skip to content
ახალი ამბები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარშემო კვლავ გაუგებრობაა

მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის თითქმის მიღწული შეთანხმების შემდეგ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა. გუშინ, გვიან ღამით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა Facebook-ის საშუალებით განცხადება გაავრცელა, სადაც პროექტის შეჩერების საფრთხეზე მიუთითა.

სკანდალი დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თითქოს განმუხტა, თუმცა ანაკლიის გარშემო უცნაური მოვლენები ბოლო დროს წესად იქცა.

ღამის სკანდალი

29 მაისს, ღამით ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განაცხადა, რომ მათ მედიასაშუალებებით მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2 მაისს „ეიპიემ ტერმინალის“ შვილობილ კომპანიას – „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა მისცა.

კონსორციუმის განმარტებით, ეს ინფორმაცია მათთვის და მათი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის „შოკისმომგვრელია“, რადგანაც 21 მაისს მთავრობასთან გამართული მოლაპარაკებების დროს აღნიშნულის შესახებ არაფერი თქმულა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“, – ნათქვამია კონსორციუმის მიერ 29 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას Facebook-ის საშუალებით ანაკლიის კონსორციუმის ერთ-ერთი წარმომადგენელი და TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა. „ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა!!!“ – დაწერა მან.

დამნაშავე დასჯილია – ეკონომიკის სამინისტროს რეაქცია

კონსორციუმის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალური განმარტება დღეს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. მინისტრ ნათია თურნავას თქმით, გაცემული დოკუმენტი იყო არა სამშენებლო ნებართვა, არამედ ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე გასცა.

„როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც – ნებართვას არ აქვს მიწის მეპატრონის, სახელმწიფოს (ქონების მართვის სააგენტოს) თანხმობა. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს დოკუმენტი გაუქმდა, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან „უპრეცედენტო მხარდაჭერა“ აქვს.

„მოვუწოდებთ მას [კონსორციუმს], რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს, დაკონცენტრირდეს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა დროულად დაიწყოს“, – აცხადებს თურნავა.

კონსორციუმის პასუხი

ეკონომიკის სამინისტროს დღესვე უპასუხეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმში. კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განმარტებით, ის ფაქტი, რომ 2 მაისს გაცემული ნებართვა ამდენი ხნის მანძილზე დაფარული იყო „ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არსებობენ ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით – ხელისუფლებაში, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძვიან, რომ ხელი შეუშალონ ანაკლიის პორტის პროექტს“.

მისივე თქმით, ნებართვის გაცემამ თავისი უარყოფითი შედეგები უკვე გამოიღო და საერთაშორისო პარტნიორებისთვის სამომავლო გარანტიებთან დაკავშირებით, ნდობისა და ეჭვის მომენტი გაჩნდა. ახვლედიანის განმარტებით მთავრობამ ახლა „ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს, რომ ეს ნდობა აღადგინოს და პროცესები კონსტრუქციული მოლაპარაკებების რეჟიმს დაუბრუნდეს“.

„ჩვენ მზად ვართ, რომ მომავალი ვალდებულებებიც პირნათლად შევასრულოთ, თუმცა ამისთვის უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, რაც დამოკიდებულია მთავრობასა და ბანკებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზე“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე შეფასებით, ეკონომიკის მინისტრის განმარტება, რომ ფოთის პორტის შვილობილი კომპანიისთვის ნებართვის გაცემა, მთავრობასთან შეუთანხმებლად, სააგენტოს უფროსის მიერ თვითნებურად მოხდა, „დაუჯერებელია“.

„გამოვრიცხავ, რომ მთელი ხელისუფლების ძალისხმევა იყოს ამაზე მიმართული, ეს ასე არ არის, მაგრამ არსებობენ კონკრეტული ძალები [მათ შორის, ხელისუფლებაში], რომლებმაც ეს კონკრეტული მიზანმიმართული ქმედება განახორციელეს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება შეეფერხებინათ’, – აცხადებს ახვლედიანი.

მოკლე წინაისტორია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების საინვესტიციო ხელშეკრულების შესახებ საქართველოს მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 21 მაისს გაიმართა. შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე მოლაპარაკებების პროცესით კმაყოფილი იყო და აცხადებდა, რომ ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან შვიდზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეული იყო. ერთ პუნქტთან დაკავშირებით კი, რომელიც ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევას გულისხმობს, ალტერნატივების ძიების შესახებ კონსულტაციები გრძელდებოდა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია, რომლის მთავარი პარტნიორი TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა. პროექტის განხორციელების უფლება TBC ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის ერთობლივმა კონსორციუმმა 2016 წელს მოიპოვა. ანაკლიაში პირველი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და მშენებლობის პირველი ფაზა გასული წლის შემოდგომაზე დასრულდა.

პროექტის დასრულების ირგვლივ კითხვის ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება დაიწყო. თავად მამუკა ხაზარაძე გამოძიების დაწყებას მშენებლობას უკავშირებდა და აცხადებდა, რომ გამოძიების მიზანი პროექტიდან მისი და ბადრი ჯაფარიძის ჩამოშორება იყო. მმართველი გუნდი კი, დაწყებული გამოძიების ანაკლიის პორტის პროექტთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button