ახალი ამბები

ფაქტ-მეტრი: სად არის საქართველოს სამაშველო ვერტმფრენები?

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ მედია პროექტმა „ფაქტ-მეტრმა“ 4 აგვისტოს გამოაქვეყნა კვლევა სამაშველო ვერტმფრენების სადავო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ყოველი სტიქიური უბედურების შემდეგ აქტუალური ხდება. კვლევის გამოქვეყნებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღესვე ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადებები. როდესაც ღარიბაშვილს სამაშველო ვერტმფრენების შესახებ ჰკითხეს და მისი შარშანდელი განცხადებაც შეახსენეს, რომ მთავრობა მათ შეძენას აპირებდა, პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტები 24 საათის განმავლობაში ტყუილების გავრცელების თაობაზე „ერთადერთი დავალების“ შესრულებაში დაადანაშაულა.  

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნავს, რომ გასული წლის 29 აგვისტოს გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  ხელისუფლება წინა მთავრობის მიერ ნაყიდ „სუპერ პუმას“ გაყიდდა და ამ თანხით სამ ახალ ვერტმფრენს შეიძენდა. თუმცა, მიუხედავად ამ დაპირებისა, სასაზღვრო პოლიციას ახალი ვერტმფრენები არ ჰყავს.  

„ფაქტ-მეტრის“ თქმით, სამაშველო სამსახურს საკუთარი ვერტმფრენი არ ჰყავს და საგანგებო მდგომარეობების დროს სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენებს იყენებს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები სამაშველო სამუშაოებში გუშინვე ჩაერთნენ, დაღამების გამო, დამეწყრილ ზონაში მუშაობა დილამდე შეაჩერეს, რადგან საქართველოს ამ დრომდე ღამის სამაშველო სამუშაოების შესაბამისად აღჭურვილი ვერტმფრენები არ ჰყავს.

იმავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ არსებულ ყველა ვერტმფრენს კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია ჩაუტარდებოდა, ასევე სასაზღვრო პოლიციისთვის ორი ახალი შვეულმფრენის შეძენა იყო დაგეგმილი, არანაირი პროგრესი არ შეინიშნება. 25 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ერთეული H145-ის ტიპის შვეულმფრენის შესყიდვაზე გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის აღწერილობაში წერია, რომ სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული შვეულმფრენების ნაწილი მოძველებულია, ასევე მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს მათი გეგმური რემონტი. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ 3 ერთეული თანამედროვე სტანდარტის შვეულმფრენის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია „Airbus Helicopters S.A.S-მა“ გამოთქვა მზაობა პრივატიზების გზით შეიძინოს მისივე წარმოებული საფრენი აპარატი და საპრივატიზაციო თანხად 5 500 000 ევრო განისაზღვრა. სამი ერთეული შვეულმფრენის ჯამური ღირებულება 26 500 000 ევროა. შვეულმფრენების მოწოდება ეტაპობრივად განხორციელდება. კერძოდ, პირველი შვეულმფრენის მიღება 17 თვის განმავლობაში მოხდება, მეორე შვეულმფრენის 19 თვის განმავლობაში, ხოლო, მესამე შვეულმფრენის 20 თვის განმავლობაში.

საქართველოს სახალხო დამცველმა 4 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button