ახალი ამბები

„მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა დაიწყო

Tags

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულმა ახალმა ტელეკომპანიამ „მთავარმა არხმა“ 9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე,  საინფორმაციო გამოშვებით – „მთავარი 9-ზე“ მაუწყებლობა დაიწყო.

მაყურებელს „მთავარი არხის“ ეთერში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვების – „კურიერის“ ყოფილი წამყვანები, დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი მიესალმნენ.

„ჩვენ ვიწყებთ ახალი, სუფთა ფურცლიდან“, – მიმართა მაყურებელს დიანა ჯოჯუამ. „დავბრუნდით იმისათვის, რომ თქვენთან ერთად შევქმნათ ცენზურისგან და ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი ტელევიზია. დავბრუნდით იგივე შეუპოვრობით, იგივე შემართებით – გუნდი, რომელსაც ენდობით და რომელიც არცერთი წუთით არ დანებებულა“, – განაცხადა მან.

„ჩვენ უარი ვთქვით გარანტირებულ და კომფორტულ მომავალზე ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით და არ შევეგუებით საქართველოს წარსულში დაბრუნებას. არ ვეთანხმებით და არ შევეგუებით ქვეყანაში კლანურ მმართველობას, კორუფციას, კრიმინალური ღირებულებების დაბრუნებას. არ ვაპირებთ დუმილს და შეგუებას ოკუპაციასთან და ცხოვრებას კრემლის ნება-სურვილის მიხედვით“, – უთხრა მაყურებელს პაატა იაკობაშვილმა.

„მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა კომპანია „ომეგა ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ ტელეკომპანია „იბერიის“ ბაზაზე დაიწყო, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიხურა. ახალმა ტელეკომპანიამ „საერთო მაუწყებლის“ ავტორიზაცია 5 სექტემბერს მიიღო. „მთავარი არხის“ აქციების 51%-ს –  ნიკა გვარამია, 49%-ს კი შპს „ინტერ მედია პლუსის“-ის ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს.

ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნების შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დატოვების შემდეგ, მალევე განაცხადა. მან „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა 18 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც არხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა იგი ამ პოსტიდან გაათავისუფლა და ახალ დირექტორად პაატა სალია დანიშნა.

გენერალური დირექტორის ცვლილებიდან ერთი თვის თავზე „რუსთავი 2“-ზე საკადრო ცვლილებები დაიწყო. არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერი, ასევე პოლიტიკური და გასართობი ტოქ-შოუების წამყვანები გაუშვეს. ამის შემდეგ, არხი საინფორმაციო გამოშვების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. „რუსთავი 2“-დან წასული ჟურნალისტების ნაწილი სწორედ „მთავარ არხზე“ აგრძელებს მუშაობას.

ამ ფონზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინა, რაც სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიება გვარამიას „რუსთავი 2“-ისთვის 7.4 მლნ ლარის ზიანის მიყენებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 აგვისტოს მას 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე, ქვეყნის დატოვება შეუზღუდა.

გვარამია თავდაპირველად აცხადებდა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა, რაც ახალი ტელეკომპანიისთვის დამატებითი პრობლემების თავის არიდების აუცილებლობით დაასაბუთა.

6 სექტემბერს, პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის განზრახ ზარალის მიყენებაში დაადანაშაულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button