skip to content
ახალი ამბები

მეოთხე დღეა დასავლეთ საქართველოში ძლიერ ქართან გამკლავებას ცდილობენ

უკვე მეოთხე დღეა, რაც სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონებში ძლიერ ქართან გამკლავებას ცდილობენ. სტიქიის შედეგად, დაზიანებულია ასობით საცხოვრებელი სახლი და ელექტროენერგიის ბოძები, წაქცეულია ხეები.

სამეგრელოს რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 13 იანვრის ცნობით, ძლიერი ქარის შედეგად სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის, 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. გარდა ამისა, სტიქიისგან გამოწვეული დაზიანებების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს.

ამავე ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი სრულად გადახადა. სახლის დანგრევის საფრთხის გათვალისწინებით, ოჯახი ადგილობრივ სასტუმროში გადაიყვანეს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაშალეს ზუგდიდის ცენტრში მდგარი ნაძვის ხეც.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გარდა გარეთ გამოსვლისგან თავშეკავებისკენ, საჭიროების შემთხვევაში კი – მუნიციპალოტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე დარეკვისკენ მოუწოდა.

„მუნიციპალური სამსახურებისა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფების მიერ მინდინარეობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობა“, – აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში.

იმერეთის რეგიონი

იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ძლიერი ქარის შედეგად სხვადასხვა ტიპის პრობლემებია 12-ვე მუნიციპალიტეტში. კერძოდ, რეგიონში 567 შენობას ნაწილობრივ ან სრულად აქვს სახურავი გადახდილი. მათგან 333 კერძო , 176 მრავალბინიანი სახლია, 39 სახელმწიფო, 19 კი – ბიზნეს ობიექტია.

ამასთან, მოსახლეობის ნაწილს კვლავ შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. „პრობლემების მოგვარების მიზნით სამუშაო ჯგუფები მთელი დღის მანძილზე მუშაობენ“, – აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ მოქალაქეებს დღეს, ძველით ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით პიროტექნიკის გამოყენებისგან თავის შეკავებაც ურჩია.

გურიის რეგიონი

ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები გურიაშიც, ასევე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი.

ძლიერ ქარს ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეც ემსხვერპლა ლანჩხუთში. „გრიგოლეთი-სამტრედიის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ლესაში ქარმა ხე მოგლიჯა. ამ დროს გზაზე გადაადგილდებოდა ავტომობილი. ავტომობილს ხე დაეცა, სამწუხაროდ, დაიღუპა ახალგაზრდა კაცი. დაშავებულები არ არიან“, – უთხრა ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთს“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button