skip to content
ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას, სადაც TBC ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილება, ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მან შს მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

„არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც მუქარით, პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ ახლა მე გეტყვით, ბოლოს დასკვნაში, როგორ მინდა გთხოვოთ, რომ ეს პროცესი წავიდეს. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება რაც მოხდა“, – განაცხადა მან.

დეპუტატების კითხვაზე, თუ ვინ იყო ის მაღალჩინოსანი, ხაზარაძემ დააზუსტა, რომ მან წერილი შს მინისტრისგან მიიღო.

მამუკა ხაზარაძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი მიმდინარე წლის 21 თებერვალს, ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე დატოვა. თუმცა, ის ბანკში აქციებს დღემდე ინარჩუნებს. ხაზარაძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრადაც რჩება.

მამუკა ხაზარაძის მოსმენა 26 თებერვალს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეც იყო დაგეგმილი, თუმცა ჩაიშალა. ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დაწყებიდან მალევე დასრულებულად გამოაცხადა.

TBC ბანკის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button