skip to content
რესპუბლიკის ამბები

განათლების სამინისტრომ დარღვევების გამო კერძო სასწავლებლები დახურა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 9 აგვისტო, N176

სახალხო განათლების სამინისტროში

სამინისტროს ცირკულარი კერძო საშუალო სკოლათა უფროსებისადმი მათ სასწავლებლებში სწავლა-აღზრდის მდგომარეობის შესახებ

თანახმად განათლების სამინისტროს განკარგულებისა დაიხურა შემდეგი კერძო სასწავლებლები:

ა) ტერ-სტეფანოვის ოთხკლასიანი შერეული გიმნაზია

ბ) გუდკოვის სრულუფლებიანი გიმნაზია

გ) ორბელიანცის გიმნაზია.

აღნიშნულ სასწავლებლებში მოწაფეთა რიცხვი მეტად მცირე: 8-12 და მეცადინეობის სისტემაც ეწინააღმდეგება საღ პედაგოგიურ მოთხოვნილებებს

წაერთვა უფლება შემდეგ სასწავლებლებს:

ა) პუშკინის კერძო გიმნაზიას

ბ) მეორე სახალხო ოთხკლასიან გიმნაზიას

გ) ტროფინეკოს ოთხკლასიანი გიმნაზიას

დ) აღაპიევის რეალურ სასწავლებელს

ე) ტიხომიროვის და პასჩენკოს გიმნაზიას

ზ) მაჩაიძის გიმნაზიას

თ) თევზაძის გიმნაზიას

გამოეცხადა გაფრთხილება:

ა) სლავო-რუსთა საზოგადოების რეალურ სასწავლებელს

კერძო საშუალო სასწავლებლების რევიზიამ რომელიც მოხდა განათლების მინისტრის ამხანაგის ნოე ცინცაძის განკარგულებით, აღმოაჩინა ბევრი უწესობა: თითქმის ყველა ეს სასწავლებლები აღჭურვილი არიან მთავრობის სკოლების უფლებით, მაგრამ იშვიათად მოიპოვებ მათში ისეთი, რომელიც შეეფერება თავის დანიშნულებას და ამართლებს მისდამი მინიჭებულ უფლებებს.

ამ კერძო სასწავლებლების მამოძრავი იდეა უფრო მერკანტილურია, ვიდრე პედაგოგიური: თითოეული სკოლის გამგეობა მეტს ყურადღებას აქცევს შემოსავალ-გასავალს, ვიდრე  სწავლა-აღზრდის საკითხს.

იშვიათია ამის გამო ისეთი კერძო სასწავლებელი, რომელსაც აქვს სასკოლო ჰიგიენის მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი ბინა. კერძო სასწავლებლებს აკლია შესაფერი მოწყობილობაც: არ აქვთ არც ფიზიკური, არც გეოგრაფიული, არც საბუნებისმეტყველო კაბინეტები.  ზოგს სასწავლებელს არ გააჩნია უბრალო გეოგრაფიული და ისტორიული რუქებიც. მასწავლებელთა კონტიგენტიც კერძო სასწავლებლებში, ჯამაგირის სიმცირის გამო, შედგება უმთავრესად სათანადო მომზადებას მოკლებულ პირებიდან, რომლებიც, გარდა ამისა ნაკლები სიბეჯითით ეპყრობიან თავის მოვალეობას, ხშირად კერძო სასწავლებლებში ღებულობენ ისეთ მოწაფეებს, რომლებსაც არა აქვთ სათანადო მომზადება, ასეთ პირობებში ძნელია ნორმალური მეცადინეობა.

მართლაც კერძო სკოლებში სწავლა ვერ სწარმოებს სასურველ ინტენსივობით. მასწავლებლები ხშირად სტოვებენ ხოლმე გაკვეთილებს და საზოგადოთ ვერ იჩენენ საჭირო მუყაითობას სწავლებაში: ამოკლებენ სახალხო განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროგრამებს და იმასაც კი, რასაც ასწავლიან, გადიან ფრიად ზერელედ და ფუქსავატად.

ამასთან ერთად კერძო სასწავლებლები არღვევენ მათ შესახებ არსებულ კანონის დებულებებს: ღებულობენ მოწაფეთ უსაბუთოდ, აძლევენ ისეთ მოწმობებს, რომლების გაცემა აღემატება მათს კომპეტენციას, არ უფარდებენ გაკვეთილების ცხრილს და საზოგადოთ სწავლა აღზრდის საქმის წარმოებას სამინისტროს მოთხოვნილებებს და სხვა. ყველა ამის გამო კერძო სრულუფლებიან სასწავლებლების მეოხებით მრავლდება რიცხვი ყოველგვარი ატესტატებისა, მაგრამ სახალხო განათლებას ამით არაფერი ემატება. პირიქით, რეალურ მნიშვნელობას მოკლებული ატესტატები ხელს უწყობენ ნამდვილი შრომისათვის სრულიად მომზადებული  ახალგაზრდობის გამრავლებას.

ვინაიდან ზემოთ აღნიშნული უწესობა სწავლა-არზრდის საქმეში გამოწვეულია უმთავრესად იმით, რომ კერძო სკოლებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ფორმალურათ მთავრობის  სასწავლებლების უფლებები არ შესწევთ არც მატერიალური, არც მორალური სახსარი შექმნან ამ ფორმის შესაფერისი შინაარსი. სახალხო განათლების სამინისტრო, რომელიც თავის მოვალეობად სთვლის ყოველგვარი დახმარება გაუწიოს სახალხო განათლების საქმეში კერძო ინიციატივას, თუ ეს უკანასკნელი გამსჭვალული იქნება საღი პედაგოგიური ფორმის გამოყენებით სრულიად პედაგოგიური მიზნის მისაღწევათ, ამიტომ სახალხო განათლების სამინისტრომ დაადგინა:

ა) რამდენიმე კერძო საშუალო სასწავლებელი სრულიად დაიხუროს

ბ) წაერთვას მთავრობის სკოლის უფლებები კერძო საშუალო სასწავლებლებს, იხელმძღვანელონ მომავალში კერძო სასწავლებლის შესახებ არსებული დებულებით და მეტი მზრუნველობა გამოიჩინონ მათდამი მინდობილი ახალგაზრდების სწავლა-აღზრდაზე.

მსგავსი/Related

Back to top button