skip to content
ახალი ამბები

პროკურატურა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და ასევე, მისი ყოფილი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

უწყებაში 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, რომ დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ჯგუფურად, 16 754 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზეა გამოტანილი, რასაც თან განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების მიღება ახლდა.

პროკურატურის ცნობით, დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებს მოიცავს.

უწყებისავე განცხადებით, დღეს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, პროკურატურაში არიან დაბარებულები. ამასთან, გენერალური პროკურატურა მათთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფართების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.

როდის დაიწყო გამოძიება?

გენერალურ პროკურატურაში TBC ბანკის მიერ უკანონო შემოსავლების შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ 2019 წლის 9 იანვარს განაცხადეს. მაშინ უწყებაში განაცხადეს, რომ საქართველოს ფინანასური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში თიბისი ბანკის ფინანსური აქტივობების შესწავლა დაიწყო და მივიდა დასკვნამდე, რომ „ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები“.

პროკურატურაში ისიც განმარტეს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა უწყებას მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურას 2018 წლის ივლისში გადაუგზავნა, საქმეზე გამოძიება კი – 2 აგვისტოს დაიწყო.

რას ედავება გამოძიება ხაზარაძესა და ჯაფარიძეს?

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M“-მა და „სამგორი თრეიდმა“ თიბისი ბანკისგან საბრუნავი თანხების შევსების მიზნით, დაახლოებით 17 მლნ ამერიკული დოლარის ოდენობის სესხი აიღეს. კომპანიებმა მიღებული თანხა იმავე დღეს სესხის სახით ფიზიკურ პირებზე – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე გასცეს.

„2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას“, – განმარტეს უწყებაში.

პროკურატურისავე ინფორმაციით, „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M“-ს სესხი ისე ჩამოიწერათ, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და სესხი ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. ამასთან, უწყებისავე განმარტებით, შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M“ – ის, ვალი არც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გაუსტუმრებიათ.

შემდგომი მოვლენები მოკლედ

პროკურატურის განცხადებიდან დაახლოებით ერთ თვეში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის აქციონერებისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მის მოადგილის ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოსთხოვა. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო სებ-ის მოთხოვნიდან დაახლოებით ერთ კვირაში დატოვეს.

მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და მუქარის შემთხვევებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების მიზანი მათი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან ჩამოშორება იყო. აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პროექტის მთავარი პარტნიორი სწორედ მამუკა ხაზარაძეა და მის განხორციელების უფლება თიბისი ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის ერთობლივმა კონსორციუმმა 2016 წელს მოიპოვა. მმართველ გუნდში ხაზარაძის ბრალდებებს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ანაკლიის პორტის პროექტთან კავშირი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ თბილისში 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში არსებული „საგანგაშო“ ვითარებისა და მდგომარეობის დეესკალაციის მიზნით, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო.

9 ივლისს Facebook-ის საკუთარ გვერდზე მან დაწერა: „მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ“.

თიბისი ბანკისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button