრობლემა და კითხვა არ დარჩება რეაგირების გარეშე. ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება თითოეულ მსგავს ფაქტზე. ამას გპირდებით მე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას რაიმე განმარტება აუდიტის დასკვნაზე ჯერ არ გაუკეთებია.

ინტერნეტგამოცემა „ქუთაისი პოსტისთვის“ 12 აპრილს მიცემულ კომენტარში, ქუთაისის მერიამ აღნიშნა, რომ მას „აქვს თავისი პასუხები და როცა საბოლოოდ შევჯერდებით, შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის კომენტარს“.

აუდიტის დასკვნა 

აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო „არაფინანსური აქტივების ზრდის“ პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც, აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2019 და 2020 წლებში 7.1% და 31.9% დააკლდა. შედეგად, მან ვერ დაიწყო ან დაასრულა მუშაობა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და ეზოების, საბავშვო ბაღებისა და წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე.

ამას გარდა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ქუთაისის მერიაში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, 1.98 მლნ ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, სამუშაოების დადგენილი ხარისხი არ არის მიღწეული.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდთან სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, 22.7 მლნ ლარის ღირებულების ახალი ავტობუსების შეძენისას, მერიამ „არ გამოიყენა კონტრაქტით მინიჭებული უფლებები და არ მოითხოვა მიმწოდებლის მხრიდან ავტობუსების ხარისხის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა“.

სხვა დარღვევებს შორის ანგარიშში ასევე დასახელებულია მერიისთვის მიწოდებული საწვავის პირადი მიზნით მოხმარება, სარესტორნო მომსახურების ხარჯის ზრდა და პერსონალისთვის საჭიროზე 125 ერთეულით მეტი სატრანსპორტო საშუალების ყოლა.

აუდიტმა ასევე დაადგინა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა სათანადო დასაბუთების გარეშე თითქმის 360 ათასი ლარის ოდენობის სოციალური დახმარება გამოუყო მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. ამასთან, დახმარება გაცემულია მერიისა და საკრებულოს მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირებზეც, რომლებსაც, „თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური შემოსავლები გააჩნიათ“.

კონტრაქტები სახელმწიფო შესყიდვებზე 

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისი საბაზროზე მაღალი ღირებულებით შეისყიდა, რომლის ნაწილიც საცხოვრებლად უვარგისი და უხარისხოდ შესრულებული იყო, მან მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

2019-2020 წლებში მიმდინარე დავის დროს მერია კომპანიისგან 1.6 მლნ ლარის დაბრუნებას ითხოვდა, რადგანაც მან შესყიდვის კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად ამისა, 2021 წელს მხარეებმა მორიგების დოკუმენტი გააფორმეს, რის საფუძველზეც, მერიამ მშენებელ კომპანიას გადაუხადა 120 000 ლარი, ხოლო მიმწოდებელმა, თავის მხრივ, დაასრულა მერიისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი.

ამას გარდა, საანგარიშო პერიოდში მერიამ 128.8 ათასი ლარის საქონელი შეისყიდა მიმწოდებლისგან, რომელიც მერის მოადგილესთან დაკავშირებული საწარმოა. მოადგილე იმავდროულად სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.

რეკომენდაციები 

აუდიტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქუთაისის მერიამ ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები უნდა გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ურჩევს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების გაფორმებისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომები მიიღოს.

აუდიტის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ პირობითი აუქციონები გამოიყენება კონკურენციის შესამცირებლად და ქონების საბაზროზე დაბალ ფასად რეალიზაციის მიზნით, რითაც ირღვევა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ მუნიციპალიტეტმა არ განახორციელა სათანადო რეაგირება და განმეორებით დაუშვა ზოგიერთი ის დარღვევა, რომელიც 2015-2016 წლების საქმიანობის შემოწმების დროს გამოვლინდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button