ახალი ამბები

ერთთვიანი პაუზის შემდეგ, „კურიერმა“ მუშაობა განაახლა

Tags

ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა 25 სექტემბერს დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებით – 9 საათიანი „კურიერით“ განაახლა. გადაცემის დასაწყისში, მაყურებელს ჯერ არხის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი მიესალმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის 25-წლიანი ისტორია გრძელდება და რომ არხი თავის კრიტიკულობას შეინარჩუნებს. ამის შემდეგ კი, საინფორმაციო გადაცემას არხის ყოფილი ტელესახე ნათია ლაზაშვილი გაუძღვა, რომელსაც 2006 წლამდე, 11 წლის განმავლობაში „კურიერის“ მთავარი გამოშვება უცვლელად მიჰყავდა.

ირაკლი იმნაშივილმა თქვა, რომ „დღეიდან „კურიერის“ ფასეულობები სარედაქციო მიუკერძოებლობას ეფუძნება“. მანვე აღნიშნა, რომ „კურიერი“ არ იქნება რომელიმე „პოლიტიკური პარტიის თუ ბიზნესჯგუფის მხარეს, არ იცრუებს და არ მოახდენს ფაქტებით მანიპულირებას“ და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე რეაგირებას ყოველდღე მოითხოვს.

„ვბრუნდები, რადგან ვთვლი, რომ ეს ტელევიზია არ უნდა იყოს გათიშული, ეს სტუდია კი ჩაბნელებული. დავბრუნდი, რათა ჟურნალისტებს და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, თავისუფლად აკეთონ თავიანთი საყვარელი საქმე. აკეთონ ახალი ამბები საკუთარი სინდისის მიხედვით, მაგრამ ამავე დროს სხვისი ღირსების დაცვით“, – უთხრა მაყურებელს ნათია ლაზაშვილმა.

ნათია ლაზაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2006 წელს, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, პროტესტის ნიშნად დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზად, „პრინციპებისადმი ერთგულება“ დაასახელა. მანვე განმარტა, რომ „ეს თავისუფალი ხალხის არჩევანი“ იყო. „რუსთავი 2“-დან წასვლის შემდეგ, ნათია ლაზაშვილი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 საპარლამენტო არჩევნების წინ აღდგენილ „მე-9 არხზე“ ასევე საინფორმაციო გამოშვების წამყვანად მუშაობდა. მან არხი მალევე, პროტესტის ნიშნად პირდაპირ ეთერში დატოვა.

ამასთან, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კომუნიკაციების დეპარტამენტის შტატგარეშე თანამშრომელი იყო. ასევე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში მრჩევლის პოზიციას იკავებდა. მისი მეუღლე გიორგი ფრუიძე კი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია.

მაუწყებლობის შესახებ კანონის“ მე-11 მუხლის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრიც „ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს“. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ინტერესთა კონფლიქტს ქმნის და როგორც „სამოქალაქო საქართველოს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განუმარტეს, ეს, შესაძლოა, კომისიის წევრის იმპიჩმენტის საფუძველიც გახდეს.

ვის და რას ნახავს მაყურებელი „რუსთავი 2“-ზე?

დღესვე, „რუსთავი 2“-ზე ეთერი სრულად აღდგა და არხი მაყურებელს დილის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოთი“ მიესალმა, რომელსაც რამდენიმე ძველ სახესთან ერთად, ძირითადად განახლებული გუნდი უძღვებოდა. ასევე განახლებული შემადგენლობით ეთერში უკვე დაბრუნდა შუადღის ტოქშოუ „სხვა შუადღეც“.

24 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის“ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული პრომოს მიხედვით, მაყურებელი არხზე თითქმის ყველა ძველ გადაცემას იხილავს, მათ შორის არის: მაია ასათიანის საავტორო გადაცემა „პროფილი“, კვირის შემაჯამებელი ანალიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმი“, იუმორისტული გუნდის მიერ მომზადებული გადაცემები – „კომედი შოუ“, „გვიანი შოუ“, „ფარული კონვერტი“, „გააცინე და მოიგე“ და „ნიკა არაბიძის შოუ“, რომელიც არხზე „ვანოს შოუს“ ჩაანაცვლებს. 28 სექტემბრიდან ეთერში გასასვლელად ემზადება „დილა მშვიდობისა საქართველო უქმეებზეც“.

უკვე ცნობილია, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე ხელმძღვანელობს, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ამავე არხის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მოადგილე და პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი იყო. არხიდან წასვლის შემდეგ, იგი ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.

არხის აღმასრულებელი დირექტორი ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილია. იგი ამ პოსტზე „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ 27 აგვისტოს წარადგინა. ირაკლი იმნაიშვილი ბოლო 13 წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა და მეუღლესთან ნათია აბრამიასთან ერთად, BBC-ში მუშაობდა. ასევე, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედში“ კონსულტანტი იყო. მისი მეუღლე ნათია აბრამია კი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ასევე კონსულტანტის პოზიციაზეა დასაქმებული.

ამასთან, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვების მთავარი პროდიუსერი პარტია ევროპული საქართველოს PR სამსახურის ყოფილი უფროსი ხათუნა ბერძენიშვილია. მას წარსულში ამავე ტელევიზიაში, ასევე ტელეკომპანია „მზესა“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

მას მერე, რაც 20 აგვისტოს, „რუსთავი 2“ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა, არხი ამ მიმართულებით, ფაქტობრიად, ადამიანური რესურსის გარეშე დარჩა და „კურიერი“ ეთერში თვეზე მეტია არ გასულა. მთელი ამ ხნის მანძილზე, მედიაში მუდმივად იყო საუბარი, რომ „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტი არხიდან წასული ჟურნალისტების დაბრუნებას ცდილობდა და მოლაპარაკებებს სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებთანაც აწარმოებდა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ „რუსთავი 2“-ზე არხის შემდეგი ყოფილი ჟურნალისტები დაბრუნდნენ: თეონა ცხომელიძე, დავით კაკულია, ნათია მღებრიშვილი, დავით დვალიშვილი, ვანო გავაშელი, მარიამ შანშიაშვილი.

აგრეთვე, „რუსთავი 2“-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გურამ როგავა გადავიდა, ტელეკომპანია „იმედიდან“ – სოფო ოხანაშვილი. „რუსთავი 2-ს“ ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი ჟურნალისტები – თამარ ურუშაძე, ბექა პატურაშვილი და შოთა ფალავანდიშვილიც შეუერთდნენ.

ამბის წინაისტორია

„რუსთავი 2“-ში ცვლილებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, იმავე დღეს, რამდენიმე საათში, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ტელევიზიისთვის 2015 წლიდან დაობდა, ტელევიზიის წილები გადაიფორმა, გენერალური დირექტორიც იმავე დღეს შეცვალა და ნიკა გვარამიას ნაცვლად, ამ პოსტზე მისივე ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

პირველ ეტაპზე ტელეკომპანიის ახალი მმართველები თანამშრომლების შემადგენლობისა და სარედაქციო პოლიტიკის უცვლელად დატოვების პირობას დებდნენ, თუმცა პირობა მალევე დაირღვა და არხზე საკადრო ცვლილებები დაიწყო. 20 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერი, ასევე პოლიტიკური და გასართობი გადაცემების წამყვანები გაუშვეს.

იმავე დღეს, არხიდან გაშვებული თანამშრომლების მიმართ დარჩენილი ჟურნალისტების სოლიდარობა მოჰყვა და დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხი პროტესტის ნიშნად, პირდაპირ ეთერში დატოვეს. მეორე დღეს, მათ საინფორმაციო სამსახურის თითქმის სრული შემადგენლობა შეუერთდა.

ამის შემდეგ, ეტაპობრივად, არხიდან სხვადასხვა გადაცემის თანამშრომლებიც წავიდნენ. ტელევიზიიდან წასულების დიდი ნაწილი „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულ „მთავარ არხზე“ გადავიდა, რომელმაც მაუწყებლობა 9 სექტემბერს დაიწყო.

„რუსთავი 2“-დან წასული თანამშრომლების ნაწილი კი – „ფორმულა კრეატივის“ მიერ დაფუძნებულ ახალ ტელევიზიას „ფორმულას“ შეუერთდა, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, იგი ამავე ტელევიზიაში 51%-აინი წილის მფლობელიცაა. ტელეკომპანია „ფორმულა“ ეთერში გასვლას პირველი ოქტომბრიდან გეგმავს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button