Placeholder canvas
ახალი ამბები

„სირცხვილია“ – ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტთან

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავს სახელწოდებით – „სირცხვილია“.

პარლამენტის წინ შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანი დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე რუსული დელეგაციის დასწრებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვნელებზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აანონსებენ.

მოვლენების ქრონოლოგია

პროტესტი დღეს დილით მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათაღბიროს დეპუტატმა კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვმა, რომელიც იმავდროულად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან ასამბლეის დელეგატებს მიმართა.

რუსული დელაგაციის საქართველოში ვიზიტს პირველებმა ბოიკოტი პარტია ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გამოუცხადეს. დღეს კი მათ პარლამენტში რუსული დელეგაციის ვიზიტი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჯდომა გააპროტესტეს. ოპოზიციის წარმომადგენლები შესვენების დროს სხდომათა დარბაზში შევიდნენ, სპიკერის ტრიბუნა დაიკავეს და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას სხდომის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცეს.

საპარლამენტოს ოპოზიციის პროტესტს მალევე არასაპარლამენტო ოპოზიცია, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ და პარლამენტის შენობის წინ შეკრება დაიწყეს.

მმართველი გუნდის გამოხმაურება

მოგვიანებით ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტში რუსი პარლამენტარის ქმედება დაგმეს და ეს ფაქტი პროტოკოლური შეცდომით ახსნეს.

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღესვე ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების სახელით, სადაც მომხდარი დაგმო და მას „აღმაშფოთებელი შეცდომა“ უწოდა.

„რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს. ბუნებრივია, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ. „ჩვენ უკვე 17 საუკუნეა ვართ მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები და ცხადია, ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის“.

მისი თქმით, „დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს, ამ ფორმით და მით უმეტეს, რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება“.

„დღეს, საზოგადოებაში და ჩვენს გუნდში არის სრული კონსესუსი მომხდართან დაკავშირებით… მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდის დარტყმის ქვეშ დააყენა“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ორგანიზატორებს „აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა“.

პარლამენტის წინ აქცია გრძელდება. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. ხელისუფლების წარმომადგენლებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაუკეთებიათ.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button