Placeholder canvas
ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე: „მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან“

TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე TBC ბანკიდან მიდის. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ხაზარაძემ განმარტა, რომ ბანკი „შეტევის ქვეშ იმყოფება“, რის გამოც საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მლნ დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად იზარალა ქვეყანამაც. „ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყევტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული“, – აცხადებს ის.

ხაზარაძის თქმით, არცერთ სახელმწიფო მოხელეს, მათ შორის პრემიერსა და მინისტრებს, საქმით დაინტერესებისა და მათთან შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამს. „მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა, სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში“, – დასძინა მანვე.

ხაზარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესების მიზანი მისი დისკრედიტაციაა, მასზე თავდასხმა კი, „პირდაპირ აისახება ბანკის რეპუტაციაზე“. მისივე განმარტებით არ შეიძლება, რომ ბანკი ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, „მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა“.

ხაზარაძის თქმით, ბანკის აქციონერებისა და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე, „დღეს ლონდონის ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით“. „შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად“, – წერს ის.

ხაზარაძე იმედოვნებს, რომ მისი გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე. „მე კი, მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს – ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“, – აღნიშნა მან.

ხაზარაძის განმარტებით, დაპირებისამებრ ის სამშაბათს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენას დაესწრება საქმის დეტალებს პარლამენტარებსა და საზოგადოებას გააცნობს. „ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში“, – აცხადებს ის.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში TBC ბანკის მიერ უკანონო შემოსავლების შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტზე, რომელიც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება, გამოძიების დაწყების შესახებ მიმდინარე წლის 9 იანვარს განაცხადეს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 13 თებერვალს განცხადება გაავრცელა და თიბისი ბანკის აქციონერებისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გადადგომა მოითხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button