skip to content
ახალი ამბები

მმართველ გუნდში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს აფასებენ

პარლამენტის წინ მიმდნარე აქციას, სადაც რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტისვისტები და ოპოზიციის ნაწილი საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის ფარგლებში რუსი კომუნისტი დეპუტატის ვიზიტს აპროტესტებს, მმართველი გუნდის ლიდერები აფასებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და სავარაუდოდ, პარლამენტის მომავალმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, თბილისში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები გუშინ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში შეაფასა. მან რუსი დეპუტატის საქართველოში სტუმრობას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს „შეცდომა“ უწოდა და განმარტა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ინციდენტი ამოწურულიყო.

„შეწყდა კონფერენცია და რუსმა დეპუტატებმა დატოვეს საქართველოს ტერიტორია. პრაქტიკულად იმ დღესვე ეს ინციდენტი იყო ამოწურული. ასევე ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღო სრული პასუხისმგებლობა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადამდგარიყო“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, უკვე შემდეგ, საზოგადოების სამართლიანი პროტესტითა და მშვიდობიანი მანიფესტაციით, „გარკვეულმა ძალებმა“ ისარგებლეს და ისინი „ახალგაზრდების პროტესტით და მათი ემოციით“ სარგებლობის გზით, ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ.

„რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებენ, არის მარტივი დასანახი და შესაფასებელი – ისინი ცდილობენ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და პოლიტიკური დივიდენდები აიღონ ახალგაზრდების ხარჯზე“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მოთხოვნებს, თალაკვაძის განცხდებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და ამას „აქციები არ სჭირდება“.

„ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო განხილვა იქნება, ამაზე ინიციატივა მოქალაქეების ხელმოწერებით ოპოზიციასაც აქვს შემოტანილი… ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ ამის გამო აქციების გამართვას და მთავარ დევიზად ამის გახდას… ამასთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ, რომ პოლიტიკურ სამუშაო ფორმატებში ვიმსჯელოთ“, – განმარტა თალაკვაძემ.

შს მინსიტრის გადადგომის შესახებ მოთხოვნის საპასუხოდ, თალაკვაძემ განმარტა, რომ ოპონენტები ხაზს უსვამენ, რომ ის პოლიტიკური ფიგურაა და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. „ჩვენ გპასუხობთ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქართულმა ოცნებამ უკვე აიღო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება“.

მანვე სამართალდამცველების მხრიდან აქციის ძალისმიერი მეთოდების დაშლის ფაქტიც შეაფასა და განაცხადა, რომ „ოპოზიციის უპასუხისმგებლო პროვოკაციებით“, აქციის მონაწილეების ნაწილი ორი საათის განამავლობაში პოლიციელებს „ხელკეტებს ურტყამდა“ და „პოლიციის კორდონს არბევდა“. მისივე შეფასებით, , „ორსაათიანი თმენის რეჟიმის“ შემდეგ, როდესაც უკვე „შეუძლებელი იყო ამ აგრესიის შეკავება, „პოლიციამ დამატებითი საპოლიციო მოქმედებები გამოიყენა“.

მისივე განმარტებით, სამართალდამცველების ქმედებები „ლეგიტიმური“ იყო. რაც შეეხება ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევებს, თალაკვაძემ განაცხადა – „შესაძლო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, შსს-მ გუშინვე დააფიქსირა პოზიცია, რომ თითოეული ასეთი ფაქტი იქნება შესწავლილი და ეს პროცესი დაწყებულია“.

მისივე განმარტებით, ქართული ოცნებაა სწორედ ის ძალა, რომელიც ახალგაზრდა, მომავლის ხედვის მქონე წარმატებული ადამიანებისთვის კარს ხსნის და პოლიტიკურ პროტესტებსა და პოლიტიკურ სისტემაში მათ ჩართულობას მიესალმება.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველანაირად იმას, რომ ახალმა თაობამ შექმნას ახალი პოლიტიკური კლასი და მათ არჩევნების გზით და საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში იპოვონ თავისი ადგილი და თავისი წარმომადგენლობა, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესში და მომავალი არჩევნების შემდგომ პარლამენტშიც“, – განაცხადა მან.

დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გუშინ ვიდეომიმართვის ჩართვის საშუალებით ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა. მან რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტს ასევე „დიდი შეცდომა“ უწოდა, რაზეც, როგორც თავადვე განმარტა, სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„ჩვენი მხრიდან ამას უკვე ჰქონდა რეაგირება, პარლამენტის თავმჯდომარემ დატოვა თანამდებობა, ასევე დეპუტატის მანდატი [ზაქარია ქუცნაშვილმაც] დატოვა, რომელიც უშუალოდ ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო“, – განაცხადა კალაძემ.

მანვე თბილისში შემოდგომ განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა იმ „დესტრუქციულ პოლიტიკოსებს“ დააკისრა, ვინც, როგორც თავადვე აღნიშნა, „პირდაპირ მოუწოდებდა ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს შტურმისკენ და პარლამენტის აღებისკენ“.

„ეს იყო ძალიან მძიმე და რა თქმა უნდა ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან. ძალის გადამეტების ცალკეული ეპიზოდები თუ არსებობს, ჩვენ მოვისმინეთ შსს-სა და პროკურატურის განცხადებები, რომ ამაზე დაწყებულია მოკვლევა და ეს ყველაფერი არ დარჩება რეაგირების გარეშე“, – განმარტა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

მისივე განცხადებით, „თანამდებობას ან სკამს [არავინ] არის გამოკიდებული“, მაგრამ ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. „ხელისუფლების გადატრიალება და დამხობა დაუშვებელია, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე“, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტის პოზიცია

ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პოლარიზაციის შეამცირებლად“, ის მზად არის „ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს, რომელსაც არ აქვს დესტაბილიზაციისკენ მიმართული მოწოდებები და იდეები“.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო სტაბილურობის კერას წარმოადგენს, შესაბამისად, ადვილი მისახვედრია ვის აწყობს საქართველოში ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 22 ივნისს გავრცელებულ განცხდებაში.

ასევე ნახეთ:

23/06/2019 – საქართველოში ჩამოსული რუსები პუტინის ბრძანებას უგულებელყოფენ;

23/06/2019 – შსს დემონსტარნტებს აფრთხილებს, აქციის ორგანიზატორები კი, პროვოკაციებზე საუბრობენ;

21/06/2019 – შსს: სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილეა დაკავებული;

21/06/2019 – პუტინი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას კრძალავს და ტურისტების გაყვანის დავალებას იძლევა;

21/06/2019 – საქართველოს პრეზიდენტმა 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა;

21/06/2019 – „ნუ გვესვრი!“ – ჟურნალისტების პროტესტი თბილისსა და რეგიონებში;

21/06/2019 – შსს: სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილეა დაკავებული;

21/06/2019 – არასამთავრობოები: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებაა;

21/06/2019 – ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს;

21/06/2019 – ჯანდაცვის სამინისტრო: საპროტესტო აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა;

20/06/2019 – პოლიციამ აქცია ცრემლსადენი აირითა და რეზინის ტყვიებით დაშალა;

20/06/2019 – არასამთავრობოები ხელისუფლებისგან პრორუსული ძალების „ფორსირებულ შეტევაზე“ დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ;

20/06/2019 – „სირცხვილია“ – ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტთან;

20/06/2019 – პარლამენტში რუსი დეპუტატის ქმედებას მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button