ახალი ამბები

ბათუმში რუსული საკრუიზო გემის ჩამოსვლის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს ცხრა პირი დააკავეს

პოლიციამ 31 ივლისს ბათუმის პორტის მახლობლად, სადაც სოჭიდან საკრუიზო გემის Astoria Grande-ს ჩამოსვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართებოდა, ცხრა პირი დააკავა. ინფორმაცია დაპატიმრებების შესახებ „სამოქალაქო საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული უკრაინის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ბათუმის პორტთან სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 9 პირია დაკავებული. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“.

საკრუიზო გემმა Astoria Grande, რომლის ბორტზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, სოჭის პორტი 29 ივლისს დატოვა და ბათუმში 31 ივლისს 05:30 საათზე ტრაბზონიდან შემოვიდა.

საპროტესტო აქცია ბათუმის პორტში შუაღამისას დაიწყო მას შემდეგ, რაც იქ პოლიციამ გემის შემოსვლამდე ბარიკადები აღმართა. პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა და პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.   

31 ივლისს, დაახლოებით 10:20 საათზე, ტურისტები ქალაქში ავტობუსებით პოლიციის თანხლებით გადაიყვანეს. მომიტინგეებმა მათ კვერცხები დაუშინეს.

რუს ტურისტებთან ერთად გემზე იმყოფებიან ტელეკომპანია RU.TV-ს არტისტები, მათ შორის Hi-Fi-ს ყოფილი სოლისტი მიტია ფომინი, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდასაჭერად 2022 წლის პატრიოტულ მარათონში „რუსეთისთვის“ მიიღო მონაწილეობა. 2017 წლიდან ფომინს უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთს ეკუთვნის. მან 2018 წელს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მოძრაობა „პუტინის გუნდს“ დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ პუტინმა მას მადლობა გადაუხადა სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტებისთვის.

გემზე ასევე იმყოფება რუსული მუსიკალური ჯგუფი “Те100стерон”, რომლის დამფუძნებლები ვალერი და ანდრეი ბირბიჭაძეები არიან. ეს ჯგუფი ბოლო წლებში რუსი ჯარისკაცებისთვის ატარებდა კონცერტებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გემზე ასევე იმყოფება ბელარუსი მომღერალი დმიტრი კოლდუნი. მან 2018 წელს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გამართა კონცერტი. მართალია უკრაინამ მას სანქციები არ დაუწესა, ვებგვერდზე War and Sanctions იგი პუტინის რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის აქტიურ მხარდამჭერთა შორისაა დასახელებული.


პირველი საპროტესტო აქცია რუსეთის საკრუიზო გემის წინააღმდეგ 27 ივლისს გაიმართა, რის შედეგადაც გემმა ბათუმი დაგეგმილზე ადრე დატოვა. იგეგმებოდა, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ ბათუმში ყოველ ორ კვირაში ერთხელ შემოვიდოდა. გემს თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International”-ი ემსახურება და მისი შემოსვლა „კომერციული ხასიათის“ იყო. თუმცა, საქართველოს მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, კომპანია განაცხადა, რომ ბათუმი გემის მარშრუტების სიიდან ამოიღეს.

საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს ინფორმაციით, გემის მფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

ასევე წაიკითხეთ:

28/07/2023 – პრეზიდენტი რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ პროტესტს მიესალმა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button