Placeholder canvas
ახალი ამბები

„კურიერის“ წამყვანებმა „რუსთავი 2“ დატოვეს

20 აგვისტოს, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და რამდენიმე ტელესახის გაშვებიდან რამდენიმე საათში, არხი „კურიერის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმაც დატოვეს. ჯოჯუამ და სესიაშვილმა წასვლის გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში, 9 საათიანი „კურიერის“ დაწყებისას გაახმაურეს და მაყურებელს ასე დაემშვიდობნენ.

დიანა ჯოჯუამ, რომელსაც არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება 13 წლის განმავლობაში მიჰყავდა, განაცხადა: „მე, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერცერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მომსახურის, ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ, გითხრათ ნახვამდის“.

დიანა ჯოჯუამ აღნიშნა, რომ მათ იომეს, თუმცა ივანიშვილმა „საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია“ და მათ თავისუფალი სიტყვა წაართვა. ჯოჯუამ აღნიშნა, რომ არ იმუშავებს ტელევიზიაში, საიდანაც ვეღარ მოყვება იმის შესახე, თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში და მაყურებელს სხვა სივრცეში,  სხვა არხზე შეხვედრის იმედით დაემშვიდობა.

კურიერის კიდევ ერთი წამყვანის მიხეილ სესიაშვილმა კი თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ „წითელი ხაზები გადაკვეთილია და რუსთავი 2-ში ტოტალური წმენდა დაიწყო“. სესიაშვილმა დაამატა, რომ რუსთავი 2 იყო „ერთი იდეისა და ერთი მიზნის გარშემო ბრძოლაში გამოწრთობილი ადამიანების ერთობა“, რომელიც ქვეყანაში „თავისუფალ სივრცეს ქმნიდა“.

„დღეს მეც ვტოვებ რუსთავი 2-ს, მაგრამ ვიტოვებ იმედს, რომ ისევ შევხვდებით. ამიტომ არ გემშვიდობებით. გეუბნებით მხოლოდ ნახვამდის და, დიახ, უკეთესი მომავლისთვის, თავისუფალი საქართველოსთვის, ლაღი სამშობლოსთვის ბრძოლა გრძელდება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

„კურიერის“ უკვე ყოფილი წამყვანების მაყურებლისადმი დაახლოებით 4-წუთიანი მიმართვის შემდეგ, რუსთავი 2-ის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.

20 აგვისტოსვე, რუსთავი 2-დან წასვლის შესახებ „კურიერის“ კიდევ ერთმა წამყვანმა პაატა იაკობაშვილმა განაცხადა. „აჭარის ტელევიზიასთან“ საუბარში იაკობაშვილმა განმარტა, რომ ვერ იმუშავებს ისეთ არხზე, სადაც „რუსეთისათვის ოკუპანტის წოდებას დაუშლიან“, ან „ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ ბაღზე კარგის თქმას აიძულებენ“.

„ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. მას და მის გუნდს სურს, ხავერდოვნად შეცვალონ რაღაცები… მაგრამ კურიერის გუნდი მათ ამის საშუალებას არ მისცემს. ჩვენი გუნდის მომავალი რუსთავი 2-ში აღარ არის“, – თქვა იაკობაშვილმა.

წამყვანების გადაწყვეტილებას იმავე დღეს რუსთავი 2-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში Facebook-ით გამოეხმაურა. ხალვაშმა განაცხადა, რომ  „სასიამოვნო არ არის“ რაც მოხდა, იმის მიუხედავად რომ მისთვის ეს „სიურპრიზი არ იყო“, თუმცა მანვე დასძინა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button