ახალი ამბები

წამყვანი ჟურნალისტები “რუსთავი 2“-ს ტოვებენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანი ჟურნალისტების ჯგუფმა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ ისინი “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა ტაბატაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად ტელეკომპანიას ტოვებენ.


ამ ჟურნალისტებს შორის არიან ნანა ლეჟავა, თენგო გოგოტიშვილი, თამარ ღვინიანიძე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე, პროდიუსერი დუდუ კურდღელია და ბოლო 11 წლის განმავლობაში საინფორმაციო პროგრამის “კურიერის“ წამყვანი ნათია ლაზაშვილი.


28 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთვი 2”-ის ახალ გენერალურ დირექტორად, სარეკლამო სააგენტო “სარკის“ ხელმძღვანელი კობა დავარაშვილი დაინიშნა, რომელიც, როგორც ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება იტყობინება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი არველაძესთან დაახლოებული პირია. გავრცლებული ინფორმაციით, სწორედ არველაძემ დაგეგმა ცვლილება ტელეკომპანიის ადმინისტრაციაში, რომელიც ოპონენტთა განცხადებით, მთავრობის კონტროლს ექვემდებარება. არხის მფლობელია თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარი, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.


“ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ მოვისმინეთ თუ რა გახდა ნიკა ტაბატაძის გათავისუფლების მიზეზი“, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს “კურიერის” პროდიუსერმა დუდუ კურდღელიამ 8 სექტემბერს.  


“ეს გადაწყვეტილება [ტელეკომპანიის დატოვების შესახებ] ჩვენი პრინციპებისადმი ერთგულების გამოხატულებაა… ეს არის თავისუფალი ხალხის არჩევანი“, – განაცხადა ნათია ლაზაშვილმა.


“მე აქ 12 წელი ვიმუშავე და სამსახურის დატოვების შესახებ არასდროს მიფიქრია, რადგანაც აქ ყოველთვის მქონდა პირობები, რომ მიუკერძოებელი ვყოფილიყავი. მაგრამ, ახლა სამწუხაროდ, ზოგიერთ ჩემ კოლეგას და მე ორი არჩევანი დაგვრჩა. ჩვენ არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა პროფესიულ პრინციპებსა და უბრალოდ სამსახურს შორის; ასეთი სამსახური არ მინდა“, – განაცადა ნანა ლეჟავამ.


“ეს არის ჩემი პროტესტი, როგორც მე ვფიქრობ, ძალიან უცნაური და გაუმართლებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ [ტაბატაძის გათავისუფლება]“, – განაცხადა თამარ ღვინიანიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button