ახალი ამბები

საია ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებაზე შეშფოთებას გამოხატავს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 31 ივლისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ბათუმის პორტში საკრუიზო გემის, ASTORIA GRANDE-ს მეორედ შემოსვლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, რა დროსაც პორტის მიმდებარედ, პოლიციამ 23 პირი, მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქე, ადმინისტრაციული წესით დააკავა. გემის ბორტზე ძირითადად რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

საია დაკავების პროცესში უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ „თავად ხომალდის მეპატრონესა და დაკავშირებულ კომპანიებთან მიმართებით არსებობს ინფორმაცია მათი სანქცირების შესახებ“.  

ორგანიზაციის თქმით, საგანგაშოა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, და, „ამ საფუძვლით მომეტებულად, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდებით, ზღუდავს დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს, მშვიდობიანად გააპროტესტონ საქართველოში რუსული ოკუპაცია და რუსული გავლენები“. საია-მ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხო კორიდორი მოუწყო რუსეთის მოქალაქეებს, რათა კრუიზიდან ქალაქში მოსახვედრად დაბრკოლებები არ შექმნოდათ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „აგრძელებს ბათუმში მიმდინარე აქციის მონიტორინგს და უკანონოდ დაკავებული პირების ინტერესების დაცვას, თუმცა, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ გასცემს დაკავებული პირების ადგილმდებარეობის შესახებ. ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მოინახულონ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები წინასწარი დაკავების იზოლატორში“.  

ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ იმოქმედოს კონსტიტუციური ინტერესებიდან გამომდინარე და არ გამოიყენოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალა, ასევე არ დაუშვას უკანონო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა და გაათავისუფლოს აქამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები.

ამასთან, შესაბამისმა დანაყოფებმა დაკავებულების ადვოკატებს და ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებულების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button