skip to content
რესპუბლიკის ამბები

თბილისის საოპერო დასი ბრიტანეთის მიერ ოკუპირებულ ბათუმში გასტროლებს მართავს

ჟურნალი თეატრი და ცხოვრება, 1919 წლის 1 აგვისტო, N28

სახელმწიფო თეატრის საოპერო დასი საგასტროლოთ გაემგზავრა ბათუმს და, როგორც იქნა, სერიოზულ ოპერებს მოკლებული ბათუმის საზოგადოება ეს ერთი კვირაა ეზიარება თბილისის სახელმწიფო თეატრის საოპერო დასის მიერ დადგმულ ოპერებს, ლოტბარობს ფალიაშვილი და კორშონი, რეჟისურა ალ. წუწუნავასი.

პირველად 11 ივლისს დაიდგა ოპერა „აბესალომ და ეთერი“. ოპერის დადგმას საზეიმო ხასიათი ჰქონდა. დაესწრო აუარებელი საზოგადოება, რომელიც ოვაციებს უმართავდა მომღერლებს. შემსრულებლებიც კარგები იყვნენ. რეჟისურა ხომ ზედმიწევნით კარგი, რამდენად ბათუმის რკინის თეატრის ვიწრო და ღარიბი სცენა უწყობდა ხელს.

12 ივლისს დაიდგა კომიკური ოპერა ვიქტორ დოლიძისა „ქეთო და კოტე“. ამ დიდმა და კარგმა ანსამბლმა ეს ოპერაც ზედმიწევნით კარგად შეასრულა და დამსწრე საზოგადოება აცინა. ოვაციები გაუმართეს ავტორს, რომელიც ამ საღამოს შემთხვევით დაესწრო.

13 ივლისს დაიდგა „სევილიელი დალაქი“ და „თავადი იგორი“. 14 ივლისს – ოპერა „დემონი“. 15 და 16 ივლისს კვლავ „ქეთო და კოტე“ და „აბესალომ და ეთერი“ საზოგადოების თხოვნით.

Г. В – скiй

მსგავსი/Related

Back to top button