ძველი ამბები

რაჭველები ქალაქ ონში გიმნაზიის ასაშენებლად ერთიანდებიან

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 17 სექტემბერი, N208

მოწოდება რაჭველებისადმი

წელს რაჭაში ახალი ტიპის გიმნაზია გაიხსნა (ჯერ მეხუთე კლასი) თუმცა მთავრობა აძლევს სუბსიდიას, მაგრამ მაინც საჭიროა ფართო საზოგადოების დახმარება გიმნაზიის მოსაწყობათ და შენობის ასაგებათ. განზრახულია ქალაქ ონში შენობის აგება საშუალო სასწავლებლისთვის, სადაც ჯერ გიმნაზია მოთავსდება, შემდეგ კი სპეციალური სასწავლებელი. ამ მიზნების განსახორციელებლად ონში დაარსდა გიმნაზიის დამხმარე კომიტეტი, რომელიც მოუწოდებს რაჭის გარედ მცხოვრებ რაჭველებს, რომ მათ გამოიჩინონ მამულიშვილური გრძნობა და ყველამ შეძლების და გვარად გაიღონ თავისი წვლილი განათლების გასავრცელებლად რაჭაში. ამ მხრით პირველი მაგალითი უკვე მისცა საზოგადოებას ბატონმა ივანე ვარაზაშვილმა (1879-1955, სოციალისტ-რევოლუციონერი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი 1918 წელს – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) რომელმაც შესწირა რაჭის საშუალო სკოლის შენობისათვის ოცი ათასი მანეთი (20 000 მან.).

ონის გიმნაზიის დამხმარე კომიტეტი უღრმეს მადლობას უხდის ბ-ნ ვანო ვარაზაშვილს უხვი შემოწირულობისათვის და იმედი აქვს, რომ სხვებიც წაჰბაძავენ ამ მაგალითს.

ფულის შეგროვება სწარმოებს ყველა ქალაქებში სანდო პირთა მიერ, რომელთაც აქვთ ონის კომიტეტისაგან მინდობილობის ფურცელი. ყოველი შემოწირული კაპიკი გამოცხადებული იქნება გაზეთში.

კომიტეტის დავალებით ონის გიმნაზიის დირექტორი გიორგი კვიტაშვილი

P. S. უმორჩილესათ ვთხოვ სხვა გაზეთებს ეს ცნობა მიაწოდოს თავის მკითხველებს.

Related Articles

Back to top button