skip to content
რესპუბლიკის ამბები

დამფუძნებელი კრება ოლივერ უორდროპს მასპინძლობს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 21 სექტემბერი, N212

ოლივერ უორდროპი დამფუძნებელი კრების სხდომაზე

პარასკევს შესდგა დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა კანიკულების შემდეგ. სხდომას დაესწრო მრავალი საპატიო სტუმარი და მათ შორის დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ოლივერ უორდროპი, რომელსაც დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსმა ამხანაგმა ალექსანდრე ლომთათიძემ სიტყვით მიმართა:

ბატონებო ნება მიბოძეთ თქვენი ყურადღება მივაქციო და მხურვალე სალამით მივმართო დიდი ბრიტანეთის მთავარ წარმომადგენელს ძვირფას და საყვარელ სტუმარს ბატონ ოლივერ უორდროპს (ხანგრძლივი ტაში, დამფუძნებელი კრების წევრნი ფეხზე ადგომით მიესალმებიან). ვენი გრძნობანი ყველასათვის ნათელია. არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ საჯაროთ და ეხლაც ვსარგებლობ ძვირფასი სტუმრის მობრძანებით: პატარა საქართველოს, მის ხალხს, მის დემოკრატიას არავისთვის არა დაუშავებია რა. მას სწყურია ის მონაპოვარნი რუსეთის დიდი რევოლუციისა, რომელთაც აქ შეინარჩუნეს არსებობა, განამტკიცოს მხოლოდ ერთად-ერთ საფუძველზე, სახელდობრ საქართველოს სუვერენობის მტკიცე საფუძველზე (ტაში) ამ რევოლუციის ქარცეცხლში საქართველოს დემოკრატიამ განახორციელა ერთი დიდ ლოზუნგთაგანი ერთა თვით-გამორკვევა, და ის სწყვეტს ამ ერთა თვით-გამორკვევის საკითხს დამოუკიდებლობის გამოცხადებით.

საქართველოს დემოკრატია დამოუკიდებლობის გამოცხადებით გაექცა ბოლშევიკურ ანარქიას და შავ-ბნელ რეაქციას, რომელნიც გვევლინებიან ჩვენ ჩრდილოეთით, და აირჩია გზა, რათა თავისი ბედი თვით გამოსჭედოს.

ეს გზა გახლავთ ევროპიული კულტურის და ცივილიზაციის შეთვისებისა და ჰსურს ევროპის ხალხთა თავისუფალ ოჯახში თავისუფალ და სწორ-უფლებიან წევრად შევიდეს. ჰსურს წინაპართა მიერ ნაანდერძევი კულტურა გააღვიოს, გაამდიდროს და თავისი კულტურული შემოქმედების წვლილი შეჰმატოს ევროპის ხალხთა სალაროს. ერის ბედნიერების და კეთილდღეობის საქმეში ჩვენი დამხმარენი იქნებიან ყველანი, ერთა თვითგამორკვევა. ჩვენ გვაქვს ფაქტები, რომ დიდი ბრიტანეთი სრულის თანაგრძნობით ეპყრობა ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცების საკითხს, და თვით ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის მთავარ წარმომადგენლად ყველასათვის ცნობილი, საყვარელი და ძვირფასი ბატონი ოლივერ უორდროპია, თვით ეს ფაქტი აღიარებს, რომ დიდ ბრიტანეთს ჰსურს პატარა საქართველოს აყვავება, მისი კეთილ-დღეობა. ჩვენ გვესმის, რას ნიშნავს დიდი ბრიტანეთის თანაგრძნობა ჩვენდამი.

გულითადი სალამი ჩვენს ძვირფას სტუმარს ოლივერ უორდროპს.

გაუმარჯოს დიდ ბრიტანეთს, მის დემოკრატიას!

გაუმარჯოს ბატონ ოლივერ უორდროპს!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

საქართველო დიდ ბრიტანეთთან ერთად, ევროპის სხვა ხალხთა და დემოკრატიას ათქმევინებს, რომ სადღაც აზიის ერთ-ერთ კუნჭულში პატარა საქართველომ შეინარჩუნა თავისუფლება, ფიზიკური არსებობა და მოაწყო მტკიცე დემოკრატიულ საფუძვლზე თავისი სახლემწიფოებრივობა. ამ საერთო ანარქიის დროს უაღრესად დემოკრატიული პრინციპით მოწვეული დამფუძნებელი კრება განაგრძობს მუშაობას და იმედს გამოვსთქვამთ, რომ მას ხელს არავინ შეუშლის ამ მუშაობაში.

მხურვალე სალამი ძვირფას და საყვარელ ოლივერ უორდროპს (ხანგრძლივი ტაში).

მსგავსი/Related

Back to top button