skip to content
ახალი ამბები

პროკურატურა TBC ბანკის მიერ შესაძლო ფულის გათეთრების ფაქტს იძიებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა TBC ბანკის მიერ უკანონო შემოსავლების შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტს იძიებს. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში 9 იანვარს განაცხადეს.

მთავარი საგამოძიებო უწყების მიერ TBC ბანკიდან დოკუმენტაციის ამოღების შესახებ ინფორმაცია მედიაში 8 იანვარს გავრცელდა. პროკურატურაში გავრცელებული ინფორმაცია გუშინვე დაადასტურეს, მიმდინარე გამოძიების შესახებ დეტალები კი, მხოლოდ დღეს გაასაჯაროვეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში „TBC ბანკის, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა დაიწყო და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები“.

უწყების განმარტებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურას ივლისში გადაუგზავნა. საგამოძიებო უწყებამ გამოძიება 2 აგვისტოს დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M“-მა და „სამგორი თრეიდმა“ TBC ბანკისგან საბრუნავი თანხების შევსების მიზნით, დაახლოებით 17 მლნ ამერიკული დოლარის ოდენობის სესხი აიღეს. კომპანიებმა მიღებული თანხა იმავე დღეს სესხის სახით ფიზიკურ პირებზე – მამუკა ხაზარაძესა (TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) და ბადრი ჯაფარიძეზე (TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) გასცეს.

„2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურისავე ინფორმაციით, „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხი ისე ჩამოიწერათ, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და სესხი ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. უწყებისავე განმარტებით, შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” – ის, ვალი არც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გაუსტუმრებიათ.

პროკურატურის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში დაკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი თითქმის ყველა პირი, მათ შორის, მამუკა ხაზარაძეც. უწყების ინფორმაციით, ბანკის ხელმძღვანელი პირები საქმიანობას განრიდებულები არ არიან, გამოძიება გრძელდება და ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი მოპოვებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად გადაწყდება.

პროკურატურა საქმეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით იძიებს, რაც სასჯელის სახით ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, საკითხს ოფიციალურად TBC ბანკიც გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქმე 2008 წლის რიგით კანონიერ საბანკო ოპერაციას ეხება, რომელიც არაერთხელ იქნა შემოწმებული როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე ეროვნული ბანკის მიერ. ამასთან, ბანკში განმარტავენ, რომ ოპერაციის სისწორე არაერთხელ დადასტურდა საერთაშორისო აუდიტორების მიერაც. TBC ბანკში აცხადებენ, რომ „მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია“. საპირისპიროს ამბობს პროკურატურა, სადაც განაცხადეს, რომ „ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის“.

TBC ბანკთან დაკავშირებულ გამოძიებას 8 იანვარს ოფიციალური განცხადებით საქართველოს ეროვნული ბანკიც გამოეხმაურა. სებ-ის განმარტებით, TBC ბანკი ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, რომელსაც „ლიკვიდური და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე გააჩნია“.

„ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა“, – აცხადებენ სებ-ში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button