Placeholder canvas
ახალი ამბები

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დღეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ტელეკომპანიის წილის 60% – უშუალოდ ბიზნესმენს, 40% კი მისივე საკუთრებაში მყოფ შპს პანორამას გაუფორმდა.

საჯარო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადების საფუძველზე მიიღო და ის ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებას, რომელმაც, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე ქონებრივ დავაში, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის სასამართლომ 2017 წლის 2 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე შეაჩერა. ამავდროულად, ტელეკომპანიამ და მისმა მაშინდელმა მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა და შპს საქართველომ, სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართეს და მოითხოვეს იმის აღიარება, რომ  „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე ქონებრივ დავაზე საქართველოს შიდაეროვნულმა სასამართლო ინსტანციებმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვიეს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტი ვერ დაადგინა. მანვე გააუქმა ორი წლის წინ მიღებული დროებითი გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერებული იყო ქიბარ ხალვაშისთვის ტელეკომპანიის მიკუთვნების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი.

დღესვე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელებმა არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლების და მის ადგილზე პაატა სალიას დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილების დარეგისტრირების თხოვნით მიმართეს.

ქიბარ ხალვაშმა დღეს არხის საგანგებო განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ არ აპირებს შეეხოს „არხის სარედაქციო პოლიტიკას“. „გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული“, – დასძინა მან და აღნიშნა, რომ  „ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს“. „ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და არხის მესაკუთრეების ცვლილებასთან დაკავშირებით მანამდე განცხადება არხის მოქმედმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც გააკეთა. მან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად მოულოდნელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ:

  • სტრასბურგის სასამართლოს მეხუთე სექციის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამავე სასამართლოს დიდ პალატაში გასაჩივრდება.
  • დღევანდელი გადაწყვეტილება არ აძლევს ქიბარ ხალვაშს უფლებას, მოითხოვოს „რუსთავი 2“-ის საკუთრებაში რეგისტრაცია, ვიდრე საქმეზე შესაბამის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა არ გამოიტანს. სხვა შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი გადაწყვტილება „უკანონო“ იქნება.
  • იმ შემთხვევაშიც კი, თუ „რუსთავის 2“ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადავა, არხის „სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტად“ დარჩება ნიკა გვარამია, რომლის სამუშაო კონტრაქტი განსაკუთრებულ პირობებს შეიცავს და, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მისთვის მაღალი კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button