ძველი ამბები

სამეგრელოს ავტონომისტები?!

Tags

გაზ. ერთობა, 1919 წლის 28 ივნისი, N141.

საინტერესო ხანაში ვცხოვრობთ. ბევრი ისეთი მოვლენა, რომელიც უწინ გაკვირვებას და განცვიფრებას იწვევდა ჩვენში, დღეს არავის გაკვირვებას არ იწვევს, ქართულ ცხოვრებაში შემოიჭრა ისეთი მოვლენა, რომელიც, მიუხედავათ ჩვენი ყოველგვარ მოვლენისადმი თითქოს შეჩვევისა, მაინც განცვიფრებას იწვევს.

რამდენიმე თვეა, რაც სამეგრელოში დაარსდა ერთი მცირე ჯგუფი, ნაციონალ-დემოკრატების მეთაურობით, რომელმაც დღეს უკვე დაარსა თავისი საკუთარი პარტია „მაფალიუ“.

პირველ ხანებში, სანამ ამ ჯგუფს ჰქონდა მიღებული დღევანდელი მისი სახე – „პოლიტიკური“ – ამ სტრიქონების დამწერიც, როგორ ყველა ქართველი, თანაუგრძნობდა მას.  და რაც შეიძლებოდა თანაგრძნობით არ შეხვედროდა მის სიმპატიურ მიზნებს, რაიც შემდეგში გამოიხატებოდა: სამეგრელოს ყოფა-ცხოვრების ენის, ზეპირ-გადმოცემათა და მისი მდიდარი ისტორიული წარსულის შესწავლა – როგორც ხედავთ, წმინდა კულტურული მიზნები… მაგრამ, თანდათანობით, როცა ახალგაზრდობის ერთი ნაწილი დაინტერესდა ამ მიზნებით და მუშაობაც დაიწყო და ჯგუფიც გაიზარდა, მისმა მეთაურებმა, სტეფანე გაგუას ხელმძღვანელობით, ფრთხილად და ოსტატურად მისცემ ამ მიმდინარეობას „პოლიტიკური“ ხასიათი. თავის  ფარულ ზრახვებში ჩაიყოლიეს ბევრი ახალგაზრდა, მიუხედავად მისი პარტიული შემადგენლობის სხვადასხვაობისა „მაფალუს“ ერთი ნაწილი დღეს მოითხოვს კულტურუ-„ეროვნულ“ ავტონომიას და სკოლებში მეგრული ენის სწავლის (?!) შემოღებას, მეორე ნაწილი კი, არ კმაყოფილდება ამით და მოითხოვს ტერიტორიულ-პოლიტიკურ ავტონომიას! „მაფალუს“ წევრებმა უკვე დაიწყეს სიარული ხალხში და წმინდა პროვოკატიული მუშაობა – ქართველ მოძმეთა შორის შუღლისა და მტრობის თესვა. ერთს დროს საქართველო და ქართველი ხალხი უფსკრულის პირამდე მიიყვანეს ფეოდალებმა თავისი, ერის ორგანიზმის მოწამვლა, შხამიანი მუშაობით. დღეს ამასვე სჩადის ხსენებული ჯგუფი. სამეგრელოს ხალხი შორს არის ყოველგვარი „კუთხური ნაციონალიზმისგან“, მაგრამ მის გარშემო ხელოვნურათ აბამენ ობობას ქსელს.

ეს მიმდინარეობა არა მარტო პათოლოგიური მოვლენაა, ის თანაც წმინდა რეაქციონური და კონტრ-რევოლუციურიცაა. ჩვენ მივაქცევთ ჩვენი მეგრელი ამხანაგების ყურადღებას ამაზედ და ამაზედ მოვუწოდებთ მასთან, როგორც ასეთთან, მკაცრ ბრძოლისთვის.

უნდა აღვნიშნო აგრეთვე ის გარემოება, რომ გიმნაზიაში ბატონმა სტეფანე გაგუა მოსწვალეებს მეგრულად ასწავლის და როგორც გავიგე მეგრელსა და გურულებს ჯგუფებად ჰყოფს. იმასაც ლაპარაკობენ, რომ თითქოს მას ფარული დირექტივები მიუცემია დირექტივები ამ მხრივ თავის თანამოაზრე სოფლის მასწვალებელთათვის…

დასასრულს, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ „მაფალუს“ პარტია საჭიროებს და ეძებს ავტორიტეტულ პირებს, რომელთაც ხალხში გავლენა აქვთ, და  ისინიც ასახელებენ მთელს რიგ გამორჩეულ ამხანაგებისას – დამფუძნებელი კრების წევრებს,  – რომელთაც, რასაკვირველია, არავითარი დამოკიდებულება ამ „პარტიასთან“ არ აქვთ. მე ფადაჭრით ვამბობ, რომ მათი სახელებით სარგებლობენ ვაჟბატონები, რითაც ხალხში ერთგვარ ინტერესს ჰქმნიან თავიანთ პროვოკატიულ საქმისადმი.

ყველაფერი იწყება პატარა რამიდან, და ეს „პატარა რამე“ შეიძლება მომავალში ისეთ ფაქტორად გადაიქცეს, რომელიც დიდ საფრთხეს უმზადებს მთელ ქართველ ხალხს. ამიტომ შესაფერი ღონისძიებანი უნდა იქნეს მიღებული.

შ. ჩოჩია

Related Articles

Back to top button