ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 20 ნოემბერი

“ლამაზი” გარღვევების გარეშე

უკვე შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულში წამოწყებულ უკრაინულ კონტრშეტევას მნიშვნელოვანი და “ლამაზი” გარღვევები არ მოჰყოლია. ეს უკრაინის გენშტაბის უფროსმა, ვალერი ზალუჟნიმაც აღიარა და ისიც დაამატა –  რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელ პოზიციურ ბრძოლებში გადაიზარდა და ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვების გარეშე, ბრძოლის ველზე რაიმე გარდატეხა ნაკლებად მოსალოდნელიაო. ამასობაში, რუსეთის შეიარაღებული ძალები ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით მდებარე ავდეევკას უტევენ. ჯერჯერობით, უკრაინელები ავდეევკაზე წამოწყებულ რუსულ შეტევას წარმატებით იგერიებენ და სამხრეთ რაიონებშიც შეზღუდული ხასიათის შეტევით ოპერაციებს განაგრძობენ.  


ლორდი კამერონის პირველი სტუმრობა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, დევიდ კამერონი დანიშვნისთანავე, თავისი პირველი საგარეო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას შეხვდა. დევიდ კამერონმა არ დაიზარა და კიივის გარდა ქალაქი ოდესაც მოინახულა, რომელიც ბოლო თვეებში რუსეთის სარაკეტო თავდასხმების ამოჩემებული სამიზნე იყო. კიივში ყოფნისას, მტრებისა და ფინთი მოყვარეების გასაგონდ, ბრიტანეთის ახალმა საგარეო მდივანმა უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ცხადად უთხრა –  “მართალია პუტინს ჰგონია “უკრაინაში ომით” გავითანგებით და ადრე თუ გვიან ყურადღებას მოვადუნებთ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ იმდენ ხანს ამოგიდგებით მხარში, რამდენიც საჭირო იქნებაო.”


ესტონეთის ჩრდილო-ატლანტიკური ამბიციები

ვაშინგტონში “Politico Defense Summit”-ზე ჩასულმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, ქალბატონმა კაია კალასმა სულაც არ დამალა, რომ დაინტერესებულია ნატო-ს გენმდივნის თანამდებობით. თუ კაია კალასმა ნატო-ს გენმდივნის თანამდებობის დაკავება მოახერხა, ის ალიანსის პირველი ქალი ხემძღვანელი გახდება და ამის გარდა, ნატო-ს პირველად თავისი არსებობის ისტორიაში აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. ქალბატონ კალასამდე, ამ საერთაშორისო თანამდებობით ფრთხილად დაინტერესდა ნიდერლანდების წარმავალი პრემიერი, მარკ რუტტეც. ნატო-ს გენმდივნის თანამდებობაზე აგერ უკვე თითქმის ათწლეულია, რაც ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგია გამწესებული, რომელსაც უკვე მეოთხედ გაგრძელებული მანდატი 2024 წლის ოქტომბერში ეწურება.


ცხოვრება პუტინის რუსეთში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სამხედრო სამსახურის ჯეროვნად მოხდის სანაცვლოდ, თურმე ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მსჯავრდებული, სერგეი ხაჯიკურბანოვი შეიწყალა. მოგვიანებით კი, ისიც გამოირკვა, რომ იმავე მიზეზით, პრეზიდენტ პუტინს ამა წლის აპრილში, 23 წლის ვერა პეხტელევას წამებით მკველობაში მსჯავრდებული, ვლადისლავ კანიუსიც შეუწყალებია. სამაგიეროდ, პუტინის მართლმსაჯულებამ 33 წლის მხატვარი ქალი, საშა სკოჩილენკო, პატარა მაღაზიაში ფასის მაჩვენებლების ომის საწინააღმდეგო წარწერებით ჩანაცვლებისთვის “დეზინფორმაციის გავრცელებაში” დაადანაშაულა და მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საშა სკოჩილენკო თურმე მაღაზიაში მყოფმა ბებიამ დაასმინა, რომელიც თავის საქციელით დღესაც ამაყობს.


სანჩესმა სკამი შეინარჩუნა

კატალონიელ სეპარატისტებთან სერიოზული დათმობების ფასად და მასობრივი სახალხო პროტესტის ფონზე, სოციალისტმა პედრო სანჩესმა ესპანეთის პრემიერობა შეინარჩუნა. სწორედ კატალონიური და ბასკური სეპარატისტული ძალების გადამწყვეტი მხარდაჭერით, 179 ხმით 171-ის წინააღმდეგ, ესპანეთის პარლამენტმა, პრემიერად პედრო სანჩესი დაამტკიცა. ხელისუფლების შესანარჩუნებლად, სანჩესი ჯერ უფრო მემარცხენე პარტია “სუმარს” შეეკრა, შემდეგ კი, საჭირო ხმების მოსაპოვებლად, კატალონიელ სეპარატისტებს სხვა უკანონობებთან ერთად, 2017 წლის სამეფოდან გამოყოფის მცდელობაც აპატია და “ამნისტიის კანონის” მიღებას დათანხმდა. სანჩესის ამნისტიას ესპანეთში ყველა არ იზიარებს და ამ ფრიად წინააღმდეგობრივ ნაბიჯს ძლიერი სახალხო პროტესტიც მოჰყვა.


სანქციების მეთორმეტე ფუთი

ამასობაში, ევროკომისიამ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-12 შეფუთვა შეიმუშავა. ამჯერად, ევროკომიას მიზანში რუსული ალმასები აქვს ამოღებული და სანქციების ამ შეფუთვამ ევროკავშირში რუსული ალმასების იმპორტზე აკრძალავა უნდა დააწესოს. ალმასების გარდა, მე-12 შეფუთვის სანქციები ითვალისწინებს ნავთობის ფასებზე დაწესებული “ზედა ზღვარის” გამკაცრებულ კონტროლს და უკვე დაწესებული სანქციების თავიდან არიდების წინააღმდეგ ქმედითი ზომების მიღებას. ახალი სანქციებით, ევროკავშირი უფრო მსუსხავ ზომებს მიიღებს მესამე ქვეყნების იმ კომპანიების წინააღმდეგაც, რომლებიც რუსეთს სანქციების რეჟიმის თავიდან არიდებაში ეხმარებიან. ბრიუსელში საუბრობენ, რომ ახალი შეზღუდვები ასევე შეეხება ათეულობით კერძო პირსა და კომპანიას. სანქციების ახალ შეფუთვას ევროკავშირის თითოეულმა ქვეყანამ ყურადრებით უნდა ჩახედოს და შემდეგ, 27-ივე წევრმა სახელმწიფომ ერთხმად დაამტკიცოს ევროპულ საბჭოზე.

მსგავსი/Related

Back to top button